Batumelebi | ვარდების ბაღი ხულოდან ვარდების ბაღი ხულოდან – Batumelebi
RU | GE  

ვარდების ბაღი ხულოდან

 

ხულოს მუნიციპალური ცენტრიდან ერთი კილომეტრით მოშორებულ, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზე მდებარე სოფელ დეკანაშვილებში რეზო ქედელიძეს ჰოლანდიური შავი ვარდები რამდენიმე წელია მოჰყავს. ვარდები ქედელიძეების ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროა, ოჯახმა ყვავილების ბიზნესი რვა წლის წინ დაიწყო.

 

 

ვარდების ბაღი ხულოში

 

 

ხულოში მცხოვრები რეზო ქედელიძე უკვე რვა წელია ყოველ დილას ჰოლანდიური ვარდების ბაღში ხვდება. მიწაზე, სადაც ხულოში ძირითადად კარტოფილი და სიმინდი მოჰყავდა, ჰოლანდიური ვარდების გაშენება და მცირე ბიზნესის წამოწყება მეზობელ ქვეყანაში მცხოვრებმა ნათესავმა ურჩია. რეზოს იდეა მოეწონა და სესხის მისაღებად სახელმწიფოს ბიზნესიდეა წარუდგინა.

 

„ჰოლანდიური ვარდები ბიძაჩემს რუსეთში გამოჰყავდა, იდეაც სწორად მისგან წამოვიდა, მირჩია ჰოლანდიური ვარდის ძირები მეყიდა, ჩამომეტანა, აქ, ჩვენთან, სოფელში გამომეყვანა და საოჯახო ბიზნესად მექცია. მაშინ იაფი სესხის პროგრამა მოქმედებდა, სესხის მისაღებად წარდგენილი ჩემი ბიზნესგეგმა მოიწონეს და ბანკიდან 9%-იანი სესხი, 60 000 ლარი გამოვიტანე“, – გვიამბობს რეზო.

 

ბიზნესიდეის განხორციელება 2008 წლის აგვისტოს ომს დაემთხვა. რეზო ამბობს, რომ კრედიტით ნაყიდი, გემზე დატვირთული ვარდის ძირები სოჭის საზღვაო ნავსადგურში გადაუყარეს და იძულებული გახდა სესხი ხელმეორედ აეღო, რისთვისაც მამაპაპისეული სახლი იპოთეკით დატვირთა, ჰოლანდიური ვარდის ძირები შეიძინა და ვარდები ბათუმსა და ხულოში, მამაპაპისეულ მიწაზე მაინც მოაშენა.

 

„8 000 ძირი ვარდი გადამიყარეს სოჭში, თითოში 3 დოლარი მქონდა გადახდილი. ბანკის ვალი მქონდა დასაფარი, რომელსაც არც კი ვიცოდი როგორ ან რანაირად დავფარავდი, ამას ისიც ემატებოდა, რომ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შემესრულებინა. სესხს დაბალ პროცენტად აღარავინ მომცემდა, ამიტომ იდეის განსახორციელებლად ხელმეორედ ავიღე სესხი, ოღონდ კერძო პირისგან და მამაპაპისეული სახლი იპოთეკაში ჩავდე. ყოველდღე ველოდებოდი გამოსახლებას, თუმცა გამოსახლებასაც გადავურჩით და მიზანიც განვახორციელე, ამ ყველაფერში ჩემი ძმა დამეხმარა, მეზღვაურია და თითქმის ოთხ წელზე მეტი ჩემი ვალების დასაფარად იმუშავა. ოჯახის ყველა წევრი ვმუშაობდით და საბოლოოდ გავაკეთე ის, რაც მინდოდა, მაგრამ 120 000 ლარი ვალით. ბათუმში რკინის კონსტრუქციითა და წვეთოვანი სარწყავი სისტემით მოვაწყე სათბური, ვარდები დავრგე ბათუმშიც და ხულოშიც, ბათუმში არსებულ სათბურს მამაჩემი უვლიდა, მე – აქ. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ კი, ბათუმში სათბური გავაუქმე“, – ამბობს რეზო ქედელიძე.

 

იგი ამბობს, რომ ვარდის გამოყვანა რთულია, მაგრამ დროთა განმავლობაში სირთულეებსაც შეეჩვია: „საკმაოდ რთული და შრომატევადია ვარდების გამოყვანა, ხულოში სირთულეებს თოვლი და ყინვაც ქმნის. ვარდი რომ არ გაიყინოს, მცენარის მთავარ ღეროს დაზამთრებამდე მიწით ვფარავთ, რომ არ შეფუთო, გაიყინება, გაზაფხულზე კი მიწისგან ვათავისუფლებ, რის შემდეგაც მცენარე ტოტების გამოღებას იწყებს და ამ დროს ბალახისგან გასუფთავებაც სჭირდება, ამას მოყვება შეწამვლა – ყოველკვირეულად უნდა შეწამლო. ყველაზე ძნელი ხარისხიანი წამლის ნახვაა, ფაქტობრივად, აქ ვერც ნახავ, ინტერნეტით ვიწერ ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან. მართალია ძვირი მიჯდება, მაგრამ თუ ხარისხიანად არ შევწამლავ, ვიცი, რომ ვერანაირ მოსავალს ვერ მივიღებ და დავზარალდები, ამიტომაც მირჩევნია ძვირი გადავიხადო და ვარდი გადავარჩინო დაავადებისა და მწერებისგან.“

 

ვარდების დიდი ნაწილი მიწის ღია ნაკვეთზე აქვს გაშენებული, მცირე ნაწილი კი სათბურშია მოქცეული. რეზო ამბობს, რომ კარგია ყველა სათბურში იყოს, რადგან სათბურში გამოყვანილი ვარდი ხარისხიანია და თანაც ნაკლებად ავადდება, თუმცა მთლიანი მეურნეობის გადახურვისთვის ფერმერს დიდი თანხა სჭირდება.

 

„ძვირი ჯდება, გაზაფხულზე ვხურავ და ზამთარში ვხსნი, რადგან აქ სამი მეტრი თოვლი მოდის და ვერანაირი სათბური ვერ გაუძლებს ამხელა თოვლს“.
ხულოში გამოყვანილი ჰოლანდიური ვარდი მეწარმეს ბათუმში ჩააქვს და ადგილობრივ ბაზარზე ბითუმად ყიდის. რეზოს თქმით, ვარდის გადატანისას აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ვარდი ფუჭდება.

 

„ვარდი აყვავებას რომ დაიწყებს, აქაურობა სამოთხეს ემსგავსება, ულამაზესია. მაისში გამოიღებს ვარდს და გათოვებამდე ყვავის. თოვლი რომ არ იყოს, გააგრძელებს ყვავილობას, მაგრამ უთოვლო ზამთარი ხულოში არავის ახსოვს, უფრო მეტიც, ნაადრევადაც კი მოდის ნალექი, შარშან შემოდგომაზე გათოვდა და ვარდი დამიზიანა.

 

ერთი ძირი სამ-ხუთ ვარდს ისხამს, მაგრამ სარეალიზაციოდ შეიძლება მხოლოდ ერთი გამოდგეს, ასე ვერ გათვლი, მოსავლის მაქსიმუმ 10%-ს ვიყენებთ სარეალიზაციოდ. ჩემთვის მთავარი ის არ არის რამდენს დავკრეფ, მთავარია რამდენს გამოვიყენებ სარეალიზაციოდ. კვირის განმავლობაში ვკრეფთ, ვახარისხებთ, სპეციალურ, გრილ ოთახში ვათავსებთ, 10 გრადუსამდე უნდა იყოს ტემპერატურა, რომ არ დაჭკნეს, დაფასოებული ვარდები კი ბათუმში ჩამაქვს გასაყიდად. ფასი ვარდის ღეროს სიგრძეზეა დამოკიდებული, რაც უფრო გრძელია ღერო, მით უფრო მაღალია მისი სარეალიზაციო ფასი“, – ამბობს მეწარმე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე