30 სექტემბერს, პოლონეთში, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო.
დაჯილდოების ცერემონია ვარშავაში გაიმართა, დაჯილდოებას ესწრებოდა პოლონეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი.
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის აღიარების ნიშნად.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა თავად ლეხ ვალენსა.
მზია ამაღლობელის ჯილდო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ „ბათუმელების“ წარმომადგენელს, ირმა დიმიტრაძეს გადასცა.
ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის ჯილდო“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაარსდა 2014 წელს.
ჯილდო გადაეცემათ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში და რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით მოქმედებენ დემოკრატიისა და თავისუფლების გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში.
პრემიის ლაურეატებს შორის არიან: ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი (2014); რუსეთში მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის შვილი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჟანა ნემცოვა (2015); ბელარუსი დისიდენტი პაველ ლატუშკო (2024) და კუბელი დისიდენტი, მოძრაობა – „ქალები თეთრებში“ ლიდერი, ბერტა სოლერ ფერნანდესი (2025).
ლეხ ვალენსა პოლონეთის ცნობილი მოძრაობა „სოლიდარობის“ ლიდერი და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტია. მას 1983 წელს ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის დარგში.
მზია ამაღლობელი წელიწადი და 8 თვეა პატიმრობაში. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელი ცრუმოწმეების, „ოცნების“ ლიდერების თავდასხმების, ბრალდებების, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პროპაგანდის შეტევის ფონზე.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების საელჩოები. მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ხოლო 2025 წლის 16 დეკემბერს მას ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.
„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტს რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაგზავნილი წერილით.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.





