ბათუმი

პრემიები, ანუ „ქარავანი მიდის“

27.09.2014 • 1600
პრემიები, ანუ „ქარავანი მიდის“

ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, გვაქვს წართმეული ტერიტორიები, გვყავს საზღვარგარეთ სამუშაოდ გასული თანამემამულეები.

2003 წელს ეგრეთ წოდებული „ვარდების რევოლუციის“ სახელით მოვიდა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. მართალია, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა საქართველოში, რომლის არ დანახვა არ შეიძლება, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, მადა ჭამაში მოდისო, საზოგადოება მეტს მოითხოვდა. დაპირება იყო – სამუშაო ადგილებს შევქმნითო, თუმცა ასე არ მოხდა და დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია, 40 წელს გადაცილებული ასაკის პირთა დასაქმებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. გამგეობებსა და საკრებულოებში დასაქმებული პირები, რომლებსაც მართვის გამოცდილება არ ჰქონდათ, რეზოლუციას გამგეობის სართულებზე დაეძებდნენ, – ამას ქობულეთში ახლაც ირონიით იხსენებენ, თუმცა მაღალი ხელფასებისა და პრემიების მიღებაზე ხელი არ ეშლებოდათ.

2012 წლის შემოდგომაზე მოვიდა ახალი ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა. კარგი საქმეები გაკეთდა, მაგრამ მათზე საუბარი არ მექნება, მხოლოდ შეუსრულებელ დაპირებებზე ვსაუბრობ, იმ დაპირებებზე, რომლებიც ხალხისთვის, ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მინდა მივაწვდინო ხმა ხელისუფლებას, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ხელისუფლება ორი წლის წინ ჰპირდებოდა დახმარებას, ახლა სახლებიდან ასახლებენ (ვგულისხმობ ქობულეთელ იპოთეკარებს), ვერ ეხმარება და ამ დროს ხსნიან ორ ახალ უწყებას: სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და ეკონომიკურ საბჭოს, რომელთაც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოეყოფა 7 მილიონი ლარი.

ზოგადად, „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და წევრების დასაქმების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სამართლიანად არ მიმაჩნია დუბლირებული სამუშაო ადგილების შექმნაში იხარჯებოდეს ხალხის ფული. ხომ ვიცით, რომ საქართველოს უსაფრთხოებას და მითუმეტეს კრიზისიდან გამოყვანას, ვერ უზრუნველყოფს ეს საბჭოები, ისევე როგორც ეკონომიკის განვითარებას.

ბევრი დაიწერა და კიდევ ბევრი დაიწერება ბიუჯეტის თანხით პრემიებისა და დახმარებების გაცემაზე. ერთიც და მეორეც უნდა გაიცეს ბიუჯეტიდან, მაგრამ არა ხელაღებით. როცა ხელისუფლება მოდის, აკრიტიკებს წინა ხელისუფლებას პრემიების გაცემის გამო, ამ დროს მას არა აქვს უფლება, იგივე გაიმეოროს. ამ მდგომარეობას სწორად მიესადაგება გამოთქმა: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.

რას ნიშნავს პრემია? ეს ნიშნავს მუშა-მოსამსახურის წახალისებას, ერთი მხრივ, აუცილებელი სამუშაოს გადაჭარბებით შესრულებისათვის, მეორე მხრივ – სახელწიფოსათვის გაწეული განსაკუთრებული მომსახურებისათვის. ჩნდება კითხვა, ამ ორი დასახელებული კრიტერიუმიდან რომლისთვის უხდის სახელმწიფო ბიუჯეტის, ხალხის ფულს გამგეობასა და საკრებულოებში დასაქმებულ პირებს?

თუ რამდენად მიესადაგება წერილი ხელისუფლების მიერ საკუთარი ხალხის ძარცვას, ამის განსაზღვრა მკითხველისათვის მიმინდვია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: