მთავარი,სიახლეები

აჭარის განათლების სამინისტროს სადავო ტენდერი კონცერტებზე

01.04.2017
აჭარის განათლების სამინისტროს სადავო ტენდერი კონცერტებზე

ტურისტული სეზონისთვის 4 კონცერტის ორგანიზებაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა საწყისი ფასით –  90 ათასი ლარი. ტენდერის აღწერილობაში წერია, რომ კონცერტები ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და გოდერძზე უნდა მოეწყოს.

კონცერტების ორგანიზებას სავარაუდოდ აჭარის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული – „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“ განახორციელებს. ცენტრმა სამინისტროს ელექტრონულ ტენდერში 79 998 ლარად შესთავაზა ამ სამუშაოს განხორციელება. ტენდერში მონაწილეობდა ინდ. მეწარმე „ლაშა კვარაცხელიაც“, რომელმაც იმავე კონცერტების ორგანიზება  გაცილებით დაბალ ფასად, 73 730 ლარად შესთავაზა.

ტენდერის წესებიდან გამომდინარე, გამარჯვებული ისაა, ვინც ნაკლებ ფასად სთავაზობს სახელმწიფო უწყებას კონკრეტული მომსახურების გაწევას, მაგრამ ინდ. მეწარმე „ლაშა კვარაცხელიას“ განათლების სამინისტროს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა. კომისიის შეფასებით, ფესტივალების ჩატარების დამადასტურებელი 3 დოკუმენტიდან ერთ-ერთით არ დასტურდება ფესტივალის ჩატარება, ხოლო წარსულში სამი ფესტივალის ჩატარება ტენდერის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა იყო.

ლაშა კვარაცხელიამ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. ის საქართველოს კანონმდებლობაზე აკეთებს აქცენტს, სადაც ტერმინი „ფესტივალი“ განმარტებული არ არის და ეს ტერმინი არც ამ კონკრეტული ტენდერის აღწერილობაში გვხდება:

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ შემოიფარგლა სატენდერო კომისია დოკუმენტის მხოლოდ ზედაპირული შეფასებით და რატომ არ განიხილა მისი შინაარსი, რომლის მიხედვითაც შემსრულებელმა განახორციელა 3-დღიანი გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის, სხვადასხვა ჟანრის კონცერტების და თეატრალური წარმოდგენების,“ –  ვკითხულობთ „ლაშა კვარაცხელიას“ მიერ დავების საბჭოსთვის მიმართულ საჩივარში.

„საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა ტერმინ „ფესტივალის“ განმარტებას. საბაზრო ურთიერთობებსა და ხელოვნებაში კი ფესტივალს მრავალნაირი გაგება აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოცემულ ტენდერშიც საერთოდ არაა სიტყვა ფესტივალი ნახსენები. თუმცა მოთხოვნებში წერია, რომ პრეტენდენტს კონცერტებთან ერთად, უნდა გააჩნდეს ფესტივალის ჩატარების გამოცდილებაც. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი მოთხოვნა შემსყიდველმა ჩადო იმის გამო, რომ მოცემული ტენდერის შესყიდვის ობიექტი მათი შეფასებით წარმოადგენს ასევე ფესტივალს და არა უბრალოდ კონცერტს. შესყიდვის ობიექტი კი ასეთია: „ღონისძიების ორგანიზება, კერძოდ, კონცერტების ორგანიზება ტურისტულ სეზონზე აჭარის რეგიონში ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით“. ჩვენ მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში კი მითითებულია, რომ 3 დღის განმავლობაში 9 საკონცერტო წარმოდგენა გაიმართა, სადაც სხვადასხვა ბენდი მონაწილეობა“, – აღნიშნულია საჩივარში.

საჩივარს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო არ განიხილავს. სააგენტოს ინტერნეტგვერდზე უკვე განთავსებულია პასუხი, სადაც წერია, რომ გასაჩივრებისთვის დადგენილი 5-დღიანი ვადა 28 მარტს უკვე გავიდა, ხოლო ინდმეწარმემ სააგენტოს 29-ში მიმართა.

სატენდერო კომისიაში დოკუმენტაცია უკვე წარადგინა „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა“. ამ დოკუმენტების განხილვას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აჭარის განათლების სამინისტროს სატენდერო კომისია მომავალ კვირას გეგმავს.

ამონარიდი სატენდერო კომისიის ოქმიდან

ამონარიდი სატენდერო კომისიის ოქმიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: