ნეტგაზეთი • RU

ხულოს რესურსცენტრი: ფილმის ჩვენებას არც ერთი ხულოელი მოსწავლე არ დასწრებია

 

”ხულოს მუნიციპალიტეტის არც ერთი მოსწავლე ამ ფილმის ჩვენებას არ დასწრებია”, – ამბობს ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე. მისივე თქმით, ერთადერთი მოსწავლე, რომელიც მას ადგილზე მისულს შეხვდა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს სკოლის მე-12 კლასელი მირზა დიასამიძე იყო. საუბარია ენმ-ის საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენებაზე, რომელიც დღეს ხულოში გაიმართა. გასულ კვირას იმავე ფილმის ჩვენება გაიმართა სამეგრელოში, რაც მოსწავლეების დასწრების გამო კვირის სკანდალად იქცა.

 

ფილმის ჩვენება 12 საათზე ხულოს თეატრის შენობაში მოეწყო. ედუარდ მიქელაძის თქმით, ის ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ”ამ დროს ყველა მოსწავლე სკოლაშია. შეხვედრაზე არასრულწლოვნები არ ყოფილან, რადგანაც ეს სკოლის სამუშაო პერიოდია. მირზა დიასამიძემ მითხრა, რომ ის სტუმრად იყო ხულოში ამოსული და უბრალოდ შემოიარა. ამის გარდა, იქ იყო კიდევ ორი ახალგაზრდა, რომელთაც „რუსთავი2“-მა ჩამოართვა ინტერვიუ და რომლებმაც მითხრეს, რომ ისინი აქაურები არ იყვნენ და რომ მათ სკოლა დიდი ხანია დამთავრებული ჰქონდათ”, – ამბობს ის.

 

ედუარდ მიქელაძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორები გაფრთხილებულნი იყვნენ თავიდანვე, რომ მოსწავლეები ასეთ ჩვენებებზე არ გაეშვათ. ”თავიდანვე, როცა აგორდა ეს სკანდალინ მე გავაფრთხილე სკოლის დირექტორები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისინი ისედაც არ გაუშვებდნენ ბავშვებს ასეთ შეხვედრაზე”, – ამბობს ის.

 

ფილმის ჩვენების ორგანიზატორი ორგანიზაცია ”თავისუფალი მოქალაქის” წარმომადგენელი მერაბ ღოღობერიძე იყო: ”ჩემი ორგანიზებულია ფილმის ჩვენება. მას ესწრებოდნენ მოქალაქეები, ხულოს თეატრის დარბაზი ვიქირავეთ ოფიციალურად. პოლიცია და ადმინისტრაცია გავაფრთხილეთ, რომ შესაძლოა პროვოკაციას ჰქონოდა ადგილი და გვქონდა ამის შესახებ ინფორმაცია. ადამიანებს მე პირადად ვხვდებოდი, ვნახე ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც გავაჩერე, მოვთხოვე მათ პირადობები და მათ მითხრეს, რომ ნამდვილად სრულწლოვნები იყვნენ”.

 

 

მერაბ ღოღობერიძის თქმით, მან 17-წუთიანი ფილმის ჩვენებისთვის ხულოს თეატრის დარბაზი ნახევარი საათით იქირავა, რისთვისაც, 41 ლარი საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა.

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.