მთიანი აჭარა

მარტოხელა დედა დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს

01.06.2015 • 1982
მარტოხელა დედა დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს

 

ციური ხილაძე
ციური ხილაძე

 მარტოხელა დედა, ციური ხილაძე მცირეწლოვან შვილთან ერთად შუახევის ეკომიგრანტთა სახლში, ძმის კუთვნილ ბინაში თითქმის ერთი წელი ცხოვრობდა. ციური აქ მას შემდეგ დასახლდა, რაც მისი ძმა გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ციურის ბინის დაცლა აიძულა და ახლა მარტოხელა დედა ხელისუფლების მიერ დაქირავებულ ბინაში ცხოვრობს. 


ციური სოციალურად დაუცველია. მარტოხელა დედის და მისი სამი წლის შვილის თვიური შემოსავალი 108 ლარია, თუმცა ციური სამი თვეა ამ თანხასაც ვერ იღებს, რადგან თანხა კრედიტით წინასწარ გამოიტანა. მარტოხელა დედა თავს უფასო მუნიციპალურ სასადილოში დღეში ერთჯერადი სადილით ირჩენს.

„სამ თვეზე მეტი იქნება, რაც ფულადი დახმარება არ ამიღია, რადგან კრედიტით წინასწარ გამოვიტანე, არ ვიცი, როდის ავიღებ. არაფერი გამაჩნია, არ ვმუშაობ და არც არავინ მყავს დამხმარე. ბავშვი სამი წლისაა, ბაღში დამყავს, დღის განმავლობაში იქ კვებავენ, შაბათ-კვირას კი უფასო სასადილოდან გამოტანილ საჭმელს ვაჭმევ, თუ ვინმე არ მოდის სასადილოში, წინასწარ მეუბნებიან და მისი საჭმელიც მე გამაქვს, ზაფხულში, ბაღი რომ მოიხსნება, არ ვიცი რა უნდა ვქნა“ – ამბობს ციური.

 

ბინაში, სადაც ციური ცხოვრობს, არც ტელევიზორია, არც გათბობა, არც გაზი და არც მაცივარი. „საკუთარი არც პლეტა მაქვს და არც გაზი, ჩაი რომ დავლიო, წყლის გასაცხელებლად არაფერი გამაჩნია. აბაზანაში წყლის გამაცხელებელს ვრთავ და იმ წყალს ვიყენებ. ნახე, კარადებში არაფერი დევს“ – მაჩვენებს ძველ, ცარიელ კარადებს ციური სამზარეულოში.


შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც ეკომიგრანტთა სახლში ბინა ციურის ძმას ტარიელ ხილაძეს გადაეცა, ციური ძმასთან არ ცხოვრობდა, ამიტომ მას არ ჰქონდა უფლება ეკომიგრანტთათვის განკუთვნილ სახლში ეცხოვრა, ამიტომაც დაატოვებინეს ბინა. გამგებლის მოადგილე აქვე დასძენს, რომ საყოფაცხოვრებო პირობებს შექმნამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მარტოხელა დედას ბინის ქირას გადაუხდის. „მარტოხელა დედას ფინანსურ დახმარებას გავუწევთ საქველმოქმედო ფონდიდან, რაც შეეხება ბინის ქირას, გადავუხდით მანამდე, სანამ საყოფაცხოვრებო პირობებს არ მოვუგვარებთ.
ციურის გარდა გვყავს ოჯახები, რომლებსაც საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ჩვენ მივმართეთ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით, რომ გადმოგვცენ ყოფილი ფოსტისა და საავადმყოფოს დარჩენილი შენობები, რათა გავარემონტოთ და ამ ტიპის ოჯახების პრობლემა გადავჭრათ“ – ამბობს ზვიად დიასამიძე.

 

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მომსახურების შუახევის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მარტოხელა დედა სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებს შემწეობის სახით და სააგენტო სხვა დახმარებას მას ვერ გაუწევს. რაც შეეხება ბავშვის გამოკვებას, სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სამი წლის ბავშვის გამოკვებაზე სახელმწიფო პროგრამა არ ვრცელდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: