ბათუმი,კვირის ამბები,კულტურა

ქალის მორთულობა აჭარაში

05.09.2015 • 4874
ქალის მორთულობა აჭარაში

 

ვერცხლის ქამარი
ვერცხლის ქამარი

ქალის მორთულობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დატვირთული იყო სამკაულით. აჭარაში ქალები ყოველდღიურ სამოსად ლეჩაქს ატარებდნენ. ლეჩაქი ოქრო-ვერცხლის მონეტებით და მძივებით იყო მორთული. ხელზე ატარებდნენ მინის მძივებს და მარჯნის სამაჯურებს.

სამკაული და სხვა საიუველირეო ნაკეთობანი აჭარაში ახალციხიდან და თურქეთიდან შემოჰქონდათ.

აჭარელი ქალები განსაკუთრებულად ინტერესდებოდნენ ძვირფასი ქვებით. გარდა იმისა, რომ მას სამკაულად ატარებდნენ, სწამდათ მისი მაგიური მნიშვნელობის. ქალები თვლიდნენ, რომ ქარვას, მარჯანს, ფირუზს მათი დაცვა შეეძლო ავი თვალისა და ავადმყოფობისგან.

ჯიღჯიღა
ჯიღჯიღა

საყურეებთან ერთად მნიშვნელოვანი სამკაული იყო ყელსაბამი. ყველაზე ფართოდ გავრცელებული იყო ჯიღჯიღა.
„ჯიღჯიღა ვერცხლის ან უბრალო ლითონისგან ნამზადი სამკაულია. იგი, როგორც წესი, ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი ვიწრო და მოკლე მილაკებისგან შედგება. თითოეულ მილზე მირჩილული პატარ-პატარა რგოლები ძეწკვის საკიდებით უერთდება მოგრძო ბურთულებს. ჯიღჯიღას ცენტრალური ნაწილი ოთხკუთხა, კარგად ორნამენტირებული ფირფიტით არის დამშვენებული. ფირფიტა შემკულია ერთი წითელი და ოთხი ფირუზისფერი თვლებით. ფირფიტაზე დაკენჭილი მავთულით გამოყვანილია ყვავილისა და ფოთლების გამოსახულება. ცენტრალური ფირფიტის ორივე მხარეს ასხმული ყოფილა ვერცხლის ფირფიტების წყება თანაბარი რაოდენობით. ეს ფირფიტები თავის მხრივ ორი ნაწილისგან შედგებოდა, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო პატარა რგოლით. მოხმარების დროს ფირფიტის ბოლო ნაწილი თავისუფლად მოძრაობდა. ცენტრალურ ფირფიტაზე ჩამოკიდებული იყო მსხლის ფორმის ფირფიტა, რომელზეც ოთხყურა ყვავილის გამოსახულება იყო გამოყვანილი. ჯიღჯიღას დასრულებულ სახეს აძლევდა სამი მოდიდო მსხლისებური ფირფიტა,“ – წერს იზოლდა სამსონია.
თუმცა, იზოლდა სამსაონიას მიერ აღწერილი დიზაინის ჯიღჯიღა ამ სამკაულის მხოლოდ ერთადერთი ნაირსახეობა არ იყო. აჭარაში შემონახულა ჯიღჯიღა განსხვავებული დიზაინითაც. ჯიღჯიღა ძვირადღირებული სამკაული იყო და მისი ღირებულება ხშირად ერთი ძროხის საფასურსაც კი უდრიდა.

ყელის სამკაულთაგან ასევე ფართოდ იყო გავრცელებული მარჯნის, ქარვისა და ფირუზის მძივები. ასევე მძივებად ასხმული თურქული მონეტები. წვრილ ზონარზე ასხმული მძივები ქალს რამდენიმე წყებად ჰქონდა შემოხვეული ყელზე.
განსაზღვრული იყო მძივზე მონეტების რიცხვი და ის ცამეტზე ნაკლები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო. რაც უფრო შეძლებული ოჯახიდან იყო ქალი, მის სამკაულზე უფრო მეტი მონეტა იყო. მონეტები, როგორც სამკაული, წარმოადგენდა გათხოვილი ქალის შემკულობის ძირითად ნიშანს.

ვერცხლის მასიური ძეწკვი, საქორწინო სამკაულის ერთ-ერთი აუცილებელი ნივთი იყო. ძეწკვი ორი მეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო და საკმაოდ ძვირიც ღირდა. ამიტომ მისი შეძენა მხოლოდ მდიდარ ოჯახებს შეეძლოთ.

 

კორდომი
კორდომიკიდევ ერთი სამკაული, რომელსაც მხოლოდ გათხოვილი ქალი ატარებდა, საგულე კორდომია. კორდომი აუცილებლად იყო ვერცხლის და მაგრდებოდა სამოსელზე, მკერდს ზემოთ მარჯვნივ. ქალები ამ სამკაულს, ძირითადად, სადღესასწაულო ტანსაცმელზე იკეთებდნენ.

ზემო აჭარაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქარვის მძივები. მათი შეძენა ძირითადად ბათუმში იყო შესაძლებელი, თუმცა მოხეტიალე ვაჭრების წყალობით სოფლებშიც შეიძლებოდა. მას „კეთილ ქარვას“ ეძახდნენ და სამკაულის გარდა სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებდნენ. ქარვის მძივებს ქალები უფრთხილდებოდნენ და ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ქალებს მრავლად ჰქონდათ ბეჭდები და სამაჯურები, რომლებიც ძირითადად ვერცხლისა და სპილენძისგან მზადდებოდა. ოქროს ბეჭდებსა და სამკაულებს მხოლოდ შეძლებულები ყიდულობდნენ. გავრცელებული იყო თვლიანი და უთვლო ვერცხლის რგოლები. ზოგიერთ ბეჭედზე ამოკვეთილი იყო გეომეტრიული ფიგურები და ორნამენტები. ბეჭედს იკეთებდნენ ყველა თითზე, გარდა ნეკისა და ცერისა. ბეჭედი, ისე როგორც ახლა, ადრეც აუცილებელი სამკაული იყო ქორწინების დროს. მას საქმროს ოჯახი ჩუქნიდა ქალს.

ხელის სამკაულებში მნიშვნელოვანი იყო ქალს ჰქონოდა სამაჯური. გავრცელებული იყო ორი ტიპის სამაჯური. სადად დამზადებული ვერცხლის მთლიანი რგოლი, მომრგვალებული ბოლოებით და ძეწკვის საკიდით. მეორე ტიპის სამაჯურები უფრო მასიური იყო, ხელზე მჭიდროდ ეკვრებოდა და მისი ბოლოები არ იკეტებოდა.

ასევე ქალები ატარებდნენ ფერადი მძივების ასხმისგან დამზადებულ სამაჯურს.

სადღესასწაულო ტანსაცმელზე აჭარაში ქალები ატარებდნენ სხვადასხვა ვერცხლისა და ლითონის ქამარს, რომელსაც საქმროს ოჯახი ყიდულობდა და უგზავნიდა პატარძალს. ვერცხლის ქამარიც ძვირადღირებულ ნივთებში შედიოდა და ის აუცილებლად უნდა ეჩუქებინათ ქალისთვის, ამიტომ სასიძოს ოჯახი წინასწარ იჭერდა თადარიგს, ოჯახს „სირცხვილი რომ არ ეჭამა“.

ქამრებში ნათლად ვლინდებოდა ქალის სოციალური მდგომარეობა. მდიდარი ქალის შემკულობის აუცილებელი ატრიბუტი ვერცხლის ქამარი იყო, ღარიბი ქალი ფერადი ლითონის ან თასმაზე ასხმულ ლითონის ფირფიტებისგან შედგენილ ქსოვილის ქამარს ატარებდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: