მთავარი,სიახლეები • •

ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, რუსეთიდან იყო – III კვარტალის მონაცემები

01.11.2026
ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 596.8 ათასი, რუსეთიდან იყო – III კვარტალის მონაცემები

2026 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 596.8 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან იყო.

ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში პროცენტულად ყველაზე მეტი ვიზიტი – 26.7 პროცენტი, რუსეთიდან იყო.

მეორე ადგილზეა თურქეთი 14.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 11.0%-იანი წილით.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (695.8 ათასი), თურქეთისა (398.1 ათასი) და სომხეთის (316.2 ათასი) მოქალაქეების მიერ. 

ჯამში, 2026 წლის III კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც, საქსტატის ცნობით, 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორთა 40.1 პროცენტის ასაკი 31-50 წელი იყო.

„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 3.3 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 3.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“ – წერს საქსტატი. 

საერთაშორისო ვიზიტორების 82.1 პროცენტს ტურისტები შეადგენდნენ. მხოლოდ ექსკურსანტების [ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე] წილმა 14.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.6 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში,

რაც შეეხება შემოსავლებს, საქსტატის ცნობით, 2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

____________

ფოტოზე: ლარსი, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/ზურაბ ქურციკიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: