სიახლეები

ქობულეთში ბავშვთა პანსიონი დააჯარიმეს

15.02.2015
ქობულეთში ბავშვთა პანსიონი დააჯარიმეს

 

„დაჯარიმების მიზეზი იყო არალიცენზირებული საქმიანობა პანსიონის მხრიდან. ლიცენზიის შესახებ  კანონში წერია რომ თუ არის საქმიანობა არალიცენზირებული პირველ რიგში ეძლევა გაფრთხილება და შემდეგ ჯარიმდება,“- განუცხადა „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

 

კითხვაზე თუ რა ბედი ელის ამჟამად პანსიონში მყოფ ბავშვებს, მარი წერეთელი პასუხობს:

„პანსიონის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეჩერდეს. ახლა ვსწავლობთ ბავშვებს, ვსწავლობთ ოჯახებს. სასურველია ბავშვები და ოჯახები გავაერთიანოთ ისევ. შევხედოთ შემდგომში რეგულირების სააგენტო რას გააკეთებს, როგორ მოექცევა პანსიონი ლიცენზირების ქვეშ. ამ ეტაპზე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებაზე ვფიქრობთ“.

 

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ საბავშვო პანსიონი ქობულეთში 2014 წლის ნოემბერში გახსნა. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით პანსიონი აჭარის რეგიონში მცხოვრებ 50 ბავშვზეა გათვლილი, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობენ. ბავშვები სააღმზრდელო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი არიან კვებით, ტანსაცმლით, ტექნიკითა და  სამედიცინო მომსახურებით. მსგავსი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი „სოციალურ პარტნიორობას“ რამდენიმე წელია თბილისში აქვს გახსნილი.

 

დღეისათვის საქართველოში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონები აღარ არსებობს. არის მხოლოდ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები. თუმცა ამის პარალელურად არსებობს რელიგიური პანსიონები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოსა და სხვადასხვა რელიგიურ კონფესიების პატრონაჟის ქვეშაა. მარტო აჭარაში სამუფთოს 24 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს, სადაც მოზარდები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან. ბავშვთა სახლი აქვს ბათუმში საქართველოს საპატრიარქოსაც.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა სამუფთოს და საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ბავშვთა პანსიონები შემოწმებული ან სამომავლოდ თუ იგეგმება – სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა განაცხადა:  

 

„იწყება კანონმდებლობის ცვლილება. თავისთავად ვცდილობთ ყველა ოჯახი ყველა ბავშვი შევისწავლოთ, შემდეგ ვითანამშრომლოთ. ჩვენ ვინმეს კი არ ვერჩით. ჩვენი მთავარი ინტერესი არის ბავშვი“.

 

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ პრეზიდენტს გიორგი ქვრივიშვილს. ქვრივიშვილის თქმით, მისთვის ცნობილია პანსიონის დაჯარიმების ფაქტი, თუმცა კომენტარს აღნიშნულ საკითხზე მას შემდეგ გააკეთებს, რაც ოფიციალური დოკუმენტაცია ჩაბარდება.

 

პანსიონი ქობულეთში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.