მთიანი აჭარა

რა არის სიყვარული? – ხატიჯე ბებოს პასუხი და სხვა ამბები

28.12.2012 • 1863
რა არის სიყვარული? – ხატიჯე ბებოს პასუხი და სხვა ამბები

ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა კულტურული ტრადიციის შენახვის და მომდევნო თაობებისთვის გადაცემის კარგი მაგალითია. სკოლის დერეფანში მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. მოსწავლეები ნაკეთობებს ძირითადად ხელოვნების გაკვეთილზე აკეთებენ. ხელნაკეთებს აკეთებენ ბიჭებიც.

 

სოფელში შემორჩენილია ხელნაკეთი ნივთების შექმნის ტრადიცია. კალათები, გოდრები, წინდები _ ეს ისაა, რასაც მაჭახლის ხეობაში უხუცესები ქმნიან.

 

ქვედა ჩხუტუნეთში მცხოვრები 83 წლის კობა კახიძე გოდრებს ქსოვს. ამბობს, რომ ხელობა მამისაგან ისწავლა, თუმცა თავად მის შვილებს მამის საქმიანობის გაგრძელება არასდროს აინტერესებდათ. 

 

„40 წელია ამ საქმეს ვაკეთებ. ორი ბიჭი მყავს და არც ერთს არ აინტერესებს, მხოლოდ  ბადიშები მოდიან, გვასწავლე ბაბუო,~ _ ამბობს კობა კახიძე.

წინდის ქსოვა თავად ისწავლა ზემო ჩხუტუნეთში მცხოვრებმა 81 წლის ხატიჯე ქოქოლაძემ. ისე როგორც უწინ, ახლაც წინდებს მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის ქსოვს.

 

„ქსოვა თავისთავად ვისწავლე. ვუყურე მეზობელს და ვისწავლე. ექვსი წლის ვიყავი, დედა მომიკვდა. იმის მერე ობლად ვიზრდებოდი.  მერე გაგვასახლეს ყაზახისტანში.  სამი წელი ვიყავით იქ, დავბრუნდით და სამი წლის შემდეგ გამოვედით. მერე გავთხოვდი. ბიჭის მშობლებს მოვეწონე და  მაჭანკალი მომიგზავნეს. სამი წელი იარეს და ბოლოს დამაჯერეს. ისე გავთხოვდი, საქმროს არ ვიცნობდი. ქორწილის მეორე დღეს ვნახე მხოლოდ,“ _  ამბობს ხატიჯე ბებო. 

 

მისი თქმით, ახლანდელი დრო ბევრად სჯობს უწინდელს. მაშინ შინაური კაცების გარდა ვერავის დაელაპარაკებოდი, ახლა ჭიშკართან თავისუფლად გასვლა და ლაპარაკი შემიძლიაო  _ ამბობს.  

 

„რა არის სიყვარული? არ ვიცი. არ გამომიცდია. სიყვარულს დღესაც ვერ ვგრძნობ. მხოლოდ შვილები მიყვარს, მათი სიყვარული ვიცი,“ _ ამბობს ხატიჯე ბებო. 

 

მაჭახლის ხეობა კაჟიანი თოფი `მაჭახელას~ სამშობლოა. ხეობის შესასვლელში მაჭახელას თოფის ძეგლი დგას. თოფის გაკეთება მაჭახლელ ძნელაძეებსა და ქავთარაძეებს ერთად დაუწყიათ.  იმ უბანს, სადაც ადრე თოფის სამჭედლო იდგა, ძნელიეთს ეძახიან. ახლა იქ სამჭედლოს ნაცვლად მხოლოდ ნანგრევებია.

 

„მაჭახელა თოფი ძნელაძეებმა და ქავთარაძეებმა ერთობლივად გააკეთეს. ძველი სამჭედლო, სადაც თოფი მზადდებოდა, ახლა დანგრეულია, თოფის დასამზადებელი დაზგა კი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება,“ _ ამბობს ჩხუტუნეთელი ვასო ძნელაძე.

 

მაჭახელას ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმი ყოფილი მეჩეთის შენობაშია განთავსებული. მასში არქეოლოგიური მასალა, აჭარისთვის დამახასიათებელი საოჯახო ჭურჭელი, შრომის იარაღები და ეთნოგრაფიული მასალებია დაცული. მუზეუმში ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ ექსპონატები დროებით სხვა ადგილასაა გადატანილი.

 

რა მნიშვნელობა აქვს პროექტს, „კულტურის განვითარება _ თემის განვითარების წყარო“ რეგიონისათვის და იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის? _ ამის შესახებ „ბათუმელებს“ `თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე ესაუბრა:

 

„პროექტი მიზნად ისახავს კულტურული საკითხების შესწავლას, რა ვითარებაა სოფლის თემის და მუნიციპალიტეტის დონეზე და საჭიროებების გამოვლენას.  ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ის ადამიანები, ვინც აქტიურად არიან ჩართულნი  კულტურის სფეროში ადგილობრივ დონეზე. ეს შეიძლება იყოს სოფლის კლუბის ხელმძღვანელი,  შეიძლება იყოს რომელიმე ანსამბლის ხელმძღვანელი, ანსამბლის წევრი, ან  ზოგადად ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი კულტურის სფეროში, მაგრამ არ იციან ეს პოტენციალი როგორ განავითარონ. მათთვის არის დაგეგმილი ტრენინგების ციკლი. მენეჯმენტში, ინფორმაციის მოპოვებაში, პროექტების წერაში და ა.შ. რაც მე მხიბლავს ამ პროექტში, ეს არის მინიგრანტების დაფინანსება,“ _ აცხადებს ასლან ჭანიძე.  

 

მისივე თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ძველი ტრადიციებისადმი ინტერესის გაზრდას.

 

„მე ვნახე ბიჭი, რომელიც გობელენზე საოცრად ქსოვდა. როდესაც ვკითხე, ყიდდა თუ არა ის თავის ნამუშევრებს, მის ნაცვლად ბავშვის ბებიამ მიპასუხა, ამას როგორ გავყიდიო. ჩვენი მიზანია, დავანახოთ ამ ადამიანებს, რა მნიშვნელოვანია ადგილობრივი რეწვის განვითარება და როგორ შეიძლება მათ დამატებითი შემოსავალი იშოვონ იმ ტრადიციული საქმიანობით, რომლის გადარჩენაც და მომავალ თაობებში გადაცემას ესოდენ მნიშვნელოვანია,“ _ ამბობს ასლან ჭანიძე. 

 

პროექტის ფარგლებში აჭარაში ექვსი სოფლის პოტენციალი იქნება შესწავლილი. პროექტი ასევე საქართველოს ორ რეგიონში განხორციელდება.

გადაბეჭდვის წესი