სიახლეები

პატიმრების წამებაში ბრალდებულები

02.04.2015 • 3233
პატიმრების წამებაში ბრალდებულები

ბრალდებული გიორგი ვეკუა/ფოტო მანანა ქველიაშვილი

პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით, საქმეზე სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა ითხოვა: “საქმეში ასზე მეტი დაზარალებულია, ისინი მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხონ. თუ მოსამართლე შეიცვალა საქმეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გამოძიება თავიდან უნდა დავიწყოთ, რომ არ შეეშალოს ხელი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ვითხოვ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნას“.


პროკურორი ირაკლი გაჩეჩილაძე

პროკურორის მოთხოვნამ მოსამართლე დავით მამისეიშვილი გააღიზიანა: “თქვენ, ბატონო პროკურორო, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ჩემი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერების ან სადმე გადაყვანის შესახებ? ან რამდენ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნას ითხოვთ, ერთის, ორის, სამის… ვინ წარმოგიდგენიათ სათადარიგო მოსამართლედ? ან იცით როდის მეწურება მოსამართლის უფლებამოსილების ვადა? ეს ვადა მე 2018 წლამდე მაქვს“.

მოსამართლემ პროკურორს უთხრა, რომ “მოსაზრების დაფიქსირება შეუძლია ქუჩაში“ და არც მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ამის შემდეგ ბრალდებულ ზაზა ჯიქიას ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ ბრალდებულისთვის პასპორტის დაბრუნება მოითხოვა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ბრალდებულს სესხი დოლარში აქვს და ლარში სურს გადატანა, მაგრამ იმის გამო, რომ მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ამას ვერ ახერხებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულს პასპორტს დაუბრუნებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი, გაეგზავნება სასამართლოს განკარგულება, რომლის მიხედვითაც ჯიქიას საზღვრის დატოვება აეკრძალება. მოსამართლემ თქვა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება შეუმსუბუქებს მდგომარეობას ბრალდებულს, მით უფრო მაშინ, როცა მხარეები ამაზე თანხმდებიან, სასამართლო სადამსჯელო ორგანო ვერ იქნება.
სასამართლომ ორი დაზარალებული მოწმის სტატუსით გამოკითხა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა გიორგი ვეკუა ვერ ამოიცნო და გვარ- ვეკუას მაგივრად გეკუა დაასახელა.

მოწმე ე.მ-ს ჩვენებიდან: „29 წლის ვარ, 2007 წელს მოვხდი ციხეში. 2009 წელს დაიძაბა მდგომარეობა მე-3 საპყრობილეში. მე თუ დავაშავე, ციხეში ვიჯექი, თუმცა აი ისინი [ხელს ბრალდებულებისკენ უთითებს] მცემდნენ, მაყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ნევროზი დამემართა, მქონდა სხეულზე დაჟეჟილობა. ექიმი ყურადღებას არ მაქცევდა, ვითმენდით ტკივილს. ერთხელ იმიტომ მცემეს, რომ ჩემს საკანში მყოფს კენჭის გავლა ჰქონდა და ექიმი მოვითხოვე. დუბინკები მირტყეს სახეში… ფილტვებში წყალი ჩამიდგა. ანაზღაურებას ვითხოვ, ჩემი ჯანმრთელობა მინდა გამოვიკვლიო… რატომ არიან ესენი გარეთ, ამიხსნით?… რომ გვაწამებდნენ, ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელს არ ვეუბნებოდით, არც ადვოკატისთვის მითქვამს არაფერი”.
მოწმე დ.ჩ-ს ჩვენებიდან: „ვხედავ ნათესავები არიან ბრალდებულების დარბაზში, უხერხულია… მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, მე ამ ტკივილის დავიწყებას ვცდილობ. გვცემდნენ, მესმოდა როგორ ყვიროდნენ პატიმრები, როგორ სცემდნენ მათ, მესმოდა, მაგრამ ვერ ვხედავდი“. 

ბრალდებულის ადვოკატი სოსო ჯალაღონია: „რა იცი, რომ პატიმრებს სცემდნენ, ხედავდი?
მოწმე: “აბა, ციხის თანამშრომლები სცემდნენ ერთმანეთს? ყველას, ვინც ციხეში იყო მაგ დროს, შეგიძლიათ ჰკითხოთ”.
სოსო ჯალაღონია: “რით ადასტურებთ, რომ თქვენ გცემდნენ?“
მოწმე: „მოიკითხეთ ყველასთან, ვინც 2009 წლის 30 ნოემბერს კამერა №42-ში იყო, გეტყვიან, როგორი შემიყვანეს საკანში, მე როგორ უნდა დავადასტურო, ნაცემი რომ ვიყავი, მაგის დოკუმენტს მე ციხეში არ მაძლევდნენ“.
სოსო ჯალაღონია: „თქვენი ოჯახის წევრებს უყვებოდით იმის შესახებ, რომ გაწამებდნენ?“
მოწმე: „ჩემ ადგილზე თქვენ მოუყვებოდით დედას, რომ გაწამებდნენ? 75 წლის არის დედაჩემი, მას შეიძლება გული გახეთქოდა”.
სოსო ჯალაღონია: „ცოლისთვისაც არ მოგიყოლიათ? აბა, როგორ დავიჯერო მე, რომ თქვენ გაწამებდნენ, რით ადასტურებთ?“
მოწმე: „ცოლს რა, გული არ აქვს?“
სოსო ჯალაღონია: „ობშიაკები გროვდებოდა ციხეში? პატიმრები თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს ან მაყურებელი გყავდათ?”
მოწმე: “სად ციხეში? არა, რას ბრძანებთ”.
ბრალდებული გიორგი ვეკუა:“თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ ქურდულ სამყაროსთან?”
მოწმე: „მე არც კრიმინალი ვარ და არც კანონიერი ქურდი”.
მხარეებს შორის დიალოგი (საქმის მიხედვით, წამებაში ბრალდებულები, ხოლო მეორე მხრივ, წამების მსხვერპლები), მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ნერვიულად კანკალებდა, ზედმეტი დაბაძულობის გარეშე ჩაიარა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურორმა თქვა, რომ გამოძახებული ჰყავდა მესამე მოწმე, რომელიც სასამართლოს ჰოლში მანდატურებმა ვერ იპოვეს, ამიტომაც სხდომა ამჯერად ბრალდების მიზეზით გადაიდო. “ასე, ბატონო პროკურორო, 22 წელიც არ გვეყოფა და 23 დაგვჭირდება ამ საქმის განსახილველად“, – უთხრა მოსამართლემ პროკურორს.

ბრალდებულები ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა

მე-3 საპყრობილის ყოფილ ხელმძღვანელს – გიორგი ვეკუასა და მის მოადგილეს ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის კოდექსის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ და ზ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, რაც კანონში ასეა განმარტებული: „პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს… სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ”.

პატიმრების წამებაში ბრალდებულები სასამართლო

ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: