მოსამართლე ნინო სახელაშვილს ჯერ კიდევ არ დაუწყია 12 წლის მოზარდის საქმის არსებითი განხილვა, რომელსაც ცეკვის მასწავლებელმა სცემა.
მასწავლებელს 2 წლის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. ამის შემდეგ საქმე ნინო სახელაშვილს გადაეცა განსახილველად, თუმცა მას ეს საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული [ასე ამბობენ ხოლმე წლობით გაჭიანურებულ საქმეებზე].
როგორც ბავშვის მამა, გოჩა მელაძე აცხადებს, ცეკვის მასწავლებელი თავის საქმიანობას აგრძელებს.
გოჩა მელაძის ინფორმაციით, ადვოკატი პერიოდულად ეხმიანება მოსამართლის თანაშემწეს კითხვით, როდის დაიწყებს მოსამართლე საქმის არსებით განხილვას. ის კი სხვადასხვა მიზეზს ასახლებს: „ხან ბევრი საქმე აწერიაო, ახლახან ქორწილი ჰქონია მოსამართლეს და არ ეცალა“.
როგორც ჩანს, მოსამართლე ნინო სახელაშვილისთვის ბავშვის უფლებების დაცვა პრიორიტეტი არ არის, ამიტომაც 12 წლის მოზარდის საქმე უკვე 2 წელია თაროზე შემოდო.
12 წლის მოზარდს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა სცემა. ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა.

მომხდარის შემდეგ მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც მან დირექტორს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გაასაჩივრებდა.
ბავშვზე ძალადობის ფაქტზე „ბათუმელებმა“ სტატია 2024 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა, [გამოვაქვეყნეთ ძალადობის ამსახველი ვიდეოც] 10 ოქტომბერს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„მოქალაქეებს ტროტუარზე დგომისთვის სჯიან, მასწავლებელი კი ბავშვზე ძალადობისთვის არ დასჯილა“, – აცხადებს გოჩა მელაძე.
__
ამავე თემაზე
ბავშვზე მოძალადე არ დასჯილა, ლოყის აწითლების გამო კი მთელი სისტემა იცავს პოლიციელს – მოქალაქე


