ბათუმი,მთავარი,სიახლეები • • •

ფიროსმანის ქუჩას გორგილაძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებთან დააკავშირებენ – ახალი გზები ბათუმში

18.11.2026
ფიროსმანის ქუჩას გორგილაძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებთან დააკავშირებენ – ახალი გზები ბათუმში

2027 წელს ბათუმში ფიროსმანის ქუჩის დაკავშირება იგეგმება გორგილაძისა და ასევე, აბუსერიძის ქუჩასთან.

გზის ახალი მონაკვეთების მოსაწყობად  ქალაქის ბიუჯეტში ჯამში 3,15 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ფიროსმანისა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობისთვის 189 ათას 842 ლარია გათვალისწინებული. ფიროსმანისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მოსაწყობად კი – 2 მილიონ 865 ათას 370 ლარი.

წითელი ხაზებით მონიშნულია ახალი გზის ის მონაკვეთები, რომლითაც ფიროსმანის ქუჩა დაუკავშირდება გორგილაძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებს

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით:

„ბათუმში, დაგეგმილია ფიროსმანის ქუჩისა და ზურაბ გორგილაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის კეთილმოწყობა – 97 გრძ.მ.-ზე მოეწყობა: ახალი სანიაღვრე პოლიეთილენის მილები 119 გრძ.მ. მოეწყობა ბაზალტის ბორდიური 400 გრძ.მ. დაიგება დეკორატიული ფილა 371,8 კვ.მ. ტაქტილური ფილა 58,20 კვ.მ. დაიგება მსხვილმარცვლოვანი ა/ბეტონის საფარი 711 კვ.მ. და წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონის საფარი 711 კვ.მ. 0,291 კმ.-ზე გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა, დამონტაჟდება 4 ცალი გარე განათების ბოძი სანათით“.

ეს ახალი მონაკვეთი ფიროსმანიდან [ყოფილი პოლიტექნიკურის მიმდებარე ადგილიდან] გორგილაძის ქუჩას იუსტიციის სახლის მიმდებარედ შეუერთდება.

რაც შეეხება ფიროსმანის ქუჩისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის კეთილმოწყობას:

„850 გრძ.მ.-ზე მოეწყობა: ახალი სანიაღვრე პოლიეთილენის მილები 1482 გრძ.მ. მოეწყობა ბაზალტის ბორდიური 2981 გრძ.მ. დაიგება დეკორატიული ფილა 2586,4 კვ.მ. ტაქტილური ფილა198,6 კვ.მ. დაიგება მსხვილმარცვლოვანი ა/ბეტონის საფარი 9175 კვ.მ. და წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონის საფარი 9175 კვ.მ. 2,553 კმ.-ზე გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა, დამონტაჟდება 30 ცალი გარე განათების ბოძი სანათით“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამ შემთხვევაში ფიროსმანის ქუჩა ტბელ აბუსერიძის ქუჩას ორი ადგილიდან დაუკავშირდება. ერთი მონაკვეთი ფიროსმანიდან [ყოფილი პოლიტექნიკურის მიმდებარე ადგილიდან] აბუსერიძეზე კარფურის მიმდებარედ [პოლიციის შესასვლელთან] გამოვა, მეორე მონაკვეთი კი – „დიეს მოლთან“. ეს ახალი მონაკვეთები ერთმანეთსაც დაუკავშირდება [პოლიციის ტერიტორიის გასწვრივ] და ახალი მონაკვეთი ცალკე დაუკავშირდება, ასევე, ჟიული შარტავას გამზირსაც.

პროექტის მიხედვით, ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტი 545 მილიონი ლარია, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომავალ წელს მერიას 141 მილიონი აქვს გათვალისწინებული.

ფიროსმანის ქუჩა კიდევ ერთი ახალი გზის მონაკვეთით ასევე დაუკავშირდება ფარნავაზ მეფის ქუჩას. ეს პროექტი მერიას ადრე ჰქონდა დაგეგმილი და 2025 წელს დასრულებულიც უნდა ყოფილიყო, თუმცა სამუშაოები 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და 2027 წელშიც გაგრძელდება.

ამ თემაზე ვრცლად:

ფიროსმანისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების შეერთება – „ევრო 2000“-თან შეთანხმება არ არის, სამუშაოები კი დაიწყო

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: