სიახლეები

ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას სტადიონის დაწუნებულ პროექტს სთავაზობს

18.03.2015 • 2951
ნაციონალური მოძრაობა აჭარის მთავრობას სტადიონის დაწუნებულ პროექტს სთავაზობს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი ბათუმში

 გუშინ, 17 მარტს, აჭარის მთავრობამ გამოავლინა გამარჯვებული პროქტი, რომლის მიხედვითაც 2017 წლამდე ბათუმში სტადიონი უნდა აშენდეს. პროექტი ესპანურ კომპანიას IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L“-ს ეკუთვნის.

დღეს,18 მარტს, გიორგი კირთაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სტადიონის გამარჯვებულ პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გამარჯვებული ესპანური პროექტი 2010 წელსაც იყო ბათუმის მერიაში წარდგენილი. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ეს ძვირადღირებული პროექტია და თავის დროზე მათ პროექტი სწორედ ამ მოტივით დაიწუნეს.

„ის სტადიონის პროექტი, რომელიც გუშინ გამარჯვებულად გამოავლინეს, სულაც არ არის ახალი. მაშინ ქალაქის მერიას ჰქონდა ამ კომპანიის წარმომადგენლებთან საუბარი და პროექტის ავტორები ამ სტადიონის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულებად დღგ-ს გარეშე ასახელებდნენ 70 მლნ ევროს. სტადიონი მაშინ მოცულობით უფრო დიდი იყო. მისი მასშტაბები ახლა შემცირებულია“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

გიორგი კირთაძე ვარაუდობს, რომ მიუხედავად ესპანურ პროექტში სტადიონის მასშტაბების შემცირებისა, პროექტის განხორციელება 30 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება.

„თუ აჭარის მთავრობა შეძლებს იმ დონის ფინანსურ რესურსის მობილიზებას, რომელიც  რეალურად სჭირდება ამ სტადიონის აშენებას, მაშინ მათ მინდა ვუთხრა, რომ უკვე არსებობს ქართველი არქიტექტორის პროექტი, რომელიც 2012 წელს 1 მილიონ ლარად  ვიყიდეთ, ადგილიც უკეთესია შერჩეული და მოვუწოდებ მათ გააგრძელონ იმ სტადიონის მშენებლობა, რომელიც ჩვენ მიერ იყო დაწყებული“. 

იმ სტადიონის მაკეტი, რემელიც გიორგი კირთაძის თქმით, აჭარის მთავრობამ სიძვირის გამო დაიწუნა

პროექტის ღირებულებასთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ სტადიონის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაციაზე გუშინ განაცხადა:

„პროექტის დაახლოებითი ღირებულება 20 მლნ დოლარია, შესაძლებელია ის ცოტათი გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ ვართ ამისთვის მზად, რადგან სტადიონი უნდა იყოს ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსშესანიშნავი შენობა, ეს უნდა იყოს ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნისთვის სავიზიტო ბარათი. მაქსიმალურად გავაკონტროლებთ, რომ სტადიონის მშენებლობის სტანდარტები დაცული იყოს“.   

გადაბეჭდვის წესი


ასევე: