ბათუმი

ქედას ახალი გამგებელი ჰყავს

11.09.2013
ქედას ახალი გამგებელი ჰყავს

,,ჩემი ხმის არ მიცემა ნიშნავდა იმას, რომ ბატონ დავითს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არამგონია შეძლოს დაწყებული საქმეების კეთება“ აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ზვიად თურმანიძე.

თავად ახალდანიშნული გამგებელი ამბობს რომ მისი ძირითადი პრიორიტეტი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაა.

,,ჩემი პრიორიტეტია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ხელისუფლების კურსის გატარება და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, შვეცდებით ხელისუფლების დაპირებები შევასრულოთ, ჩემი ოცნებაა ქედელი კაცი საშოვარზე საზღვარგარეთ არ  გადიოდეს“ აცხადებს დავით დუმბაძე და დასძენს, რომ  საკადრო ცვლილებები პოლიტიკური კუთხით არ გატარდება ,,არ მგონია საკადრო ცვლილებები პარტიული ნიშნით გატარდეს, ის  სპეციალისტი, რომელიც ქედაში ცხოვრობს, ქედისთვის მუშაობს და იღწვის უნდა დარჩეს და აკეთოს ის საქმე, რაც ქედას წაადგება“ .

,,დუმბაძის კანდიდატურას მხარი ერთი მოსაზრების გამო დავუჭირე, საზოგადოება დაუსრულებელმა კოჰაბიტაციამ დაღალა, დროა ახალმა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს მთლიან ქვეყანაზე და ასევე ქედის პრობლემებზე, რომ სამომავლოდ არ იყოს სალაპარაკო ხელისშემშლელი  ფაქტორებია საკრებულო, გამგეობა, ნაციონალური მოძრაობისა თუ სხვადასხვა პარტიები, ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი ქვეყნის მომავალზე“ აცხადებს საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის დეპუტატი ელგუჯა ნაკაშიძე.

აღნიშნული საკითხის გარდა საკრებულომ კენჭი უყარა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯემალ შარაძის იმპიჩმენტის საკითხსაც.

დეპუტატთა ნაწილმა  ჯემალ შარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება საკრებულოში 3 სექტემბერს შეიტანა, წარმოდგენილი განცხადების მიხედვით საკრებულოს 10 წევრი მის გათავისუფლებას არაჯეროვნად შეფასებული მოვალეობის შესრულების გამო მოითხოვდა, თუმცა დღეს გამართულ სხდომაზე ჯემალ შარაძის გათავისუფლების საკითხს მხარი მხოლოდ სამმა დეპუტატმა დაუჭირა.

საკრებულოს დეპუტატი როსტომ ბერიძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხს ისევ დაუბრუნდებიან:

,,ჯემალ შარაძის გადაყენება უმრავლესობამ მოითხოვა, რადგან მან ვერ შეძლო იმ საკითხების გადაწყვეტა, რაც უმრავლესობის მოთხოვნით უნდა გასულიყო, ავტონომიურად მოიქცა, დღეს  უმრავლესობამ დატოვა, თუმცა შემდგომიში ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით“ –  აცხადებს დეპუტატი.

,,მე ვიყავი გამგებლის კონკურსით გამოვლენის მომხრე, უმრავლესობამ კი მხარი დუმბაძის კანდიდატს დაუჭირა, დღემდე ვრჩები იმ აზრზე, რომ გამგებელი კონკურსით უნდა ინიშნებოდეს,  თუ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და საუბარია სამართლიანობის აღდგენაზე, იმაზე რომ ყველაფერი კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს, ეს მოხდა მექანიზმებით, იძულებით და ზეწოლით, ჩემი იმფიჩმეტის საკითხიც ამიტომ დააყენეს“ აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

პროფესიით ინჟინერი დავით დუმბაძე  22 წლის განმავლობაში სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობდა, გავრცელებული ინფორმაციით ის საქართველოს პარლამენტარის მურმან დუმბაძის ნათესავია, თავად მოქმედი გამგებელი კი  პარლმენტართან ნათესაურ კავშირს უარყოფს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.