მთავარი,სიახლეები • • •

რატომ არ მისცეს ადვოკატს საშუალება პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები გამოეტანა – პენიტენციური საიას პასუხობს

08.10.2026
რატომ არ მისცეს ადვოკატს საშუალება პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები გამოეტანა – პენიტენციური საიას პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა.

განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გუშინ, 7 ოქტომბერს გაავრცელა, პენიტენციურმა სამსახურმა მას დღეს, 8 ოქტომბერს უპასუხა განცხადებით.

7 ოქტომბერს, საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

საიას ცნობით, პატიმართან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიუთითებს კანონმდებლობაზე და წერს, რომ მართალია, ადვოკატს აქვს უფლება ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი, მაგრამ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.

პენიტენციური არაფერს წერს განცხადებაში იმაზე, რომ ადვოკატს, როგორც საია აცხადებს, ფიზიკურად არ მისცეს ჩანაწერების სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გატანის უფლება და იგი, ადვოკატისვე თქმით, იძულებული გახდა ჩანაწერები დაეხია.

„პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას, უზრუნველყოფს დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება.

შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა.

პენიტენციური კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური, როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ასევე, თითოეულ ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას, დაწესებულების მეშვეობით მოხდეს კორესპონდენციის გაგზავნა, შესაბამისი წესით. ყველა ამ ნორმის შესახებ ინფორმირებულია ყველა მოქმედი ადვოკატი. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია“ – წერს უწყება.

საია საქართველოს სახალხო დამცველისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, ისე პატიმრის სამართლებრივი დახმარებისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის გარანტიების დაცვის კუთხით და ყურადღება მიაქციოს პატიმრის უსაფრთხოებასა და შესაძლო ზეწოლის რისკებს.

ამავე დროს, ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას – მოახდინოს დროული და ქმედითი რეაგირება ადვოკატის პროფესიული უფლებების დასაცავად და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მსგავსი შეზღუდვების აღკვეთის საკითხი.

ასევე, საია მოითხოვს პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები.

პატიმარი გიორგი დავითაძე ბადრაგებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ თემაზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა და თქვა, რომ ფაქტი მოხდა დეესკალაციის ოთახში, სადაც კამერაა დამონტაჟებული. დავითაძემ განაცხადა, რომ  ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. იგი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

ფოტოზე: კადრი პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ვიდეოდან, რაზე დაყრდნობითაც პენიტენციური აცხადებს, რომ გიორგი დავითაძე ცრუობს, რომ მასზე სექსუალური ძალადობა მოხდა. ამავე დროს, ამავე კადრებზე დაყრდნობით კვალიფიციური უფლებადამცველები და იურისტები აცხადებენ, რომ ვიდეო არ გამორიცხავს სექსუალური ძალადობის ფაქტს პატიმარზე და აჩენს ბევრ კითხვას. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: