მთიანი აჭარა

პრობლემები სპორტში – ქედაში

01.03.2014 • 1523
პრობლემები სპორტში – ქედაში

 

 

ქედის სასპორტო სკოლაში სპორტის ექვსი სახეობა: თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, კინგ-ბოქსი, ჭადრაკი, ქართული ჭიდაობა და მინდვრის ჩოგბურთი ისწავლება. სასპორტო სკოლას ბაზები მხოლოდ სოფელ მახუნცეთში, წონიარისსა და პირველმაისში აქვს გახსნილი, სადაც მოსწავლეები თავისუფალ ჭიდაობასა და ჭადრაკს ეუფლებიან. სასპორტო სკოლის დირექტორი მანუჩარ ჯიჯავაძე ამბობს, რომ სპორტის განვითარებისთვის დაფინანსების ზრდა და სოფლებში სექციების გახსნა აუცილებელია.

 

„თუ გვინდა სპორტის განვითარება, არსებული ფინანსური შესაძლებლობებით ეს გამორიცხულია. მწვრთნელიც უნდა იყოს დაინტერესებული და სპორტსმენიც, სპორტსმენი არ უნდა ელოდებოდეს წლებს იმისთვის, რომ ტურნირზე გავიდეს. მინდა ბაზები გავხსნა პერიფერიებში, მერისში ჭიდაობის სექციის გახსნას ითხოვენ, სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები ვერ ჩამოდიან სასპორტო სკოლაში წვრთნებზე. გვყავდა მოსწავლეები, რომლებმაც სპორტს რამდენიმე კვირის შემდეგ მიანებეს თავი, რადგან გაუჭირდათ სოფლიდან სიარული. გარდა პერიფერიებისა, ადგილზე მჭირდება დამატებით მწვრთნელი ჭიდაობაში, ფრენბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის სექციის დამატება მინდა, მაგრამ დაფინანსება ამის საშუალებას არ მაძლევს. პერიფერიებში შესაძლებელია ძალოვანი სპორტი განვითარდეს და კარგი შედეგიც მივიღოთ”,  – ამბობს მანუჩარ ჯიჯავაძე.

 

სპორტული ღონისძიებების დაფინანსება ქედაში, გასულ წელთან შედარებით, 10 000 ლარით შემცირდა, რის გამოც ტურნირებზე ქედელი სპორტსმენებიდან მხოლოდ რამდენიმე იასპარეზებს.

 

რატომ შემცირდა დაფინანსება? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არც გამგეობაში აქვთ და არც საკრებულოში.
„სპორტული პროგრამები, ფედერაციების მიერ წარმოდგენილი ღონისძიებების, ქედის გამგეობის შესაბამისი სამსახურის, ქედის რესურსცენტრისა და საკრებულოს შესაბამის კომისიასთან შეთანხმებით, არსებული დაფინანსების ფარგლებში იგეგმება”, _ ამბობს ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი თამაზ დიასამიძე.

 

ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში, სადაც სპორტსმენები 14 წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ქედის გამგეობამ 7-8 სპორტსმენის მგზავრობა და კვება დააფინანსა. ვის დააფინანსებენ და რა წონით კატეგორიაში, ამას მწვრთნელი გადაწყვეტს.

 

„ბევრი პრობლემა გვაქვს, მწირია როგორც ჩვენი, მწვრთნელების, ხელფასი, ასევე პროგრამების დაფინანსება. მაშინ, როცა 14 წონითი კატეგორიაში ამზადებ მოსწავლეს და არასაკმარისი დაფინანსების გამო შეჯიბრებაზე მხოლოდ რამდენიმე გაგყავს, ეს ძალიან ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო და ევროპის პრიზიორი გავზარდეთ, გასულ წელთან შედარებით დაფინანსება შეგვიმცირეს. გვეუბნებიან, ხელფასები გაგვეზრდება და ჩვენც ველოდებით”, _ ამბობს თავისუფალი ჭიდაობის მთავარი მწვრთნელი ზაზა ღოღობერიძე, რომელიც ორჯერაა დაჯილდოებული, როგორც წარმატებული მწვრთნელი.

 

„რამდენი საშუალებაც იქნება, იმდენი წავა ტურნირსა და შეჯიბრებაზე. ეს არ არის თამაშობითი სახეობები, რომელშიც გუნდი გადის”, _ ამბობს ამირან დიასამიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
ქედის სპორტსკოლაში მთავარი მწვრთნელის ხელფასი 320 ლარია, მწვრთნელის კი _ 240 ლარი, დაქვითვის გარეშე.

 

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საკრებულომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა და ხელფასები კვლავაც უცვლელი რჩება. წლის ბიუჯეტში წარმატებული სპორტსმენების წახალისებაც არ გაითვალისწინეს _ პრემია ქედის საკრებულოში მხოლოდ საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისთვის გამოიყო.  

 

ამირან დიასამიძე ამბობს, რომ მწვრთნელებს დაბალი ხელფასი მთელს საქართველოში აქვთ და ქედაშიც ასეა.

გადაბეჭდვის წესი