სიახლეები

აჭყვისთავში მოსწავლეებმა შიმშილობა განაახლეს

25.03.2015
აჭყვისთავში მოსწავლეებმა შიმშილობა განაახლეს

აჭყვისთავის სკოლის ოთხმა მოსწავლემ 18 მარტს განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებდნენ, თუმცა აქცია იმ დღესვე შეწყვიტეს,  დღეს კი მოსწავლეები ისევ სკოლასთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ შიმშილობდნენ.

აჭყვისთავის სკოლის მასწავლებელი ხათუნა მენაბდე გამოცდაზე ჩაჭრილი ერთ-ერთი მოსწავლის დედაა.  კონფლიქტი აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ექსტერნის გამოცდებს მოჰყვა. რამდენიმე მოსწავლემ განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა შორენა მენაღარიშვილმა მათ შეცდომით შემოახაზვინა გამოცდის დროს პასუხები, რის გამოც ისინი გამოცდაზე ჩაიჭრნენ.

გამოცდების შედეგებს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა სკოლის დირექტორსა და ხათუნა მენაბდეს შორის, რაც, სკოლის დირექტორის განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და პედაგოგმა დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც პედაგოგი, ხათუნა მენაბდე უარყოფს. დირექციამ ხათუნა მენაბდე სკოლის დისციპლინური საბჭოს ოქმის, შრომის შინაგანაწესისა და მასწავლებლის პროფესიული კოდექსის დარღვევის  საფუძველზე დაითხოვა.

ექსტერნის გამოცდაზე ჩაჭრილმა მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა აჭარის განათლების სამინისტროს მიმართეს განცხადებით, შეესწავლათ მათი საკითხი. სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე მჟავანაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ სამინისტრომ საქმე შეისწავლა:

„სამინისტრომ დაასრულა ინპექტირება, რომელიც განხორციელდა მოსწავლეებისა და მათი მშობლების განცხადების საფუძველზე, განცხადებას ახლდა მოსწავლეების განმარტებითი ბარათიც, სადაც გამოთქვამდნენ თავიანთ შენიშვნებს. ექსტერნის გამოცდაზე არიან კომისიის სხვა წევრები, პედაგოგები… ყველა ამბობს, რომ ასეთი ფაქტი [დირექტორის მხრიდან კარნახი] არ ყოფილა. ექსტერნის გამოცდა სულ 11 იყო და რამდენიმე გამოცდაში ამ მოსწავლეებს ჰქონდათ მიღებული არადამაკმაყოფილებელი შედეგი. ექსტერნის გამოცდებში თუ ერთი მაინც არადამაკმაყოფილებელი ნიშანი მიიღო მოსწავლემ, სხვა გამოცდებში, მაღალი ქულებიც რომ მიიღოს, გამოცდები არ ითვლება ჩაბარებულად. მოსწავლეებს პრეტენზია ჰქონდათ, რატომ გაგვიყვანეს სხვა გამოცდებზე, თუ მანამდეც ჩაჭრილები ვიყავითო, მაგრამ სკოლას არ ჰქონდა უფლება აეკრძალა მათთვის შემდეგ გამოცდაზე გასვლა.“

ალექსანდრე მჟავანაძემ განაცხადა, რომ დღეს თავადაც იმყოფებოდა აჭყვისთავში და ესაუბრა სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. მისი თქმით, დღეს აჭყვისთავში იმყოფებოდა სოციალური აგენტიც, რომელმაც მოსწავლეების მშობლები გააფრთხილა, რომ ისინი აგებდნენ პასუხს ბავშვების უსაფრთხოებაზე.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.