მთიანი აჭარა

ბიზნესიდეები – რას სთავაზობს გლეხებს სახელმწიფო და კერძო სექტორი

26.08.2015 • 2808
ბიზნესიდეები – რას სთავაზობს გლეხებს სახელმწიფო და კერძო სექტორი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანაძეებში მცხოვრებ გენადი ვანაძეს სურს მცირე ბიზნესი მოცვის გადამუშავებით დაიწყოს. იგი ამბობს, რომ ექსპერიმენტის სახით მცირე ბიზნესს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით წლების განმავლობაში ეწეოდა.

„საქონლის ხორცის რეალიზაციას ვეწეოდი: ზაფხულში ახალციხეში საქონელს იაფად ვყიდულობდი, გადმომყავდა ხულოში, რამდენიმე თვის განმავლობაში ვკვებავდი და ზამთარში გაცილებით ძვირად ვყიდდი. 3-4 თვის განმავლობაში გამოკვებილი ათი სული საქონელი მინიმუმ 4 000 ლარს მიტოვებდა. გარდა ამისა, ვიბარებდი კაკალს. ამითაც კმაყოფილი ვიყავი. არ არსებობს ისეთი რამ, რაც მოგებას არ დაგიტოვებს, თუმცა მცირე ბიზნესის წარმება სოფლად მომგებიანი მხოლოდ მაშინაა, თუ ბიზნესს საკუთარი თანხით წაამოიწყებ და არა ბანკიდან გამოტანილი სესხით. ბანკთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მაქვს, თუმცა სარგებელი ვერ ვნახე და ამ გზით ბიზნესის წარმოებაზე უარი ვთქვი, რადგან ჩემი მოგება სესხს მიჰქონდა და მე მხოლოდ შრომა მრჩებოდა. მაგალითად, რომ მქონდეს ხილის საშრობი, რომელიც დღის განმავლობაში 150 კილოგრამ პროდუქციას გადაამუშავებს, ადგილზე მოცვს მივიღებ, გადავამუშავებ და გავყიდი. ტყის მოცვის რეალიზაციის პობლემა არ შემექმნება და ოჯახის რჩენასაც თავისუფლად შევძლებ. ბიზნესიდეები ბევრი მაქვს, თუმცა მთავარი მაინც დაფინასებაა. ვფიქრობ, განაცხადს აუცილებლად შევიტან“, – ამბობს გენადი, რომელმაც იცის სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – შესახებ.

მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

სოფელ ღორჯომში მცხოვრები ნური ირემაძე კი ამბობს, რომ იგივე პროგრამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„თუ ასე იქნება, კარგია. მაგალითად, აქ, ჩვენთან, ხელსაყრელია კარტოფილის წარმოება. ჩემი ოჯახი მესაქონლეობას ეწევა, საქონლის გამოსაკვებად ხუთ ჰექტარზე თივა მომყავს, მაგრამ თუ იქნება სახელმწიფოსგან ფინანსური ხელშეწყობა, რითაც კარტოფილის მოსაყვანად შესაბამის ტექნიკას შევიძენ, თივის მოგროვებაზე აღარ ვიშრომებ, კარტოფილს მოვიყვან“, – ამბობს ნური.

ნურის მეზობლად მცხოვრები ბიჭიკო ირემაძის აზრით, უკეთესია სახელმწიფომ ერთ სოფელში დიდი პროექტი განახორციელოს, რითაც სარგებელს სოფლის მოსახლეობა მიიღებს: „ჩემი ოჯახი და მთლიანად სოფელ ღორჯომში მცხოვრები მოსახლეობა მესაქონლეობას ეწევა. ჩვენთვის მომგებიანი იქნება თუ სოფელში გაიხსნება რძის გადმამუშავებელი საწარმო, ან შევიძენთ სპეციალურ ავტომობილს, რითაც სოფლიდან ბათუმამდე რძის გადატანას შევძლებთ. შარშან ზაფხულში ლიტრა რძეს 80 თეთრად ვაბარებდით, ყოველდღიურად ავტომობილი ამოდიოდა და დღის განმავლობაში ორ ტონამდე რძე მიჰქონდა სოფლიდან. წელს აღარავინ დაინტერესებულა, საკუთარი ძალებით კი ვერ გადაგვაქვს რძე ბათუმში გასაყიდად, რადგან შორია მანძილი“.

„თანადაფინასებასა და გრანტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობდი, თუმცა კარგი იქნება სათბური რომ შევიძინო. აქ, ჩვენს პირობებში, მომგებიანია სასათბურე მეურნეობის წარმოება. თუ სათბურში მინიმუმ 150 ძირ პომიდორს გამოვიყვან, პურის ფული მაინც მექნება“, – ამბობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გულებში მცხოვრები ნიაზ დიასამიძე.
მეწარმეობის ხელშეწყობის სამთავრობო ინიციატივას სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო აფინასებს. პროგრამის ფარგლებში მეწარმემ საკუთარი ბიზნესიდეა უნდა წარუდგინოს სააგენტოს დასაფინასებლად. სააგენტო ერთ მეწარმეს 5 000, ორი მეწარმის (ამხანაგობას) 10 000, სამის კი 15 000 ლარით დააფინასებს. თანადაფინასების მისაღებად მეწარმემ თანადაფინასების თანხის მინიმუმ 20% ინვესტიცია უნდა განახორციელოს ბიზნესიდეაში. თანადაფინასების მოპოვება და ბიზნესიდეის განხორციელება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრწულწლოვან მოქალაქეს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე, სსიპ მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი.

კომპანია „ჯი ემ სი ჯი“-ს დირექტორი და პროექტის კოორდინატორი აჭარაში, მაია შიშნიაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაფინასების მოსაპოვებლად განაცხადები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან შევიდა.

„ნებისმიერ მეწარმეს შეუძლი ჩაერთოს პროგრამაში თუ ის არ ეწინააღმდეგება მცირე და მიკრო მეწარმეობის სტატუსით განსაზღვრულ საქმიანობას. პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – ფარგლებში აჭარაში განაცხადის მიღება 29 ივნისს დაიწყო და 15 აგვისტომდე გრძელდებოდა. მოსახლეობის დაინტერესება და აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, იქედან გამომდინარე, რომ პროგრამა ბიზნესსექტორს არ ზღუდავს, საკმაოდ მრავალფეროვანი იდეები შემოვიდა. არის როგორც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული, ასევე პროდუქტის წარმოებასა და ტურიზთან დაკავშირებული ბიზნესიდეები. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან ერთნაირი ოდენობის განაცხადი შემოდის, ვერც ამ მხრივ გამოვყოფ ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტს. განაცხადების რაოდენობა ამ ეტაპზე არ არის დათვლილი, თუმცა ბოლო პერიოდში განცხადებების შემოსვლის ტემპი გაიზარდა“, – ამბობს მაია შაშნიაშვილი.

პროექტის კოორდინატორის თქმით, ბიზნესიდეების დაფინასება ოქტომბერში დაიწყება. თანადაფინასების მოსაპოვებლად შესულ განცხადებებს კი სპეციალური კომისია წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმით შეაფასებს.

„ბიზნესიდეების შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია რამდენად სიცოცხლისუნარიანია იდეა. შეფასების პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე პროცესი, საუკეთესო წინადადებების ავტორებს ჩუტარდებათ ტრენიგი ბიზნესგეგმის მოსამზადებად, ბიზნესგეგმასაც კომისია შეაფასებს, გამარჯვებულები კი პროგრამის მონაწილეები გახდებიან.
იმისთვის, რომ დაინტერესებულმა მეწარმემ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შემოიტანოს, არ არის საჭირო მეწარმე რეგისტრირებული სუბიექტი იყოს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი ბიზნესიდეების კონკურსში გაიმარჯვებს და მასთან ხელშეკრულება დაიდება, აუცილებელია მან მეწარმის სტატუსი მოიპოვოს. ხელშეკრულებით ბენეფიციარს ვალდებულება ექნება პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინასება მიზნობრივად გამოიყენოს. რაც შეეხება დაფინანსების მონიტორინგს, ჩვენი ორგანიზაცია ვალდებულია ბენეფიციარს დაეხმაროს კონსულტაციებითა და ტრენინგებით – ჩაატაროს პერიოდული მონიტორინგი. მონიტორინგის დროს ორგანიზაციის თანამშრომლები დააკვირდებიან დაფინანსებული მეწარმეების საქმიანობას, მიღებული თანადაფინანსების მიზნობრივ ხარჯვას. თანადაფინანსების არამიზნობრივად გამოყენება ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად და მხარის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ბიზნესიდეების ნაირსახეობა შეზღუდული არ არის, თუმცა პროგრამის მოცულობა განსაზღვრულია. კონკურსის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო ბიზნესგეგმები და მათი ავტორები მიიღებენ თანადაფინანსებას“, – ამბობს მაია შაშნიაშვილი.

სახელმწიფოს გარდა, „შუახევისა და ხულოს ათი სოფლის მოსახლეობის გაძლიერების პროგრამა“ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორობით სამი თვის წინ დაიწყო. საოჯახო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის სამიზნე ჯგუფი ამ ორი მუნიციპალიტეტეტის ათი სოფლის მოსახლეობაა. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, გენო გელაძის თქმით, პროგრამაში ჩართულობის მიზნით 88 განაცხადია წარმოდგენილი და აქედან საშუალოდ 22-24 პროექტი დაფინანსდება.

გენო გელაძე: „პროგრამის ფარგლებში მარტივი განაცხადის ფორმებია შემუშავებული და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეუზღუდავია საქმიანობის სფერო. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით დაინტერესებულ ოჯახებს იდეის დამუშავებაში, სწორი გათვლების გაკეთებაში. ბიუჯეტი დამოკიდებულია კონკრეტული იდეის მასშტაბზე, ჩართული ოჯახების რაოდენობასა და მოსალოდნელ შედეგებზე. პროექტების ბიუჯეტებიც რადიკალურად განსხვავებულია. ერთი პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 22 000 ლარია, ხოლო მინიმალური – 300 ლარი.

პროგრამით მოსახლეობის დაინტერესება მაღალია, რასაც ჩემი აზრით განაპირობებს სამი მთავარი ფაქტორი: მოსახლოება არ არის შეზღუდული იდეებში, არ ვთხოვთ რთულ ბიზნესპროექტებს და ვაფასებთ ობიექტურად.

ჩვენი დაფინანსებული პროექტები ძალიან მრავალფეროვანია: საცხობი, კაფე, ხელოსანთა ჯგუფი, თევზის აუზი, მეფრინველეობა, წისქვილი, ხელსაქმე, მეფუტკრეობა… მთავარია, იყოს კარგი იდეა, სწორი გათვლა და მაღალი მოტივაცია, ჩვენი მუშაობის სტილია მაქსიმალური ობიექტურობის დაცვა, დაფინანსებით დაინტერესებული პირების თანაბარ პირობებში ჩაყენება და რაც მთავარია, დაფინანების შემდგომ საჭიროების შესაბამისი მხარდაჭერა“.


მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა. მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: