სიახლეები

არჩევნები უნივერსიტეტში – კანდიდატების კომენტარები

03.04.2015 •
არჩევნები უნივერსიტეტში – კანდიდატების კომენტარები

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთ-ერთი კანდიდატი რამაზ ხალვაში პირველი იყო დღეს, ვინც არჩევნებზე ხმა მისცა.

„ვფიქრობ, ყველაზე მეტი შანსი მე  მაქვს და მინდა საქმე წავიდეს წაღმა, როგორც არჩევნებზე, ისე უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი თავისუფალ ნებას  გამოხატავს. დღევანდელი მდგომარეობის სიმბოლოა რექტორის  კაბინეტში გაჩერებული საათი და ვფიქრობ დღეს საღამოს ეს საათი ამოქმედდება და დაიწყება ახალი ერა უნივერსიტეტში“ – განაცხადა რამაზ ხალვაშმა.

 

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მე ხმა მივეცი ევროპულ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების უზრუნველყოფას უნივერსიტეტში. იმედი მაქვს, ჩემი ყველა კოლეგა შეინარჩუნებს ღირსებას და ხმას მისცემს ყოველგვარი კარნახის გარეშე“ – განაცხადა მალხაზ ნაკაშიძემ.


„უნივერსიტეტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, პიველად ვატარებთ საყოველთაო არჩევნებს. ყველა კანდიდატი ღირსეულია და ჩემი არჩევის შემთხვევაში უნივერსიტეტში დაიწყება ახალი ეტაპი,  რასაც ჰქვია განვითარება, სტაბილურობა და ხარისხი. ვფიქრობ, რომ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სიმპათია გადმოიხრება ჩემკენ“ – განაცხადა ირაკლი ბარამიძემ.


საკუთარი არჩევანი დააფიქსირა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატმა ვლადიმერ ბალაძემაც.


„ამ არჩევნებმა შეიძლება უდიდესი როლი ითმაშოს ჩვენი უნივერსიტეტის  ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კანდიდატურას, ვინც იბრძოლებს ამ დიდი ფუნქციისა და მისიის შესრულებისთვის, რომელიც ქართველმა ერმა დააკისრა ბათუმის უნივერსიტეტს.  მე იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს ჯანსღი ძალა, რომელიც იბრძოლებს სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლებაზე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადებისთვის.  ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანს და თუ კი გავიმარჯვებ, ვიბრძოლებ ამ მიზნისთვის ჩემს კოლეგებთან ერთად”- განაცხადა ვლადიმერ ბალაძემ.

 

საარჩევნო კომისიის წევრების თქმით, 13 საათისთვის ამომრჩეველთა მთლიანი ოდენობის  50 პროცენტზე მეტმა, 163-მა ადამიანმა  მისცა უკვე ხმა სასურველ კანდიდატს. იმისთვის, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები შედგეს,  50%ზე მეტმა, ანუ 157-მა ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა. 


გადაბეჭდვის წესი