ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ. აღნიშნულის სანაცვლოდ, წინასწარ 3 000 ევროს ჩამოტანა მოსთხოვეს.
აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს, რომლებსაც მოთხოვნის მიუხედავად აღარ უბრუნებდნენ. მომხდარის გახმაურების შემთხვევაში კი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, პირველ ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






