კვირის ამბები

როგორ უნდა ჩავერთოთ ბათუმში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში

26.06.2015 • 3778
როგორ უნდა ჩავერთოთ ბათუმში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში

რას მოიცავს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა – დიაგნოსტიკა დაყოფილია რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე, მკურნალობის დაწყებამდე, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ექიმთან კონსულტაცია და PCR მეთოდით სისხლში HCV რნმ-ის განსაზღვრა. მეორე ეტაპზე HCV რნმ დადებითი შედეგის მქონე პაციენტებს უტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები). განისაზღვრება ღვიძლის ფიბროზის ხარისხი FIB-4 ტესტის დათვლით – “იმ შემთხვევაში, თუ ქულა 1.45-ზე ნაკლებია, პაციენტი წელს ვერ ჩაერთვება პროგრამაში, როცა მაჩვენებლები არის 1.45-დან 3.25-მდე, პაციენტს უტარდება ღვიძლის ელასტოგრაფია. თუ ეს მაჩვენებელი 3.25-ზე მეტია, პაციენტს ფიბრო ელატოგრაფია აღარ უკეთდება, ისე აგრძელებს შემდეგ გამოკვლევებს”, – ამბობს ჯემალ დუმბაძე. თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ფიბროზის F3, F3-F4 და F4 ხარისხი, იგი აგრძელებს გამოკვლევებს.

ჯემალ დუმბაძის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში სულ 18 ანალიზი კეთდება, რომელთა ჩატარებაც ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრშია შესაძლებელი. “ერთადერთი დაწესებულება ვართ აჭარაში, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ამ სერვისებს, ელასტოგრაფიაც გვაქვს და PCR ლაბორატორიაც, შესაბამისად, პაციენტებს ადგილზევე შეუძლიათ ყველა სერვისის მიღება”, – ამბობს ის.

დიაგნოსტიკის შემდეგ ექიმი გამოწერს ფორმა #100-ს, რომელიც პაციენტმა სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა მიიტანოს, საიდანაც იგი თანხმობის წერილს მიიღებს, რის შემდეგაც ჩაერთვება მკურნალობაში, ანუ აქედან იწყება პროგრამის შემდეგი ეტაპი – პაციენტისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების მიწოდება.

რას აფინანსებს სახელმწიფო – ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის (70 000-მდე სარეიტინგო ქულა) სახელმწიფო საჭირო კვლევებს 70 %-ით, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის (70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა) 30%-ით აფინანსებს. გარდა ამისა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის რეგიონში დიაგნოსტიკური კვლევების თანადაფინანსების პროცესში ჩართულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის მერია. “ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს კვლევა 100%-ით დაუფინანსდებათ, სხვა დანარჩენს კი თანაგადახდის 60%-ი”, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ. პროგრამის ფარგლებში საჭირო გამოკვლევების ღირებულება (დაფინანსების გარეშე) 480 ლარია, საიდანაც სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს სახელმწიფო დაუფარავს 30%-ს, კიდევ 60%-ს გადაუხდის მერია ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს მკურნალობამდე პროგრამაში ჩართვა დაახლოებით 100 ლარი დაუჯდებათ. პროგრამის ფარგლებში სამკურნალო მედიკამენტები უფასოა.

C ჰეპატიტის სამკურნალოდ, პროგრამის ფარგლებში სამი მედიკამენტი – სოფოსბუვირი, პეგილირებული ინტერფერონი და რიბავირინი გაიცემა. თუ რომელი მედიკამენტით იმკურნალებს პაციენტი, ამას მისი ჩვენებების მიხედვით წყვეტს მკურნალი ექიმი და არა პაციენტი. “იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პაციენტს გარკვეული სამედიცინო ჩვენებების გამო ინტერფერონზე აქვს უკუჩვენება (ასციტი, ანუ სითხე მუცელში, თრომბოციტოპენია ან სხვა), მას დაენიშნება სოფოსბუვირისა და რიბავირინის კომბინაცია. ამას დაადგენს ექიმი და არა პაციენტი”, – განმარტავს ჯემალ დუმბაძე.
მედიკამენტებს აჭარაში, სავარაუდოდ, ივლისში ჩამოიტანენ.

შეზღუდულია თუ არა ბენეფიციართა რაოდენობა და ვის შეუძლია მონაწილეობა პროგრამაში – ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს სამკურნალოდ 5000 ადამიანი შეირჩევა. ჯემალ დუმბაძის თქმით, პროგრამით სამკურნალოდ ყველაზე მძიმე კონტინგენტს შეარჩევენ: „არ მგონია, ეს 5000 ადგილი შეივსოს, რადგან თბილისში, სადაც პროგრამა ერთი თვით ადრე ამოქმედდა – სულ 1000 ადამიანი მკურნალობს. მომავალ წელს კი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 20 000 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.” ჯემალ დუმბაძე ამბობს, რომ საზოგადოების აქტივობა დაბალია. “მეგონა, რომ უფრო აქტიურები იქნებოდნენ, უკვე სამი დღეა პროგრამის განხორციელება დავიწყეთ და ჯერჯერობით 150-მა კაცმა მოგვმართა მხოლოდ”, – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.
მკურნალობის პოტენციური კანდიდატია ყველა პაციენტი HCV ინფექციით, ვისაც მკურნალობის სურვილი აქვს და არ აქვს ამ მედიკამენტებზე უკუჩვენებები.

რა დოკუმენტებია საჭირო პროგრამაში ჩასართავად – პროგრამაში ჩართვის მსურველმა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში (ჯ. ქათამაძის ქუჩა #11) უნდა მიიტანოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომ ის ნამდვილად არის საქართველოს მოქალაქე და C ჰეპატიტის ლაბორატორიული კვლევის პასუხი. ვირუსზე შემოწმება სხვადასხვა დაწესებულებაში სწრაფი მარტივი მეთოდით 10 ლარი, იმუნოფერმენტული მეთოდით კი, 12 ლარი ღირს. „ამის გაკეთება აქვე, ადგილზეც არის შესაძლებელი. პასუხს იღებს 2 საათში, სწრაფი, მარტივი მეთოდით. იმუნოფერმენტული ტესტი კი მხოლოდ ხუთშაბათობით კეთდება. ანუ ნებისმიერ დღეს ჩაიტარებს და ხუთშაბათს საღამოს იქნება პასუხი”, – განმარტავს ჯემალ დუმბაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: