ნეტგაზეთი • RU

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი შენობა ბათუმში

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმში ახალ ადმინისტრაციულ შენობას ააშენებს. შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია და სავარაუდო თანხა 1,2 მილიონ ლარზე მეტია. 

 

ტენდერში გამარჯვებულმა სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს ადმინისტრაციული შენობა ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში უნდა ააშენოს. შენობის ვიზუალის ფოტო და ტექნიკური მახასიათებლები თან ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას. შენობა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ [პორტთან ახლოს, რკინიგზაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელ ხიდთან] აშენდება.

მიმწოდებელი პასუხისმგებელია უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეებისა და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა; მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;  ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან; სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით სამი დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ.

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო პროცესში ჩართული საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის და მუშა-მოსამსახურეების შემადგენლობა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებით არანაკლებ 70% -ის ოდენობით.

ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტთა წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს შეწყდება.

ადმინისტრაციის შენობა /სატენდერო დოკუმენტაციიდან/

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე