მთავარი,სიახლეები

გონიოელები ხელისუფლებას პასუხს სთხოვენ

29.02.2016 • 1993
გონიოელები ხელისუფლებას პასუხს სთხოვენ

გონიოელები მომავალი ორშაბათიდან მასობრივ საპროტესტო აქციებს და მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ, თუკი ბათუმის საკრებულო  მათი მიწების ჩამორთმევის გახმაურებულ საკითხს ისევ არ განიხილავს. გონიოში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს ბათუმის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია იმიტომ გამართეს, რომ იანვარში მიწერილ ოფიციალურ, კოლექტიურ წერილზე პასუხი ვერ მიიღეს.

გონიოელებს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში  საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი და გონიოს მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმის საკრებულოში – ირაკლი მიქელაძე შეხვდნენ. ლევან კინწურაშვილი გონიოელებს ერთ კვირაში დაპირდა პასუხს. ამ დროში საკრებულომ უნდა გაარკვიოს, რა პოზიცია აქვს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ  სააგენტოს, რომელიც სადავო მიწების მესაკუთრედ ითვლება.

„ერთი საბუთი მაინც მაჩვენეთ, რა გააკეთეთ, რომ დავიჯერო რამეს აკეთებთ“ – მიმართა ლევან კინწურაშვილს გონიოელმა ენვერ ირემაძემ მას შემდეგ, რაც ლევან კინწურაშვილისგან მოისმინა: „პროცესი მიმდინარეობს“. ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია გონიოელებს სადავო მიწების საკითხის განხილვას დაახლოებით ერთი წელია პირდება.

IMG_0009

„თქვენ უნდა შემოიტანოთ ინდივიდუალურად დოკუმენტაცია და ცალ-ცალკე განვიხილავთ“ – ლევან კინწურაშვილს ამ შეთავაზებაზე ენვერ ირემაძემ გასული წლის 28 მაისს მის მიერ ინდივიდუალურად შეტანილი წერილი შეახსენა, რაზეც უარი მიიღო. „აღიარების კომისია დაელოდება აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მიერ რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებას“ -აღნიშნულია საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ენვერ ირემაძისთვის მიწერილ წერილში.

ამ წერილით ენვერ ირემაძემ სასამართლოს უკვე მიმართა და ორი ინსტანცია მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს კომისიამ უნდა განიხილოს, ჩამოართვეს თუ არა კანონიერად მას გონიოში მიწის ნაკვეთი, თუმცა ბათუმის საკრებულო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მესამე ინსტანციაში აპირებს.

„ეს არის ვალდებულება, ყველა ინსტანცია უნდა გავიაროთ და თუ საბოლოოდ დაგვავალდებულებს სასამართლო, მაშინ განვიხილავთ“ – ამბობს  ლევან კინწურაშვილი, რომელიც ამავდროულად საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეცაა. „ეს ვალდებულება არ აქვს საკრებულოს, მას უბრალოდ უფლება აქვს, გაასაჩივროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მიწის ნაკვეთი აუცილებლად უნდა დაუბუნონ ენვერ ირემაძეს. სასამართლომ დაადგინა, რომ საკითხი უნდა განიხილოს აღიარების კომისიამ“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო სიორიძემ, „სერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია ენვერ ირემაძეს სამართლებრივად ეხმარება.

ლევან კინწურაშვილის თქმით, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, კომისია მიწებს გონიოელებს ვერ დაუბრუნებს. „ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. რამდენჯერმე მივმართეთ ქონების მართვის სააგენტოს, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ამ კვირაში კიდევ ერთხელ ვეცდებით გავიგოთ მათი პოზიცია. თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ საქმეზე ადმინისტრაციულ წარმოებას დავასრულებთ“.

ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი როლი ამ პროცესში მინიმალურია და „პოლიტიკური ნება“ სააგენტოზე არაა დამოკიდებული. უწყების პრესსამსახური ამ საკითხზე კომენტარს დღის ბოლომდე დაგვპრიდა.

სადავო მიწები გონიოში 271 ოჯახს ექსპრეზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. 2010 წელს ეს მიწები გონიოელებს ჩამოართვეს. ხელისუფლებაში მოსვლადე, კოალოიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება სწორედ გონიოს მიწების დაბრუნება იყო.

IMG_0001

აქცია მერიასთან

IMG_0003

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: