204 ათასი ადამიანი მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის მხარდასაჭერად


ცაგო კახაბერიძე

 

დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძესა და  აჭარის მთავრობის წევრებს შორის. შეხვედრა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისათვის ფინანსური შეწირულობის შეტანის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად.

 

„ამ ტაძრის მშენებლობის ტემპი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გადარიცხავს შესაბამის ფონდში შემოწირულობას, ჩვენ მას ვერც შევანელებთ და ვერც დავაჩქარებთ“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ. შეხვედრაზე კი მან დარბაზში მყოფებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სპეციალური ბლანკის საშუალებით მშენებლობის დაფინანსებაში საკუთარი წვლილის შეტანა. ამ ბლანკის შევსებით პირი ადასტურებს თანხმობას წინასწარ მითითებული ვადის განმავლობაში ჩამოეჭრას გარკვეული თანხა სახელფასო შემოსავლიდან.

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს კომისიების თავმჯდომარეები და სხვა წევრები, ასევე მთავრობის სხვა წარმომადგენლები და კერძო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პეტრე ზამბახიძე, კაკო ძნელაძე, ავთანდილ ბერიძე

არჩილ ხაბაძის თქმით, ის ამ პროეტის დაფინანსებაში მონაწილეობას „ქართუ ბანკიდან“ ცდილობდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში კი, რაც სამსახური შეიცვალა, შეწირულობა არ გაუკეთებია: „დღეიდან მთავრობის აპარატი, სურვილის შესაბამისად, ამ საქმეში ისევ ჩავერთვებით. მთავარია ასევე ამ პროცესში ჩაერთოს ბიზნეს სექტორი, ეს შეხვედრაც ამას ისახავდა მიზნად.“

ბათუმიდან უკვე გადარიცხულ სოლიდურ შეწირულობებზე საუბრისას პაატა ბურჭულაძემ  ბანკი „ქართუ“, რომელის აჭარის ფილიალს არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობდა და კომპანია „ტექნო-ბუმი“ დაასახელა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ სახალხო აქციაში, რაც მშენებლობაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას ყველა მსურველს აძლევს, ამ დროისათვის 204 000 ადამიანია გაწევრიანებული.

რაც შეეხება მშენებლობის პროცესს, უკვე დასრულებულია საძირკვლის ამოყვანა. მახათას მთაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის საშუალებით კი  ყველა მსურველს შეუძლია თვალი ადევნოს მშენებლობის პროცესს ფონდის ვებ გვერდზე ( მახათა . გე)

შეხვედრის დასკვნით ნაწილში „რედისონის“ დარბაზში მოწვეულ სტუმრებს აჩვენეს ოთარ ლითანიშვილის დოკუმენტური ფილმი  „ღირს არს ჭეშმარიტად“, რომელიც ათონის მთის მონასტერს „ივერონსა“ და მახათას მთის კომპლექსის მშენებლობას შეეხებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე