სიახლეები

4765 მომატებული შტატი აჭარის საბიუჯეტო დაწესებულებებში

18.03.2015 • 1323
4765 მომატებული შტატი აჭარის საბიუჯეტო დაწესებულებებში

 

ფოტო: transparency.ge
ფოტო: transparency.ge

„ადრე ბიუჯეტში არ ჩანდა იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ ე.წ. სუბსიდიით. კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ფინანსები ბიუჯეტში ასე დეტალურად ყოფილიყო ჩაშლილი. 2013 წლიდან სხვა მიდგომაა; ბიუჯეტის ფორმატი შეიცვალა და აქედან გამომდინარე აუცილებელი გახდა დასაქმებულთა რაოდენობის მითითება. თუ ხელფასი გაიცემა ბიუჯეტიდან, ეს უნდა ჩანდეს“, – ამბობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე.

 

ასეთი დეტალური ჩაშლით, აჭარის 2015 წლის ბიუჯეტში, მომუშავეთა რიცხოვნობა (რომლებიც ხელფასს ამ ბიუჯეტებიდან იღებენ) 841-დან 3586-მდე, ანუ 2745-ით გაიზარდა. 

 

2013 წელთან შედარებით მომუშავეთა რაოდენობა, სხვა საბიუჯეტო უწყებებთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. აქ დასაქმებულთა რაოდენობა 2280 ადამიანით გაიზარდა, რომელთა უმეტესობის ხელფასები ბიუჯეტიდან სუბსიდიით ფინანსდებოდა. მაგალითისთვის, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა – დასაქმებულია 855 ადამიანი; კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია – 962 ადამიანი. 

 

მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, 2013 წელთან შედარებით, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემცირდა სუბსიდიები 22,3 მილიონი ლარით; თუმცა, შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურებისთვის საჭირო თანხა გაიზარდა, შესაბამისად _ 18,9 მილიონი და 6,3 მილიონი ლარით.

 

ანალოგიური „ჩაშლა“, ბათუმის ბიუჯეტში მიმდინარე წელს განხორციელდა და მომუშავეთა რიცხოვნობამ 2543 შეადგინა. ქალაქის შარშანდელი ბიუჯეტის მიხედვით კი, დასაქმებული 527 ადამიანი იყო.

 

„შარშან შრომის ანაზღაურება ასე დეტალურად არ აისახებოდა ბიუჯეტში. მიმდინარე წლიდან კი, თითოეული ორგანიზაციის დაფინანსება ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხდება. შესაბამისად, შრომის ანაზღაურება ცალკეა ასახული – ამიტომ გაიზარდა საშტატო რიცხოვნობაც. თუ ადრე, ასე ვთქვათ, მხოლოდ მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა რაოდენობა ჩანდა ბიუჯეტში, ამჯერად თითოეულ სამსახურში დასაქმებულთა რიცხოვნობაა გაწერილი“, – ამბობს ქალაქ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე.

 

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მთავრობასა და მერიაში მომუშავეთა მაჩვენებლის გაზრდას მეტი გამჭვირვალობისთვის ბიუჯეტის ახალი პრინციპით შედგენას უკავშირებენ, ბიუჯეტებში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა გამჭვირვალე მაინც არ არის. 
საქმე იმაშია, რომ საბიუჯეტო უწყებებში იყვნენ დასაქმებულნი და დღესაც არიან შტატგარეშე თანამშრომლები, რომელთა ხელფასები ბიუჯეტში, შრომის ანაზღაურების გრაფაში არ არის ასახული. ავტონომიური და მუნიციპალური უწყებები შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ხელფასებს ბიუჯეტში `საქონელი და მომსახურებისთვის~ გაწერილი თანხიდან გასცემენ. 
ფაქტობრივად, გაუმჭვირვალეა შტატგარეშეთა რიცხვიც. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებები კანონით შეზღუდულნი არიან რაოდენობრივად შტატგარეშეთა დასაქმების მხრივ, ეს შეზღუდვა არ აქვს ავტონომიურ რესპუბლიკას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, მას შესაბამისი კოდექსი არეგულირებს.

 

საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს. იმ ორგანიზაციებში კი, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ, მიუხედავად იმისა, ეს შეზღუდვა ავტონომიაზე არ ვრცელდება, ბიუჯეტის შედგენისას ამ პრინციპს ძირითადად მაინც ითვალისწინებენ.

 

აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ოფიციალურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, შტატგარეშეთა რაოდენობა საგრძნობლად აღემატება იმავე ორგანიზაციებში შტატით დასაქმებულთა რაოდენობის 2 პროცენტს. მართალია, ამ ორგანიზაციებზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდება, მაგრამ შტატგარეშედ თანამშრომლების აყვანა ყოველგვარი კონკურსის გარეშე ხდება. მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გასულ წელს შტატით 94 ადამიანი იყო დასაქმებული, შტატგარშე კი – 20, ანუ შტატით მომუშავეთა 18,8 პროცენტი. ამასთან, შტატგარეშეებზე თითქმის 33 ათასი ლარით მეტი (ჯამში 133 884 ლარი და 45 თეთრი) ხელფასი იყო გაცემული, ვიდრე – სამინისტროს თანამდებობის პირებზე. 

 

რამაზ ბოლქვაძის თქმით, აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ უწყებებში ჯერ კიდევ გასამიჯნი და დასაზუსტებელია, თუ ვინ ითვლება შტატიან და ვინ შტატგარეშე თანამშრომლად. შესაბამისად, დაკონკრეტებას მოითხოვს სტატისტიკაც ამ კუთხით. 
ბათუმის მუნიციპალიტეტში, შარშანდელთან შედარებით, მომუშავეთა რიცხოვნობის გაზრდის პარალელურად ბიუჯეტში შემცირდა სუბსიდიები 19 მილიონი ლარით, თუმცა გაიზარდა შრომის ანაზღაურება 9,5 მილიონი, ხოლო საქონელი და მომსახურება – 8,1 მილიონი ლარით. 

 

ბათუმის მერიაში 426, ხოლო საკრებულოში 38 ადამიანია დასაქმებული. გარდა ამისა, ქალაქის ბიუჯეტის ახალი სისტემით გაწერის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სკოლამდელ განათლებას ემსახურება 1140 ადამიანი, ინფრასტრუქტურას, მშენებლობას, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციას – 287, კულტურას, რელიგიას, ახალგაზრდობის ხელშეწყობასა და სპორტს – 586 ადამიანი, ეს შტატით, ანუ რომელთა ხელფასებიც პირდაპირაა გაწერილი ბიუჯეტში.

 

მერიის ინფორმაციით ქალაქის ბიუჯეტიდან და მერიის მიერ დაფუძნებული სხვადასხვა შპს-დან მთლიანობაში დაახლოებით 4100 ადამიანი (მათ შორის შტატგარეშეც) იღებს ანაზღაურებას. ის კვოტა (შესაძლო დასაქმებულთა რაოდენობა), რასაც ბათუმისთვის ითვალისწინებს თვითმმართველობის კოდექსი, არჩილ ვანაძის თქმით, მერიას ფაქტობრივად სრულად აქვს ათვისებული.

 

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში „მომუშავეთა რიცხოვნობის“ მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 2020-ით, ქობულეთის ბიუჯეტში გაზრდილია – 7-ით, აჭარის დანარჩენი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში კი, ეს მაჩვენებელი პირიქით, შემცირებულია: ხელვაჩაურში – 65-ით, ქედაში – 98-ით, შუახევში – 91-ით, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში – 80-ით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: