6 ოქტომბერს, ღამით, უკრაინამ რუსეთში მოსკოვის ოლქს 600-ზე მეტი დრონით შეუტია.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, უკრაინის თავდასხმის შედეგად ორი კაცი დაიღუპა, ცხრა დაშავდა და ისტრაში, დომოდედოვოსა და ოლქის სხვა ქალაქებში კერძო სახლები დაზიანდა.
უკრაინის თავდასხმის გამო ღამით მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეიზღუდა. მოგვიანებით „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ მათ ოპერაციები დილის 5 საათის შემდეგ განაახლეს.
პირველადი ინფორმაციით, უკრაინული დრონები მოსკოვის ოლქში ნავთობის ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს, საუბარია ვოლოდარსკაიას ხაზოვანი წარმოებისა და განაწილების სადგურის შესაძლო დაბომბვაზე. სადგურს ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტონა ნავთობპროდუქტი გადააქვს.
ტელეგრამზე დრონების შეტევის ამსახველი არაერთი კადრი გავრცელდა.
კიევი პერიოდულად ესხმის თავს რუსეთში ნავთობის მრეწველობის ობიექტებს, რათა შეაფერხოს ნავთობის ინდუსტრია რუსეთში და შეამციროს ენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც გამოიყენება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად.
_______________
ფოტოზე: აფეთქება დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში. ფოტო: Exilenova+/telegram






