ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაზე 5,5 მილიონი ლარით გამოცხადებული კონკურსის გამო, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, შპს „დვ დეველოპმენტმა“ დავების განხილვის საბჭოში უკვე მესამედ უჩივლა.
შპს „დვ დეველოპმენტის“ პირველი საჩივარი საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მეორე საჩივარი კი – სრულად.
ამჯერად კომპანია ფონდის საკონკურსო კომისიის იმ გადაწყვეტილებას [ოქმი N7] ასაჩივრებს, რომლითაც კონკურსი კომისიამ უკვე მეორედ შეწყვიტა.
- რა ხდება
ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე 5,5 მილიონი ლარით გამოცხადებულ კონკურსში მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამარჯვებულად შპს „ნს სტუდიო“ გამოავლინა, თუმცა ფონდს, როგორც აღვნიშნეთ, კონკურსში მონაწილე სხვა პრეტენდენტმა – შპს „დვ დეველოპმენტმა“ დავების განხილვის საბჭოში უჩივლა.
დავების საბჭომ „დვ დეველოპმენტის“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ფონდს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება „სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“ დაავალა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების შემდეგ კონკურსი საერთოდ შეწყვიტა [სხდომის ოქმი N6].
კონკურსის შეწყვეტაზე ფონდის საკონკურსო კომისიის ოქმი N6-ით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება „დვ დეველოპმენტმა“ მეორე საჩივრით მოითხოვა, რაც დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა.
„დაევალოს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ საკონკურსო კომისიას 2026 წლის 10 სექტემბრის სხდომის №6 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებითა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით“, – წერია საბჭოს 2026 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაში.
ამის შემდეგ, როგორც შესყიდვების პორტალზე გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ჩანს, მუნუციპალური განვითარების ფონდმა 23 ოქტომბერს შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა, რათა შეწყვეტილი კონკურსის სტატუსი შერჩევა/შეფასების ეტაპზე დაებრუნებინა.
იმავე წერილით, ფონდმა სააგენტოს დამატებით გაუგზავნა საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N7, რომლის საფუძველზე კომისიამ კონკურსი მეორედ შეწყვიტა. კონკურსის შეწყვეტის ეს ოქმიც 23 ოქტომბრითაა დათარიღებული.
„საბჭოს გადაწყვეტილებით №6 ოქმი გაუქმდა, რადგან არ შეიცავდა შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს და კონკრეტულ გარემოებებს.
2026 წლის 23 ოქტომბრის №7 ოქმით შემსყიდველმა [კონკურსს შეწყვეტის მიზეზად] მიუთითა, რომ „კონკურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა საპროექტო არეალის ცვლილების საჭიროება“, რომელსაც „შესაძლოა“ ჰქონდეს გავლენა ტექნიკურ დავალებაზე და განაცხადა გეგმა – „არეალის დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში, განახლებული პირობებით კონკურსის გამოცხადება“.
№7 ოქმი უკანონოა, რადგან შეწყვეტის საფუძველი არც „წინასწარ გაუთვალისწინებელი“ იყო, არც „შემსყიდველისგან დამოუკიდებელი“ და არც „აუცილებელი“, – წერია „დვ დეველოპმენტის“ მესამე საჩივარში.
„არეალის დაზუსტებაში“ აქ იგულისხმება მდინარე ჭოროხის დელტაში ადგილი, სადაც კონკურსის პირობის მიხედვით შესაძლოა საფეხმავლო ხიდი დაპროექტდეს.
„2026 წლის 23 ივლისს, წინადადებების მიღებამდე, კითხვა-პასუხის რეჟიმში შპს „გეშერ კონსტრაქშენმა“ შემსყიდველს პირდაპირ მიუთითა საპროექტო არეალის ხარვეზზე: „თქვენს მიერ წარმოდგენილ გენგეგმაზე არ არის მონიშნული მდ. ჭოროხზე საქვეითო სახიდე გადასასვლელი…
24 ივლისს შემსყიდველმა [ეკა ეზუგბაია] წერილობით უპასუხა: „საკონკურსო დოკუმენტაციაში წარმოდგენილია მხოლოდ საორიენტაციო არეალი. მდ. ჭოროხზე საქვეითო სახიდე გადასასვლელი… შესაბამისად, კვლევების დასრულების შემდეგ შესაძლებელია არეალის დაზუსტება/ცვლილება“.
შემსყიდველმა საკონკურსო პირობები არ შეცვალა და კონკურსი არსებული არეალით გააგრძელა.
არეალის ცვლილების შესაძლებლობა შემსყიდველმა თავად დააფიქსირა წერილობით [კონკურსში] წინადადებების მიღებამდე, შეფასებამდე და გასაჩივრებებამდე. მან უპასუხა, რომ არეალი „საორიენტაციოა“ და „კვლევების დასრულების შემდეგ შესაძლებელია არეალის დაზუსტება/ცვლილება“.
შესაბამისად, №7 ოქმში მითითებული „საპროექტო არეალის ცვლილების საჭიროება“ არ არის „კონკურსის მიმდინარეობისას გამოკვეთილი“ ახალი გარემოება. ეს ისეთი საკითხია, რომელიც კონკურსის მონაწილემ წინასწარ დასვა, ხოლო შემსყიდველმა შეაფასა, უპასუხა და გადაწყვიტა კონკურსის გაგრძელება უცვლელი პირობებით…
შემსყიდველი ამტკიცებდა, რომ რელიეფის, დელტისა და ჰიდროლოგიური რეჟიმის საკითხები „სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე“ წყდება, ხოლო წინასაპროექტო კვლევა [ტოპოგრაფიული, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები] შესყიდვის საგანში შედის… ეს ადასტურებს, რომ კვლევების შედეგად არეალის დაზუსტება თავიდანვე იყო გათვლილი ხელშეკრულების ჩვეულებრივ ეტაპად.
ერთსა და იმავე გარემოებას შემსყიდველი ერთ დავაში ახასიათებს ჩვეულებრივ, სახელშეკრულებო საკითხად, ხოლო მეორეში – კონკურსის გაგრძელების დაუძლეველ დაბრკოლად. ამიტომ ვითხოვთ ოქმი N7 ის გაუქმებას“ – წერია „დვ დეველოპმენტის“ მესამე საჩივარში.
აღნიშნული საჩივარი დავების საბჭოში განხილვის ეტაპზეა, მუნიციპალურ განვითარების ფონდს კი ხელახალი კონკურსი ამ დრომდე არ გამოუცხადებია.
მთავარი ფოტო: საფეხმავლო ხიდი მდინარე ჭოროხზე / რენდერი / „დვ დეველოპმენტის“ კონცეფციიდან
ამ თემაზე:
რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ