მთავარი,სიახლეები

ენმ-ს სააგიტაციო ბუკლეტი ამომრჩევლის ბარათთან ერთად – პარტიამ წარმომადგენელი კომისიიდან გაუშვა

29.09.2017
ენმ-ს სააგიტაციო ბუკლეტი ამომრჩევლის ბარათთან ერთად – პარტიამ წარმომადგენელი კომისიიდან გაუშვა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ აძლევს საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ბუკლეტს ამომრჩევლის ბარათთან ერთად. ამომრჩეველი კომისიის წევრს ეკითხება, აქვს თუ არა მას სააგიტაციო მასალის გავრცელების უფლება. კომისიის წევრი ამომრჩეველს პასუხობს, რომ სააგიტაციო მასალა მას საარჩევნო შტაბში დაურიგეს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ საარჩევნო კომისიის წევრი ნამდვილად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და იგი მარინა ჟღენტია.

„ეს არის კანონდარღვევა და ეს არ უნდა მოხდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან. სწორედ ამიტომ ეს ქალბატონი აღარ იქნება საარჩევნო კომისიის წევრი,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

მირდატ ქამადაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა ვიდეოს იმ ნაწილზეც, სადაც მარინა ჟღენტი ამბობს, რომ სააგიტაციო მასალა შტაბში დაურიგეს. „ჩემთვის უცნობია, სად ნახა ეს ბუკლეტები. მთავარი არის ის, რომ ეს იყო კანონდარღვევა,“ – დასძენს მირდატ ქამადაძე.

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ვიდეოს შესახებ ახლახან გაიგეს და მას აუცილებლად შეისწავლიან. „ჯერჯერობით საჩივარი არ შემოსულა  და განხილვაც არ დაწყებულა,“ – გვითხრა ოლქის მდივანმა, ნანი ცივაძემ.

ამ შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

„გავრცელებული მასალის საფუძველზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას კანონის დარღვევით, ვინაიდან საარჩევნო კომისიის წევრს ცალსახად ეკრძალება რომელიმე პარტიის სასარგებლოდ მხარდამჭერ, ან სხვა ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობა. ვინაიდან კომისიის წევრმა არ დაიცვა კანონის მოთხოვნები, მასზე შეიძლება გატარდეს სანქცია 2 000 ლარის ოდენობით. დარღვევის განხილვასა და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ოლქი, რომელიც შემდგომ განსახილველად ეგზავნება სასამართლოს,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

მთავარი ფოტო: კადრი ფეისბუქით გავრცელებული ვიდეოდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: