ნეტგაზეთი • RU

როგორ აისახა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა აჭარის მთავრობაზე

 

პრემიერის მოწოდებაზე „ქამრების შემოჭრასთან“ დაკავშირებით არამხოლოდ აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში, არამედ თვითმმართველ ორგანოებშიც იმსჯელეს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობა ქამრებს ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში შემოიჭერს და ცვლილება სახელფასო-საპრემიო პოლიტიკას არ შეეხება. სად წავა დანაზოგი? – ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ დანაზოგი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება. ეს იმ ფონზე, როცა მერია სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ მილიონობით ლარს წლიდან წლამდე ვერ ხარჯავს. 

 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

გასულ კვირას „ქამრების შემოჭერის“ არგუმეტით ბათუმის მერიამ შესყიდვების გეგმიდან რამდენიმე თავი ამოიღო, რამდენიმე თავში გათვალისწინებული თანხა კი შეამცირა და შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტშიც შეიტანა: მერია აღარ შეიძენს სამზარეულოს ჭურჭელს, მტვერსასრუტს და წყლის მაღალი წნევის ტუმბოს, რის შედეგადაც 4700 ლარი დაიზოგება. ასევე, ბათუმის მერია აღარ დაბეჭდავს საინფორმაციო ბუკლეტებს, უარს იტყვის თანამშრომელთათვის სატრენინგო მომსახურების შესყიდვასა და საინფორმაციო სააგენტოებიდან ინფორმაციის მიღებაზე. ამ ნაწილში კი ჯამში 17 800 ლარი დაიზოგება.

 

მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, მცირდება წარმომადგენლობითი ხარჯებიც, საწვავის, სატელეფონო და მივლინებების ნაწილში. საერთო ჯამში კი, მერია ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში  123  300 ლარს დაზოგავს.

 

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მითითებას ქამრების შემოჭირაზე ბათუმის საკრებულოშიც დაემორჩილენ. საკრებულოს აპარატის უფროსის, პაატა მგელაძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციით, ბათუმის საკრებულო ადმინისტრაციული ხარჯებიდან 135 000 ლარს დაზოგავს. თანხა მოაკლდება საოფისე, რბილი ავაჯის შესაძენად, ტრანსპორტის ექსპლუატაცია-მოვლის, ასევე საქონლით მომსახურებისა და სხვა ხარჯებს. ბათუმის საკრებულოს წევრებს კი ტელეფონით საუბრის ლიმიტი 90 ლარიდან – 50 ლარამდე შეუმცირდათ. პაატა მგელაძის განმარტებით, ამ თანხის დაზოგვით საკრებულოს ეფექურად მუშაობას ხელი არ შეეშლება.

 

სხდომა აჭარის მთავრობაში
სხდომა აჭარის მთავრობაში

ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე აჭარის მთავრობაშიც იზრუნეს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ანალიზის სამსახურის უფროსის ლია ბერიძის თქმით, ცვლილება პროგრამულ ნაწილს არ შეეხება და თანხას ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯებიდან დაზოგავენ: “ჩვენი ბიუჯეტის 70 პროცენტი პროგრამებზეა მიმართული. თავის დროზეც შეზღუდული გვქონდა რესურსი ადმინისტრაციულ ხარჯებში, თუმცა ახლა კიდევ ერთხელ გადავხედეთ და შევეცდებით, რომ მივლინებები, საქონლით მომსახურება იქნება ეს თუ სხვა, მაინც კორექტირება შევიტანოთ.”

 

ამავე უწყების მთავარი ფინანსისტის ნონა გალოგრეს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო 21 000 ლარის დაზოგვას გეგმავს, მათ შორის 7500 ლარი წარმომადგენლობითი ხარჯია:

 

„ეს პირველი კვარტლის მიხედვით, წლის განმავლობაში შეიძლება უფრო მეტიც შევამციროთ, თანხ ტენდერების შედეგადაც დაიზოგება“, – განმარტავს ნონა გალოგრე.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს წერილობით მიმართა.

 

„მათ უნდა წარმოადგინონ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ხედავენ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას და ჩვენ მათგან ველოდებით პასუხებს“, – ამბობს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თამუნა დიასამიძე.

 

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გეგმავენ აჭარის განათლების, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროში: „ჩვენ უკვე მოვამზადეთ პროექტი, ამ დროისათვის უკვე შევამცირეთ ბიუჯეტი სამი პროცენტით – ეს არის დაახლოებით 48 800 ლარი, ცვლილება შეეხო სამივლინებო, წარმომამდგენლობით ხარჯებს და ასევე საწვავს. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ გასულ წელსაც დავზოგეთ თანხა“.

 

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქამრების შემოჭერაზე“ განკარგულება (# 422) 2015 წლის 6 მარტს გამოსცა, რის შემდეგაც გახმაურდა მისი ადმინისტრაციული ხარჯებისა და ავეჯის შეძენის შესახებ ინფორმაცია. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის კურსის ვარდნისა და აღიარებული კრიზისის ფონზე პრემიერის გადაწყვეტილება გაამართლა. ამ ფონზე რამდენად შეასრულებენ პრემიერის დავალებას მასზე დაქვემდებარებული უწყებები, ამას „ბათუმელები“ ეტაპობრივად დააკვირდება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე