მთავარი,სიახლეები •

ბათუმში პირი მძევლად აიყვანეს და ოჯახს გამოსასყიდს სთხოვდნენ – რა გადაწყვიტა სასამართლომ

20.11.2026
ბათუმში პირი მძევლად აიყვანეს და ოჯახს გამოსასყიდს სთხოვდნენ – რა გადაწყვიტა სასამართლომ

პროკურატურის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურა წერს, რომ 2026 წლის 4 თებერვალს, ბათუმში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებელს მიღების მიზნით, დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

„ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ მძევლის ოჯახის წევრებს და გათავისუფლების სანაცვლოდ 2 500 000 თურქული ლირის გადაცემას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრებს დიდი ოდენობით თანხა, ოქროს ნაკეთობები და სხვა პირადი ნივთები გამოსძალეს“ – წერს უწყება.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ვ“ , „ი“ , მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი შვიდ დღეზე მეტი ხნით, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის და ქონებრივი უფლების გადაცემის და ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: