კოლექტიური მეხსიერებისა და იდენტობის მკვლევარი ქეთევან ეფაძე 2 წლის იყო, როცა დევნილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკის გამო ბევრი რამე არ ახსოვს, ამბობს, რომ ომისა და დევნილობის ტრავმა მშობლებისგან მიიღო.
იგი გვიხსნის, რომ ამ პროცესს ტრავმის ტრანსგენერაციული გადაცემა ჰქვია – როცა იმ მოვლენის ტრავმულ შედეგებს განიცდი, რაც თავად ფიზიკურად არ გადაგიტანია, მაგრამ განიცადა და გადაიტანა (ან, ვერ გადაიტანა) წინა თაობამ. ქეთევან ეფაძე სწორედ ომის ტრავმებს, ამ ტრავმების შედეგად ჩამოყალიბებულ იდენტობებს და აფხაზეთის ომის შესახებ მეხსიერების პოლიტიკას იკვლევს.
აკადემიური ცოდნის გაზიარების პარალელურად, ქეთევან ეფაძე პირად ტრავმებსა და გამოცდილებებზეც გვესაუბრა. გვიამბო, რამდენად მძიმედ აისახა მის ბავშვობაზე მშობლების, განსაკუთრებით, მამის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აფხაზეთში ბრძოლის შემდეგ და როგორ გაუჭირდა ამ გამოცდილებასთან გამკლავება ზრდასრულ ასაკშიც კი.
ქეთევანი 2 წლის მატეოს დედაა. მისი შვილი ახლა ზუსტად იმდენი წლისაა, რამდენისაც თავად, როცა ომი და დევნილობა გამოცადა, რაც ტრავმა დარჩა და რასთან გასამკლავებლადაც წლები დასჭირდა.
რა იქნება თქვენი, როგორც მშობლის არჩევანი? – ვკითხეთ მას შემდეგ, რაც აგვიხსნა, რომ ტრავმების გადაცემა არა მხოლოდ ბუნებრივი და თავისთავადი პროცესია, არამედ არჩევანია.
„მე არჩევანი უკვე გავაკეთე და ეს არის აფხაზეთის შესახებ მეხსიერების გადაცემა, თუმცა არა ისეთი მძიმე ფორმით, როგორც მე მივიღე“, – გვიპასუხა მან.
„ბათუმელები“ ქეთევან ეფაძეს ესაუბრა არჩევანზე, რომელსაც მშობლები შვილებისთვის წარსული გამოცდილების გადაცემასთან დაკავშირებით აკეთებენ; ამ არჩევანის მიზეზებსა და შედეგებზე, აფხაზეთის ომის შესახებ კოლექტიურ მეხსიერებასა და ამ მეხსიერების ფორმირების პროცესზე.
- ქეთევან, მოგვიყევით ომისა და დევნილობის პირადი ისტორია. როგორც ვხვდები, სწორედ ამან განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი.
2 წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო. ჩემმა მშობლებმა დიდხანს ვერ გააცნობიერეს, რომ ომი დაიწყო და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე გვიან წამოსული დევნილები სოხუმიდან.
გადმოვფრინდით თვითმფრინავით. ბაბუა იყო საკმაოდ გავლენიანი პირი სოხუმში, მან შეძლო თვითმფრინავის დაქირავება და ოჯახის ნაწილი გადმოვფრინდით, მათ შორის მე, დედა და ჩემი და.
ერთადერთი მოგონება, რომელიც სოხუმიდან მახსოვს, ეს არის მამა სამხედრო ფორმაში, რომელთან დაშორებაც მაიძულეს. მამა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ამიტომ ძალიან მძიმე იყო ეს კადრი, ეს ამბავი. ცხადია, 2 წლის ასაკში ვერ ვაცნობიერებდი, რომ გარშემო ტყვიებს ისვროდნენ.
წამოსვლამდე, რამდენიმე დღე, ვიმალებოდით მთიან აფხაზეთში. ასეთი გამოცდილებებიც ახდენს ცხოვრებაზე გავლენას. მაგალითად, რა სიზმრებს ხედავ მერე ამ ტრავმის შემდეგ, როგორია შენი კომუნიკაცია დანარჩენ სამყაროსთან, რამდენია შენი ნდობა სხვა პირებისადმი და რა გრჩება წარსულიდან.
დიდი ხნის მანძილზე მქონდა დევნის შეგრძნება. შეგრძნება, რომ ვიღაც მომდევს და არანაირ გარემოში თავს უსაფრთხოდ არ ვგრძნობდი. ძალიან მჭირდებოდა ღამით შუქის ჩაქრობა, იმიტომ რომ სიბნელეში ვერ ვიძინებდი; მეგონა, კარი გაიღებოდა და ვიღაც შემოვიდოდა. ეს ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო და ძალიან დიდხანს გამყვა. იქამდე, ვიდრე იმის გადააზრება არ დავიწყე, თუ რა მოხდა და როცა ეს დავიწყე, ვიყავი 25 წლის.
- მამაზე გვიამბეთ და ომზე, რომელიც პირადად მან გამოიარა. რა გავლენა ჰქონდა ამას მასზე და თქვენზე, როგორც მის შვილზე?
მამაჩემი იყო მოხალისე ამ ომში. ომის დაწყებამდე ის მუშაობდა თავის სადოქტორო ნაშრომზე. სწავლობდა ლვოვში, უკრაინაში, ეკონომიკის ინსტიტუტში, სადაც ჰყავდა შვეიცარიელი ხელმძღვანელი და იკვლევდა საბჭოთა კავშირის მაკროეკონომიკურ სტრუქტურებს. მას განსაზღვრული ჰქონდა თავისი ცხოვრება. იცოდა, რა უნდა ეკეთებინა მომავალში. დაგეგმილი ჰქონდა, რომ როცა დაიცავდა თავის ნაშრომს, წასულიყო და ემოგზაურა დასავლეთ ევროპაში. ჰყავდა ცოლი და ორი შვილი და მომავლის ბედნიერ სცენარს წარმოიდგენდა მთელი ოჯახისთვის.
ომი მისთვის მოულოდნელად დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის დონეზე იყო რაღაც ნიშნები, რომ დაძაბულობა არსებობს, ომზე არ ვფიქრობდით. ამის მიუხედავად, მამაჩემის გადაწყვეტილება, შეერთებოდა ქართველ სამხედროებს, არ იყო სპონტანური. ეს იყო ძალიან კარგად გააზრებული გადაწყვეტილება, რომ ის იცავს საკუთარ მიწას და იცავს შვილებს დარბევისგან.
ახალგაზრდა ინტელექტუალი მთლიანად მოექცა ომის ჩარჩოში. კაცი, რომელმაც ომამდე იარაღის სროლა არ იცოდა, უეცრად გადაიქცა ამ ომის ტყვედ. ის ძალიან გვიან წამოვიდა აფხაზეთიდან. ომის დამთავრებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დატოვა ტერიტორია და როცა ჩამოვიდა თბილისში, ის იყო სხვა მამა. ის არ ჰგავდა იმ მგრძნობიარე ადამიანს, რომელიც მე ძალიან მიყვარდა.
მამა იღვიძებდა ღამით და ყვიროდა ჩემთვის გაუგებარ რუსულ ენაზე. მერე, როცა ხვდებოდა, რომ გაგვაღვიძა, რასაკვირველია, ემოციურად აღვიქვამდი ამ მომენტს – დიდხანს ტიროდა და ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ მამა, მთასავით კაცი, ტირის. რა ხდება მის თავს? კითხვები მქონდა და ამ კითხვებს ხმამაღლა ვერ ვსვამდი.
კიდევ ერთი მომენტი მის ტრანსფორმაციაში იყო ის, რომ გახდა ძალიან რელიგიური. კაცი, რომელსაც იქამდე ნაკლებად ჰქონდა რწმენა, იყო მარქსისტი მემარცხენე ინტელექტუალი, უცებ გახდა ძალიან რელიგიური ადამიანი. მთლიანად გადაერთო ხატვაზე – ეს ეხმარებოდა ტრავმის დაძლევაში.
თერაპიის ერთ-ერთი გზა იყო 5 წლის ცნობისმოყვარე შვილისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა: ვეკითხებოდი, რატომ იღვიძებდა ღამით. მითხრა, რომ მოხვდა ალყაში. მე არ ვიცოდი, რა იყო ალყა. მერე მითხრა, რომ ალყა ისაა, როცა შენ გარშემო მტრები არიან შემოკრებილი და შეიძლება ნებისმიერ წუთს მოკვდე. მე არ ვიცოდი, რა იყო სიკვდილი, 5 წლის ასაკში ცოტა ადრეა, რომ გააცნობიერო, რა არის სიკვდილი.
მაშინ რატომღაც წარმოვიდგინე, რომ მამა იყო გმირი და ეს ყველას მოვუყევი. ვყვებოდი, რომ მამაჩემი ალყიდან მარტო გამოვიდა – რასაკვირველია, იქ სხვებიც იყვნენ და ერთად გაარღვიეს ალყა, მაგრამ მე ვყვებოდი ისე, როგორც წარმომედგინა და მახსოვს, ძალიან მკაფიოდ წარმოვიდგენდი, რომ ალყა არის მდგომარეობა, როცა ან შენ ესვრი სხვას, ან შენ გესვრიან და კვდები.
ამას ემატებოდა სხვა მძიმე, სისხლიანი ისტორიები, ომის სცენები და ამასთან ცხოვრება არ იყო ადვილი. ერთია, რა ტრავმა გამოიარე ომის დროს, დევნილობის სიდუხჭირე და სიმძიმე და მეორეა ის, რომ ამ ყველაფერს, ამ ისტორიებს იგებ ბავშვი, რომელიც არ ხარ მზად ამ ისტორიების მისაღებად, იმიტომ, რომ ძალიან ადრეა შენთვის.
როცა მე ამ ყველაფერს ვყვებოდი მეგობრებთან, ეგონათ რომ ვიგონებდი. ძალიან ვბრაზდებოდი, რომ არავის აინტერესებდა და არავის ესმოდა რას ვამბობდი. ხანდახან სიცილის საბაბიც ხდებოდა ჩემი მოყოლილი ისტორიები სხვა ბავშვებში. გარკვეულწილად ეს ჩემს მარგინალიზებას იწვევდა. ამიტომ, ჩავიკეტე. საუბრის სურვილი აღარ მქონდა.
ცხადია, ამ გადმოსახედიდან, მესმის იმ ბავშვების. ბავშვს სჭირდება სახალისო ისტორია და არ უნდა კოშმარი, რომელიც შენ გადაგხდა თავს. თუმცა, ეს ჩემთვის კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ აფხაზეთის ომის ტრავმა არ იყო კოლექტიური ტრავმა. ეს რომ ასე ყოფილიყო და სხვა მშობლებს ელაპარაკათ სახლებშიც, რომ აფხაზეთი დავკარგეთ და ეს ცუდია, ამ ბავშვებს შეიძლება ასეთი მიუღებლობა არ ჰქონოდათ. იმას კი არ ვამბობ, რომ ისინიც ტრავმირებულები უნდა ყოფილიყვნენ, უბრალოდ, შეიძლება თანაგანცდა ჰქონოდათ.
- ინტერვიუს დაწყებამდე ახსენეთ, რომ ტრავმის გადაცემა არის არჩევანი. იმ გამოცდილების ფონზე, რომელიც გაგვიზიარეთ, რა იქნება თქვენი, როგორც მშობლის არჩევანი?
მე გავაკეთე უკვე არჩევანი და ეს არის აფხაზეთის შესახებ ცოდნის გადაცემა. არ ვიცი, მერე როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს, მაგრამ მატეო რომ გაჩნდა, ძალიან პატარა როცა იყო და ვაძინებდი, ჩემი იავნანა იყო მოგონება სოხუმზე, ანუ როგორია ქალაქი სოხუმი. ახლაც, სახლში ეღიმებათ ხოლმე [ოჯახის წევრებს], იავნანას ჩამნაცვლებელი ერთ-ერთი სიმღერა არის „გამარჯობა, აფხაზეთო შენი“. ყოველ ღამით, ამ სიმღერით მთავრდება ხოლმე მისი საღამო.
რასაკვირველია, მას ტრავმულ მომენტებს არ ვუყვები, მაგრამ როცა სოხუმზე და აფხაზეთზე ვუყვები, იცის, ხვდება, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. ტრავმულ ნარატივებს არ გადავცემ. მინდა, რომ კარგი აფხაზეთი ახსოვდეს. არ მინდა იგივე უსახლობის განცდა ჰქონდეს ყველგან, როგორც მე. მინდა მეორე სახლი იყოს ის და პირველი აქ, სადაც ცხოვრობს.
- მიუხედავად იმისა, რომ სოხუმში დაიბადეთ, ომის და ზოგადად, აფხაზეთის შესახებ პირადი მეხსიერება არ გაქვთ, რადგან მხოლოდ 2 წლის იყავით, როცა იქიდან წამოხვედით. თქვენი ოჯახის დევნილობის დასაწყისშიც ბავშვი იყავით. ამიტომ, ალბათ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ დევნილთა მეორე თაობას ეკუთვნით. თქვენი შვილი მესამე თაობა გამოდის. თქვენი ოჯახის მაგალითზე, სწორი იქნება თუ არა იმის თქმა, რომ მეორე თაობის დევნილებში ომის ტრავმა უფრო მძაფრია, ვიდრე შემდეგ თაობებში?
დევნილობის წლები უკვე ცხადად მახსოვს. ეხსომებათ მათაც, ვინც იქ [აფხაზეთში] დაბადებულა ან აქ – 90-იან წლებში. 2000-იანი წლების პირველი ნახევრის ჩათვლით, განსაკუთრებით მძიმე წლები იყო. მაშინ ყალიბდებოდა აფხაზეთის ომის ტრავმა დევნილთა ჯგუფში და დევნილის იდენტობა.
დევნილთა მეორე თაობაში ძლიერია მეხსიერება წარსულზე – აფხაზეთზე, აფხაზეთის ომზე.
სამეცნიერო ლიტერატურაში ამ მდგომარეობას პოსტმეხსიერებას უწოდებენ.
ჩემი თაობა პოსტმეხსიერების თაობაა. მე მშობლების მსგავსად მახსოვს სოხუმი და აფხაზეთი. ომის დროს პატარა ვიყავი, თუმცა ტრავმული ანარეკლები არსებობს ჩემს გონებაში იმის შესახებ, რაც მოხდა.
წარსულის მეხსიერება ჩემში ცოცხლდება იმ სახე-ხატების მეშვეობით, რომელიც მშობლებმა შექმნეს ჩემში: როგორი იყო ქალაქი სოხუმი ომამდე და ომის დაწყების მომენტში, როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა აფხაზებთან ომამდე და ომის დაწყების მომენტში, რა დანაკარგები მივიღეთ ომის დროს და როგორ გაქრა ის იდენტობები, რომელიც ნაცნობი იყო ჩემი მშობლების თაობისთვის და მერე, უცებ მათ ნულიდან მოუწიათ ყველაფრის თავიდან დაწყება.
ჩემში პოსტმეხსიერება ძალიან ძლიერია. ჩემი მშობლების ისტორიები მე განვიცადე და აღვიქვი, როგორც საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი სხეულით განცდილი. მესამე თაობაში უკვე სუსტია ეს მეხსიერება. თუმცა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, როგორ გადასცემს, მაგალითად, ჩემი თაობა თავისი შვილების თაობას ამ მეხსიერებას.
არიან ოჯახები, სადაც ამ მეხსიერების გადაცემა ძლიერია. იმიტომ, რომ მშობლები, ჩემი თაობა, თვლის, რომ მათმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს აფხაზეთი, სოხუმი და სხვა მშობლიური ადგილები მათთვის.
ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, რომელთაც ძალიან ცხადად წარმოუდგენიათ, რომ დღეს თუ არა ხვალ სოხუმში დაბრუნდებიან, აფხაზეთში დაბრუნდებიან. მათ სურთ, რომ მათმა შვილებმა იცოდნენ მათი საცხოვრებელი ადგილები, იცოდნენ, რა უნდა წაიღონ თან, სად უნდა წავიდნენ, რა დახვდებათ იქ და ა.შ. ოღონდ ეს წარსულის სურათებია. იმიტომ, რომ აწმყოში რა დახვდებათ იქ, თუ ოდესმე დაბრუნდებიან, არავინ იცის.
თუმცა, რადგანაც მათი სურვილი, მათი ლტოლვა იმ დაკარგულის დაბრუნებისკენ ძლიერია, მათ სურთ, რომ მათმა შვილებმაც იცოდნენ წარსული ისე, როგორც მათ იციან.
ასევე, არიან ისეთი ოჯახებიც, სადაც ცდილობენ შვილებს ნაკლებად ესაუბრონ წარსულ ტრავმებზე. შესაბამისად, აფხაზეთიც ამ მეხსიერების გადაცემაში ისეთი ცოცხალი არ არის, როგორც, ვთქვათ, აი, წინა შემთხვევაში. მე მათ უფრო პრაგმატულ ადამიანებს დავარქმევდი, ან გულნატკენ რეალისტებს, რომლებსაც უფრო კომპლექსური წარმოდგენა აქვთ აფხაზეთის დაბრუნების საკითხზე.
მათ კარგად ახსოვთ და კარგად იციან, რას ნიშნავს იყო პოსტმეხსიერების მატარებელი, რასაც ახლავს ბევრი ვალდებულება და ტვირთია.
პირველი განცდა, ეს არის მუდმივი უსახლობის განცდა. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან უსახლოდ ხარ. სახლი არ გაქვს, იმიტომ რომ შენი სახლი იქ [აფხაზეთში] არის, დამწვარია და სანამ იქ არ დაბრუნდები, იქამდე ვერ თვლი, რომ შენი ადგილი იპოვე. თითქოს სხეული ერთ ადგილას იმყოფება, ერთ მომენტში და შენი ცნობიერების ქრონოტოპი არის სხვა დრო და სხვა ადგილი – წარსული, სოხუმი.
მე სოხუმზე ვაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ მე სოხუმიდან ვარ, ვიღაცისთვის შეიძლება ეს გაგრა იყოს, ან ოჩამჩირე.
- თქვენი სამეცნიერო მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კოლექტიური მეხსიერების კვლევა. აგვიხსენით, რა არის კოლექტიური მეხსიერება აფხაზეთის შესახებ მეხსიერების მაგალითზე.
კოლექტიური მეხსიერება არის გაზიარებული წარმოდგენა წარსულზე. მე, თქვენ, სხვა ქართველებს აფხაზეთის ომი გვახსოვს ერთნაირად. თუმცა, თუ უფრო სიღრმისეულად დავუკვირდებით, არსებობს განსხვავებებიც. აი, მაგალითად, დევნილებს აფხაზეთის ომზე უფრო დეტალიზებული წარმოდგენა აქვთ, ეს მათ უშუალო გამოცდილებაშია, უფრო მეტი იციან.
მე რომ არადევნილებთან დავიწყო აფხაზეთის ომზე ლაპარაკი, ზუსტად იმავე მოვლენებს, იმავე ისტორიებს გავიხსენებ, რასაც თქვენ. ასე მუშაობს კოლექტიური მეხსიერება. ის იქმნება გაზიარებული ნარატივებით და სწორედ იმიტომ გვახსოვს ერთნაირად წარსული. ჩვენ ორივე მივეკუთვნებით ერთ ერს.
ამ 34 წლის მანძილზე დაახლოებით მსგავსი ტიპის ნარატივებს ვეცნობოდით, ერთი და იგივე ხმები გვესმოდა საჯარო სივრცეში და ამან განაპირობა საერთო წარმოდგენების ჩამოყალიბება წარსულზე. კოლექტიური მეხსიერება იმის გაცნობიერებაა, რომ წარსული ერთნაირად გვეკუთვნის ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს.
თუმცა, თუკი დევნილთა ჯგუფში დავიწყებ ომზე საუბარს, ჩემი საუბარი კიდევ უფრო დეტალიზებული იქნება. აუცილებლად გავიხსენებ ოჯახის პირად ტრაგედიებს, რომელიც ამ ომს მოჰყვა. შეიძლება საჯარო გახსენების სივრცეში ეს ისტორიები ნაკლებად ამოითქვას, მაგრამ როდესაც ერთი დევნილი მეორეს შეხვდება, საუბარი აუცილებლად ამ მიმართულებით წავა. ჩვენ ვიხსენებთ იქ დაღუპულ მეზობლებს, ოჯახის წევრებს, დატოვებულ კერას და წინაპართა საფლავებს. სხვა ტიპის თხრობა მიდის საერთოდ. ამას ჰქვია ნარატივი ნარატივში – დიდი ეროვნული ნარატივის ჩარჩოში კიდევ უფრო დეტალიზებული შიდა მეხსიერებაა.
- როგორ შეიძლება შეიცვალოს კოლექტიური მეხსიერება აფხაზეთის შესახებ, როცა თანდათან მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აფხაზეთში უცხოვრიათ და ომსაც პირადად მოესწრნენ? უკვე 33 წელი გავიდა ომის დასრულებიდან, ბევრი დევნილი გარდაიცვალა, ვინც მაშინ ახალგაზრდა იყო, უკვე ხანდაზმულები არიან.
მნიშვნელოვანი გავითვალისწინოთ. რომ კოლექტიური მეხსიერების შექმნა არ ხდება მხოლოდ ოჯახური ისტორიებით. ნარატივები იქმნება სახელისუფლებო დონეზე. პოლიტიკოსები ქმნიან ამ ნარატივებს.
თანამედროვე აფხაზეთში აფხაზეთის ომზე მეხსიერების პოლიტიკა არის ძალიან ძლიერი, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენთან ბევრი საკითხი მიჩქმალულია. თვალი რომ გადავავლოთ, მაგალითად, სკოლის სახელმძღვანელოებს, ორი წინადადებით წერია, რა მოხდა აფხაზეთში 92-93 წლებში. იგივე ხდება პროფესიულ საისტორიო ნარატივებშიც. ანალიტიკა და გადააზრება აკლია წარსულს.
27 სექტემბერს რომ გავიაროთ გმირთა მემორიალთან, ვის დავინახავთ იქ? აუცილებლად დავინახავთ ომის ვეტერანებს – მამაჩემი არასდროს არ გამოტოვებდა, როგორც ცუდადაც არ უნდა ყოფილიყო ამ შეკრებას. აუცილებლად მიდიოდა 27 სექტემბერს მემორიალთან. საჯარო პირებიც სტუმრობენ მემორიალს, იმ მიზეზით, რომ უბრალოდ ევალებათ, რომ იქ იყვნენ.
ჩემი შეფასებით, მეხსიერების პოლიტიკა აფხაზეთის შესახებ ძალიან სუსტია. თუ გვინდა ვნახოთ, რას ნიშნავს ძლიერი მეხსიერების პოლიტიკა, უნდა გადავხედოთ აფხაზურ ნარატივებს, აფხაზურ პრესას, აფხაზურ საისტორიო და ლიტერატურულ ტექსტებს: ვინ ლაპარაკობს აფხაზეთის ომზე, როგორია მისი საუბრის ტონი, რას იხსენებს, როგორ ხდება ომის სცენების არტიკულაცია სკოლაში. სკოლის მოსწავლეებმა ძალიან პატარა ასაკიდან იციან უკვე აფხაზური ნარატივი ამ ომზე. ცხადია, ქართულ ნარატივს არავინ მოუყვება, მათ სასკოლო კურიკულუმების ნაწილია სამხედრო მემორიალების ნახვა. დაღუპულთა საფლავებთან მიჰყავთ და ეუბნებიან, რომ იქ დაკრძალული ადამიანები არიან გმირები, რომლებიც „ქართველ ოკუპანტებთან“ ბრძოლას შეეწირნენ.
შესაბამისად, ერთი მხრივ გვაქვს მეხსიერება, რომელიც ძალიან ანტიქართულია, ძალიან ძლიერია და ამ მეხსიერებაზე იზრდება აფხაზთა თაობები და მეორე მხრივ გვაქვს პასიური ქართული მეხსიერება, რომლისთვისაც აფხაზი არის ძმა.
ჯერ კიდევ გადაუაზრებელია ძალიან ბევრი საკითხი. ზოგადად, მეხსიერების ტრაექტორია ყოველთვის უნდა იყოს მომავლისკენ. ეს არ არის მარტო წარსულის პასიური გახსენება. მეხსიერების პოლიტიკა იქმნება იმ გათვლით, რომ ამან რაღაც სარგებელი უნდა მოგიტანოს მომავალში. რა მესიჯები გვაქვს, რატომ გვაქვს, საით მივდივართ ამ მეხსიერების პოლიტიკით – აი, ამას სჭირდება მეტი გადააზრება, ამას სჭირდება მეტი მუშაობა.
- როგორ ფიქრობთ, რა ახსნა აქვს ამას? რატომ არის სუსტი ქართულ საზოგადოებაში აფხაზეთის შესახებ მეხსიერება ან რატომ გართულდა ამ გამოცდილების გადააზრება?
ამის ასახსნელად უნდა დავბრუნდე 1990-იანებში. ეს ჩემი პერსპექტივაა და შეიძლება ვინმე არ მეთანხმებოდეს, ან სხვა მოსაზრება ჰქონდეს ამის შესახებ, მაგრამ მე ასე ვხედავ:
ტრავმა ყალიბდება მაშინ, როცა მოვლენა დასრულდება და საზოგადოებას აქვს უნარი, შეაფასოს, რა მოხდა მის თავს. ჩემი აზრით, ქართველებმა დავაგვიანეთ აფხაზეთის მოვლენების შეფასება
იმისათვის, რომ შეიქმნას ტრავმის ნარატივი, უნდა იყოს სპიკერი, ვინც ლაპარაკობს, ვინც ამოთქვამს, რა მოხდა ტრავმული ცვლილების დროს. ეს ნარატივი უნდა იყოს დაწყობილი და მას უნდა იზიარებდეს ყველა. სხვა შემთხვევაში კოლექტიური ტრავმა არ შეიქმნება.
თუკი მე ვლაპარაკობ საკუთარ ტრაგედიაზე და ეს მხოლოდ ჩემს ტრაგედიად რჩება, მაშინ ის კოლექტიური აღარ არის, ინდივიდუალურია.
აი, ეს მოხდა 90-იანებში:
ათასობით დევნილი უცებ ჩამოდის სოხუმიდან და აფხაზეთის სხვა ქალაქებიდან საქართველოს სხვა ტერიტორიებზე. მას ხვდება ადგილობრივი საზოგადოება – მასპინძელ საზოგადოებას ეძახიან მას სამეცნიერო ლიტერატურაში – რომელთანაც სოციო-კულტურული განსხვავებები ნაკლებია, იმიტომ რომ ჩვენც ქართველები ვართ და სადაც მოვდივართ, აქაც ქართველები გვხვდებიან. თუმცა, ამ დროს არის დიდი კონკურენცია რესურსებზე. დანგრეულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ ყველანი. ეს არის პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მახასიათებელი. ამის გამო, მასპინძელ საზოგადოებას არ უნდა გაითავისოს, რა გადაგვხდა ჩვენ თავს. ამიტომ ხდება დევნილთა ჯგუფის მარგინალიზება.
ამას გარდა, არ გამოჩნდა კარგი ორატორი, რომელსაც შეეძლო ამოეთქვა ეს ტრავმა, მიეცა მწყობრი სახე საკუთარი სათქმელისთვის, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ რაც აფხაზეთში მოხდა, ყველა ქართველს ეხება.
ტერიტორიას ქვეყანა კარგავს, სხვა თუ არაფერი. ეს განცდის დონეზე მაინც უნდა აღიქმებოდეს ძლიერად. დევნილებიდან არ გამოჩნდნენ ისეთი ორატორები, ვინც ამაზე დაიწყებდა ლაპარაკს. მე რომ მახსენდება 90-იანი წლების დევნილთა საუბრები, ეს იყო უკიდურესად ფრაგმენტული ნარატივები. ტრავმაგამოვლილ ადამიანს უჭირს ლაპარაკი. მისი ნარატივი არის დაქსაქსული, დანაწევრებული, არ არის მწყობრი, ხშირად იმეორებს ერთსა და იმავეს, ვერ გაიგებ, რა მოხდა. დევნილებს ეს აკლდათ – საკუთარი ნარატივის წინ წამოწევა, გაზიარება. თუ ლაპარაკობდნენ, აუცილებლად ყვიროდნენ და ყვირილის მოსმენა ნაკლებად უნდება ვინმეს, ხომ?!
მეორე მხრივ, საზოგადოებაც არ იყო მზად, მოესმინა ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ იმას თავისი უჭირს – უშუქობაა, გაზი არ არის ქვეყანაში, სამოქალაქო ომია და სამოქალაქო ომის შედეგები კიდევ უფრო მძიმეა, იმიტომ რომ არანაკლები ადამიანი დაიღუპა ამ სამოქალაქო ომში, ვიდრე აფხაზეთში. საზოგადოება არ არის მზად, რომ მოისმინოს დევნილთა გასაჭირი.
ტრავმა თუ არ ჩამოყალიბდა დროულად, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაგვიანებული ტრავმის ჩამოყალიბება უკვე განზე გადადებული ტრავმაა.
ჩემი აზრით, აფხაზეთი გახდა განზე გადადებული ტრავმა. აფხაზეთს სახელი დაერქვა 2008 წლის ომის დროს. ჩემი სუბიექტური აღქმა არის ასეთი, რომ 2008 წლამდე ეს არ იყო კოლექტიური ტრავმა მთელი საქართველოსთვის.
- რა შეიცვალა 2008 წლის ომის დროს, ან შემდეგ?
2008 წელს უფრო აშკარა იყო ომის ვიზუალიზაცია. ჩვენ ვნახეთ ქუჩაში დაყრილი ცხედრები, ძალიან მძიმე კადრები, დაჭრილი ადამიანები, სამხედროები, რომლებიც სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ თავიანთ სამშობლოს… მერე გაუჩნდა საზოგადოებას კითხვა – აქამდეც ხომ იყო დევნილთა ტალღა და ნეტა იმათ თავს რა მოხდა? რა მოხდა აფხაზეთში?
მე მახსოვს, ჩვენი ოჯახის მეგობრებიც კი სვამდნენ ამ კითხვებს, ჩემი მეგობრები პირადად მეკითხებოდნენ მაშინ, 2008 წელს, თქვენ რა გზა გამოიარეთო და შემდეგ წუხდნენ – რა რთული იქნებოდა ეს ყველაფერიო. აი, მაშინ დაიწყო ტრავმის ჩამოყალიბება.
ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, აფხაზეთის ტრავმამ ფორმირება დაასრულა უფრო გვიან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ისტორიულმა ანალოგიებმა კიდევ ერთხელ გამოაღვიძა საზოგადოების წარმოსახვა, ჩააფიქრა ქართველები იმაზე, რომ აფხაზეთის მოვლენებსაც იგივე ვიზუალი, იგივე სიმძიმე ექნებოდა.
- დევნილობაზე ვისაუბროთ. იმ ტრამვზე, რომელიც ამ გამოცდილების მქონე ადამიანებს გაქვთ. ომისგან განსხვავებით დევნილობის შესახებ თქვენი მეხსიერება და შესაბამისად, ტრავმები უფრო ცოცხალია.
თავიდან ყველა დევნილი უარყოფს საკუთარ დევნილობას. დანაკარგების უარყოფა ხდება. რეალობას არ იღებ და ჯერ კიდევ გგონია, რომ რაღაცის გამოსწორება შეიძლება. ეს არის ყველაზე დიდი ილუზია, იმიტომ რომ დაკარგულია უკვე, რაც დასაკარგი იყო და შენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია.
საკუთარი უღონობის, საკუთარი უმწეობის მიღება არის ყველაზე რთული დევნილობის მდგომარეობაში.
მახსოვს, როცა ვცხოვრობდით დევნილთა თავშესაფარში, კართან იდო დედაჩემის ჩემოდანი, სოხუმიდან წამოღებული. თითქოს ველოდით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დავბრუნებულიყავით. ამასობაში გავიდა 6 წელი და ხვდები, რომ არ ვბრუნდებით. სკოლაში დავდივარ უკვე და ვკითხულობ – რად გვინდა ეს ჩემოდანი? არ ვბრუნდებით მაინც. ეს ჩემი კითხვა იყო გამოფხიზლებასავით, როცა თითქოს გაიაზრეს ჩემმა მშობლებმა, რომ ეს ჩემოდანი კართან აღარ უნდა იდოს.
დევნილობის იდენტობის ჩამოყალიბება ხდება უკვე მოგვიანებით, როდესაც იღებ იმას, რაც გადაგხდა. იღებ, რომ ამ დანაკარგით უნდა იცხოვრო, უნდა გააგრძელო ცხოვრება. ხვდები, რომ ტრავმა რჩება და მასზე გამარჯვება არავის შეუძლია.
ერთადერთი გამოსავალია მიიღო, რაც მოხდა და გააგრძელო ცხოვრება. დანაშაულის შეგრძნება, საკუთარი უმწეობის განცდაში ცხოვრება, საკუთარი თავის მუდმივად მსხვერპლად წარმოსახვა ვერ გეხმარება ცხოვრების გაგრძელებაში. ნაბიჯი უნდა გადადგა წინ. ნაბიჯს გადადგამ წინ და ძლიერი ხარ მაშინ, როდესაც შენი არჩევანი ხდება გადარჩენა და მომავლისკენ ყურება.
ეს ძალიან გაუჭირდათ ჩემს ოჯახში. ბევრ დევნილს გაუჭირდა. თითზე ჩამოსათვლელია ის ხალხი, ვისაც ეყო გამბედაობა და მენტალური რესურსი, რომ ამას გამკლავებოდა და ადაპტირება დაეწყო რეალობასთან. ცხოვრება მართლა ნულიდან დავიწყეთ, როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე მენტალური თვალსაზრისით. უკვე 2000-იანი წლები იყო, როცა ჩემმა მშობლებმა მიიღეს დევნილობა, როგორც იდენტობა.
იმ პერიოდში საზოგადოებაში კარგი არაფერი ისმოდა დევნილებზე – „დევნილები სადღაც შეიჭრნენ”, „დევნილები იღებენ სოციალურ დახმარებას ამ გაჭირვებულ ქვეყანაში”, “ზედმეტი ბარგია ეს ხალხი სახელმწიფოსთვის” და ა.შ.. ამ დროს სირცხვილია დევნილობა. ანუ, დევნილი ხარ, მარგინალიზებული საზოგადოების წევრი ხარ, სოციალური დახმარების რიგში გიწევს დგომა, სადაც შენზე კარგს არაფერს არ ლაპარაკობენ. ამიტომ, ისევ წარსულში მიდიხარ – როგორ ცხოვრობდი, რა იყო შენი იდენტობა, როგორ გაღიარებდნენ სანაცნობოში, ყველაფერი გქონდა და უცებ ამ უბედურ მდგომარეობაში აღმოჩნდი.
ჩემი შეფასებით, დევნილობის იდენტობის ტრაექტორიაც მიყვება აფხაზეთის დაკარგვის ტრავმის ტრაექტორიას: 2008 წლის შემდეგ დევნილობა უცებ ხდება საამაყო იდენტობა. აღარ არის სირცხვილი, რომ დევნილი ხარ. შეგიძლია ღიად თქვა, რომ დევნილი ვარ და ვცხოვრობ თავშესაფარში. ეს აღარავის უკვირს. არ მიიჩნევს არავინ, რომ შენ ხარ სოციალური ბანდიტი, რომ სახელმწიფო გაძარცვე ოდესღაც, ან სოციალურ დახმარებას იღებს – ეს აღარ გაწერია სახეზე.
ახლა უკვე როცა ამბობ, რომ დევნილი ხარ, ივარაუდება, რომ შენ დიდი დანაკარგი მიიღე წარსულში. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, სკოლაში მრცხვენოდა, უნივერსიტეტში უკვე შემეძლო ლაპარაკი, რომ დევნილი ვარ და ახლა ამაყად ვამბობ, რომ ვარ დევნილი.
- რეალობის მიღება ხომ არ აღიქმებოდა იმ წარსულზე უარის თქმად, რომლის გაცოცხლებაც მომავალში უნდათ დევნილებს? სხვაგვარად რომ ვიკითხო – იმის აღიარება, რომ შენი ამჟამინდელი სახლი არის თბილისში, ბათუმში ან სხვაგან, ხომ არ აღიქმებოდა აფხაზეთის სახლზე უარის თქმად?
იმის მიღება, რომ ხვალვე ვერ წახვალ აფხაზეთში, არ ნიშნავს იმას, რომ არასდროს დაბრუნდები. დევნილებმა იციან, რომ დაბრუნება რთული, დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ ყველაზე პრაგმატულ დევნილებსაც აქვთ სადღაც იმედი, რომ ოდესღაც ეს მოხდება.
მასპინძელი ადგილის მიღება – მასპინძელ ადგილს ვეძახი ტერიტორიებს, სადაც ჩვენ დავფუძნდით – ნიშნავდა არა წარსულზე უარის თქმას, არამედ ორმაგ მდგომარეობაში ცხოვრების მიღებას: ჩვენ ახლა ვართ აქ, იმიტომ რომ გვჭირდება, რომ გადავრჩეთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ხვალ ან ზეგ. ეს არის.
ახლაც ძალიან სიმბოლურად ცოცხლდება ეს მესიჯი ყველა შეკრებაზე, სადაც ბევრი დევნილი იყრის თავს. ერთ-ერთი სადღეგრძელო აუცილებლად აფხაზეთში დაბრუნებას ეხება. სულ არის საუბარი – როდის ვბრუნდებით აფხაზეთში, რა იქნება ხვალ და ა.შ. ეს თემები კიდევ ცოცხალია და ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხს აქვს იმედი უკან დაბრუნების.
- ბევრი ვისაუბრეთ კოლექტიურ მეხსიერებაზე – როგორც ქართულ, ისე აფხაზურ ნარატივებზე. იმაზე, როგორ ტრანსფორმირდა ეს მეხსიერება წლებთან ერთად და რატომ არის საჭირო მისი გაძლიერება. გაგვიზიარეთ არა თქვენი ანალიზი, არამედ სურვილი – როგორ გინდათ იყოს ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერება აფხაზეთის შესახებ?
რთული კითხვაა. მეხსიერების პოლიტიკის კრიტიკა უფრო ადვილია, ვიდრე მეხსიერების პოლიტიკის შექმნა, იმიტომ, რომ ბევრ რამეზე გიწევს ფიქრი, მაგრამ საკმარისი დრო გავიდა უკვე, რომ ამაზე ვისაც ევალება, იმან დაიწყოს ფიქრი.
დავიწყებ იმით, რასაც არ ვისურვებდი – ეს არის, რომ ქართული მეხსიერების პოლიტიკა აგებული იყოს სიძულვილზე, ისევე როგორც ეს არის აფხაზურში. აფხაზური მეხსიერების პოლიტიკა დაფუძნებულია სიძულვილის პოლიტიკაზე და, რასაკვირველია, სიძულვილის ობიექტი აქ არის ქართველი. როგორც ჩვენ აღვიქვამთ რუსებს, რომ არის კოლონიზატორი, დამპყრობელი, სწორედ ისე აღიქვამენ აფხაზები ქართველებს.
ამასთანავე, მეხსიერების პოლიტიკა მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული. უნდა ვიცოდეთ, რას გვაძლევს მომავალში.
მეხსიერებას ქმნიან ინტელექტუალები და პოლიტიკური ელიტა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ძლიერი მეხსიერების პოლიტიკის არქონა ნიშნავს ამ ტერიტორიის სიმბოლურად დათმობას.
ქუჩაში რომ გავაჩეროთ სკოლის მოსწავლე და ვთხოვოთ, აფხაზეთის ომის ერთი გმირის სახელი მაინც გვითხრას, ან ერთი ადგილი, სადაც, მაგალითად, ცენტრალური ბრძოლები მიმდინარეობდა, ან ის, რატომ მოხდა ეს მოვლენა საერთოდ, რა დავკარგეთ ამის მერე, ალბათ, ვერ გვიპასუხებს. ამ დონეზე მაინც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში აფხაზეთის ომი.
- დასასრულს, თქვენ პროფესიულ არჩევანზე მოგვიყევით. როგორ და რატომ გადაწყვიტეთ ამ საკითხების კვლევა, მაშინ, როცა როგორც ახსენეთ, ამ თემებზე საუბარიც კი რთული იყო თქვენთვის? როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას აკადემიური კვლევისას, როცა პირადად შეგეხოთ ეს ყველაფერი?
25 წლამდე ამ თემებზე ლაპარაკი ჩემთვის ისეთი მტკივნეული იყო, რომ გავრბოდი საუბრიდან. ბავშვობაში ტაბუ დავადე ამ თემას. მერე მოხდა ისე, რომ სწავლა გავაგრძელე კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე, თსუ-ში და ძალიან გამიმართლა, რადგან იქ დაიწყო ჩემი ტრანსფორმაცია. ერთ-ერთ სემინარზე კურსელმა ძალიან ცუდ კონტექსტში მოიხსენია დევნილები. კარგად მახსოვს, როგორი ბრაზი ვიგრძენი – რამდენი წელი გავიდა და კიდევ ეს თემები ტრიალებს საზოგადოებაში, ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი?! მაშინ ვიგრძენი საკუთარი ხმის მნიშვნელობა. თუ არ მოგწონს, რასაც სხვები ლაპარაკობენ, მაშინ ამოიღე ხმა – ეს იყო ჩემი შინაგანი დიალოგი საკუთარ თავთან.
ძალიან დამეხმარა კულტურის კვლევების კათედრა. ამ ინსტიტუტში დაინახეს, რომ მე მაქვს ლაპარაკის სურვილი და ხელი შემიწყვეს დამეწყო ამ საკითხების კვლევა. მაშინ დავიჯერე, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია და მე აფხაზეთის კვლევა გამომივა. თუმცა, როცა პირველად წავიკითხე აფხაზური ნარატივები, დიდი ინტენსივობის ემოციები ვიგრძენი და მივხვდი, ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად.
რამდენიმე წელი დამჭირდა, გადამეხარშა ემოციები. სადოქტორო პროგრამაზე ვიკვლიე კონფლიქტური ქართულ- აფხაზური იდენტობების ფორმირება სტალინურ და პოსტ-სტალინურ საქართველოში. ახლა უკვე აფხაზეთზე მაქვს მთლიანად ფოკუსი და ძალიან მარტივია ჩემთვის აფხაზური ტექსტების კითხვა და ანალიზი.
________________
ფოტოზე: ქეთევან ეფაძე, ენგურის ხიდი/ფოტოკოლაჟი






