გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა
რა არის მითი? მითი პროპაგანდის და სიცრუის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია. მას კონკრეტული ავტორი არ ჰყავს. ის ვრცელდება სწრაფად და რაც უფრო სახალხო ხდება, მით მეტად ძლიერი და გავლენიანია ესა თუ ის მითი. მითი ათასჯერ უნდა გაიმეორო, სანამ ის „სიმართლედ“ იქცევა. მას ასევე აქვს „ექოს“ ეფექტი, ანუ მას შემდეგ, რაც ასმა ადამიანმა მითი მოისმინა და მიიღო, ის თვითონ გახდა გამავრცელებელი. მით უფრო, რომ ფართო საზოგადოებისთვის უბრალო ადამიანისგან მოსმენილი გაცილებით მისაღებია, ვიდრე ცნობილი პოლიტიკოსის ან საზოგადო მოღვაწისაგან მიწოდებული ფაქტი. ასე ერთვება ფართო საზოგადოება პროპაგანდისტულ ომში. თუ ადრე მითების გავრცელებისათვის მნიშვნელოვანი იყო ტრიბუნა და ორატორული უნარები, დღეს ეს აუცილებელი აღარ არის. საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებითა და სოციალური მედიის წყალობით უავტორო მითები ადვილად იკიდებს ფეხს განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, რომელიც თავისი განვითარების ვექტორს მხოლოდ წარსულთან დაკავშირებულ ცრუ ღირებულებებზე აგებს.
მოსაზრება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია, სანამ მისი რეგიონები ოკუპირებულია და მისი ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, მცდარია.
სინამდვილეში, ნატოში გაწევრიანება, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნიშნავს საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რა თქმა უნდა, აფხაზეთის და ცხინვალის (ამჟამად ოკუპირებულ) რეგიონებთან ერთად. არსებობს არა ერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დროს ტერიტორიული და საზღვრების დადგენის პრობლემა ჰქონდა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია ორად გაიყო და აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარის მიერ. 1955 წელს დასავლეთ გერმანია გაწევრიანდა ნატოში, რამაც გერმანიის პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე და სტაბილური განვითარება განაპირობა. ცივი ომის დასრულებისა და ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, გერმანია გაერთიანდა და დღეს ის ნატოსა და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრია. ნატოში გაწევრიანებამ დასავლეთ გერმანიის უსაფრთხო და სტაბილურ განვითარებას შეუწყო ხელი, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ გაერთიანებულ გერმანიას გაცილებით ძლიერი და მყარი ხმა აქვს ალიანსში.
ასევე, საინტერესოა ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი, რომლებიც 2004 წელს ნატოში გაწევრიანდნენ. ამ ქვეყნებს საზღვრების დადგენის საკითხები არ ჰქონდათ მოგვარებული მეზობელ სახელმწიფოსთან. მიუხედავად ამისა, მოკავშირეებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ესტონეთი, ლიტვა, ლატვია NATO- ში მიეწვიათ. ამ გადაწყვეტილებამ ბალტიის ქვეყნების სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება განაპირობა.
ეს მაგალითები ადასტურებს, რომ ნატოში გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მისი უსაფრთხო განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge