მთავარი,სიახლეები • •

ბულგარეთში ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრები ვერ იპოვეს – სამაშველო ოპერაცია შეწყდა

07.10.2026
ბულგარეთში ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრები ვერ იპოვეს – სამაშველო ოპერაცია შეწყდა

ბულგარეთში, შავ ზღვაში შეწყვიტეს 6 ოქტომბერს დრონის დარტყმის შედეგად ჩაძირული გემის სამძებრო სამუშაოები.

„ჩაძირული სატვირთო გემ ALFA WATAN-ის ეკიპაჟის სამძებრო ოპერაცია შეწყდა და აღარ განახლდება. მეზღვაურების კვალი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი“, – ციტირებს ბულგარული მედია საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელი სააგენტოს სამაშველო ოპერაციების მთავარ დირექტორს, რუმენ ნიკოლოვს.

ადგილზე მხოლოდ გადაბრუნებული სამაშველო ნავი, სამი სამაშველო ტივი და გემის აღჭურვილობის ნაწილები იპოვეს, რომლებიც ზღვის ზედაპირზე ტივტივებდნენ. მედიის ინფორმაციით, დაკარგული ეკიპაჟის პოვნის იმედი ფაქტობრივად არ არსებობს.

ბორტზე სავარაუდოდ 10-დან 20-მდე წევრი იმყოფებოდა. ამ დრომდე არ ვრცელდება დაზუსტებული ინფორმაცია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ეკიპაჟის წევრები.

„ბათუმელები“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა კითხვით, ხომ არ იმყოფებოდნენ აღნიშნულ გემზე ქართველი მეზღვაურები. სააგენტოში გვაცნობეს, რომ აღნიშნულ გემზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გემს მარილი გადაჰქონდა და ეგვიპტიდან რუმინეთში მიცურავდა.

დრონები ბულგარეთის სანაპიროდან 80 საზღვაო მილის დაშორებით ორ სატვირთო გემს 6 ოქტომბერს დაეჯახა. სატვირთო გემი ALFA WATAN-ი ძლიერი აფეთქების შემდეგ რამდენიმე წამში ჩაიძირა.

მედიის ცნობით, მეორე გემის მდგომარეობა, რომლის ეკიპაჟის 18 წევრი, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები გადაარჩინეს, ასევე კრიტიკულია. გემი, სავარაუდოდ, ჩაიძირება.

___________________

ფოტოზე: კომერციული გემი ALFA WATAN-ი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: