სიახლეები •

2 ძმის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს, ამოღებულია იარაღი

06.11.2026
2 ძმის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს, ამოღებულია იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ძმის მკვლელობის საქმეზე გარდაცვლილების თანასოფლელი დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ძმებს თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა ისინი ქორწილში მიდიოდნენ. ორი ძმა ადგილზევე დაიღუპა – მესამემ კი გაქცევა და მანქანისთვის თავის შეფარება მოახერხა.

შს სამინისტროს განცხადების თანახმად, „საგარეჯოში კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე კაცი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: