Batumelebi | ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები – Batumelebi
RU | GE  

ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები

 

სატყეო რესურსების ქედის განყოფილებამ ხე-ტყის უკანონო ჭრის 37 ფაქტი გამოავლინა,  35 მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდა, ორი ფაქტი კი გამოსაძიებლად შსს სამინისტროს ქედის რაიონულ განყოფილებას გადასცა. უკანონო ჭრით სახელმწიფოზე მიყენებული ზარალი 24 929 ლარია.

 

177,71 კუბმეტრი ხე უკანონოდ ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ წელს გაჩეხა. ორ შემთხვევაში მოსახლეობამ წითელ წიგნში შესული სახეობები: წაბლი და მუხა მოჭრა უნებართვოდ. ტყის უკანონოდ გაჩეხვაზე მოკვლევა სატყეო სააგენტოს ქედის სამსახურმა აწარმოა, სახელმწიფოზე მიყენებული ზარალი დაითვალა და 35 ფაქტიდან ორი საქმე გამოსაძიებლად შს სამინისტროს ქედის რაიონულ სამმართველოს გადასცა. 33 მოქალაქეს კი ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა. 

 

სატყეო სააგენტოს ქედის სამსახურის უფროსი ჯემალ ბერიძე ამბობს, რომ მოსახლეობამ უნებართვოდ ძირითადად მეორე ხარისხის ხე მოჭრა, რომელიც მხოლოდ სათბობად გამოიყენება. იგი იმასაც დასძენს, რომ წინა წლებთან შედარებით უკანონო ჭრების რაოდენობა ქედაში შემცირებულია, რასაც მთებთან მისასვლელი გზების დროულად გაყვანითა და საჭირო ოდენობის ტყე-კაფის გამოყოფით ხსნის.

 

„წელს უკანონო ჭრის 37 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ორი საქმე გამოსაძიებლად ქედის რაიონულ სამმართველოს გადაეცა, როდესაც ზარალის ოდენობა 1000 ლარზე მეტია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და საქმეზე გამოძიება იწყება,“ – განმარტავს ჯემალ ბერიძე.

 

ქედის სამსახურის სატყეო სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ ხე-ტყე უკანონოდ არ გაჩეხოს, ტყის დამამზადებელი ბილეთი პირადი სარგებლობისთვის გამოიწეროს და სათბობი შეშა კანონიერად მოიმარაგოს. მისი თქმით, ტყეებთან მისასვლელი არსებული გზები გამართეს, დამატებით ახალი გზები გაიყვანეს და საკმარისი ოდენობის ტყე-კაფი გამოყეს.

 

„დღეის მდგომარეობით ყველა ტყეში შესაძლებელია ავტომობილი შევიდეს და მოსახლეობამ სათბობი შეშა მოიმარაგოს, ზოგ ტყეში არამარტო მაღალი გამავლობის, არამედ მსუბუქი ავტომობილიც კი გადაადგილდება, გზები გამართულია. ქედის სატყეო ადმინისტრაციას 2014 წლისთვის დაგეგმილი ჰქონდა 4 000 მეტრი ახალი გზის მშენებლობა და 13 950 მეტრი არსებული გზის რემონტი, გეგმის მიხედვით სხვადასხვა მთების მიმართულებით 3725 მეტრი ახალი გზა გავიყვანეთ, ამ დროისთვის ახალი გზა გაგვყავს სოფელ სირაბიძეებში, მთაში, 350 მეტრი ახალი გზა უნდა გაგვეყვანა, თუმცა ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ და 400 მეტრი გავიყვანეთ, ამის საშუალებას ტყეც იძლეოდა და ამინდმაც შეგვიწყო ხელი. რაც შეეხება არსებული გზების რემონტს, გეგმას გადავაჭარბეთ, 21 800 მეტრი გზა გავარემონტეთ, ახალი გზის გაყვანასთან ერთად პერიოდულად გამოვყოფთ ტყე-კაფს, სადაც მოსახლეობა სათბობ შეშას და სამასალე მერქანს ამზადებს. არსებული პირობებიდან გამომდინარე უკანონო ჭრები არ უნდა იყოს,“ – ამბობს ჯემალ ბერიძე.


მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით ქედაში 19  566 კუბმეტრი სათბობი შეშა და 1900 კუბმეტრი სამასალე მერქანია მოსახლეობისათვის გამოყოფილი, აქედან, 10 სექტემბრის მონაცემებით, ათვისებულია 4 623 კუბამეტრი სათბობი შეშა. „გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1600 კუბამეტრით მეტი ათვისება გვაქვს, ეს გამოიწვია გზის ადრე მშენებლობამ და ნებართვების დროულად გაცემამ,“ – აცხადებს ჯემალ ბერიძე.

 

სათბობი შეშის დასამზადებლად მოქალაქემ სატყეო რესურსების შესაბამის განყოფილებას უნდა მიმართოს, ხოლო სამასალე მერქანთან დაკავშირებით წერილობითი განაცხადი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა შეიტანოს, განაცხადს გამგეობაში არსებული კომისია განიხილავს, მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მოქალაქეს სატყეო ადმისნისტრაცია საჭირო ოდენობის სამასალე მერქანს გამოუყოფს.

 

უცვლელი რჩება სათბობი შეშისა და სამასალე მერქნის ღირებულება. ერთი კუბმეტრი სათბობი შეშის ფასი ფოთლოვანზე 3 ლარს შეადგენს, წიწვოვანზე – 2 ლარს, სამასალე მერქნის ღირებულება: წიწვოვანზე -15 ლარი, ფოთლოვანზე – 33 ლარია, სხვა მერქანზე კი – 9 ლარია, რასაც ემატება მომსახურების საფასური – ერთ კუბმეტრზე – 3 ლარი.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე