მთავარი,სიახლეები • •

რატომ დატოვა ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ პროტესტის ნიშნად მოედანი თამაშის წინ

29.09.2026
რატომ დატოვა ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ პროტესტის ნიშნად მოედანი თამაშის წინ

29 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უარი თქვა მეტოქე გუნდთან, „ნიკე ლუსოსთან“ თამაშზე და მოედანი დატოვა.

იქამდე, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოედანზე გაშალეს ბანერი წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.

მოკლე ხანში „ლანჩხუთის” ფეისბუქგვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც მათ ამ გადაწყვეტილების მიზეზს განმარტეს:

„საგანგებო განცხადება! ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!

თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება გამართლებული.

სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე;

ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც;

და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.

  • რა ხდება?

22 სექტემბერს, სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს საფეხბურთო კლუბ “ნიკე ლუსოს” მფლობელი ბიზნესმენი, უცხო ქვეყნის მოქალაქე მეჰმეთ უიარი. იქამდე ის 9 თვის განმავლობაში იყო დაკავებული “ნიკე ლუსოს” ფეხბურთელის, 19 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით.

იმ დროს, როცა მოსამართლე გიორგი არველაძე მეჰმეთ უარის გამამართლებელ განაჩენს აცხადებდა, დარბაზში იმყოფებოდა საქმეში დაზარალებულად ცნობილი გოგოა, რომელიც განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ის სასამართლოდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. რაც შეეხება გამართლებულ ბიზნესმენს, მას დარბაზის წინ შეიარაღებული დაცვა ელოდებოდა და სასამართლო სწორედ მათი თანხლებით დატოვა.

„ნიკე ლუსო“ 2025 წელს ქალთა ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა. სწორედ ამ ამბის აღსანიშნავი წვეულების შემდეგ მოხდა ინციდენტი, რომელიც 32 წლის ბიზნესმენის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა.

ახალგაზრდა ქალის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ანა თავხელიძის თქმით, მოწმეები არიან ამავე კლუბის წევრები ან კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულები, რომლებიც ფინანსურად იყვნენ დამოკიდებული ბრალდებულზე. შესაბამისად, ადვოკატს ეჭვი შეაქვს მათი ჩვენების სანდოობაში.

გარდა ამისა, ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლო განხილვების პერიოდში თანაგუნდელები „უკიდურესად მტრულ დამოკიდებულებას“ გამოხატავდნენ დაზარალებულად ცნობილი გოგოს მიმართ, მათ შორის, მატჩების დროს.

მეჰმეთ უიარის დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ბიზნესმენის პატიმრობას ამჯერად სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: