შუახევის მერია შუახევი-ხულოს ადმინისტრაციულ საზღვართან, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გასწვრივ სკვერის მოწყობას გეგმავს.
სამუშაოები აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდება.
შუახევის მერიას ორი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვართან სკვერის მოწყობაზე ტენდერი 87 ათას 300 ლარით აქვს გამოცხადებული.

საპროექტო ტერიტორიის არსებული სიტუაცია / ფოტო ტენდერიდან
რაც შეეხება სკვერს – პროექტის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგება ფილები, მოეწყობა მოაჯირი და განათება, დაიდგმება 1 ფანჩატური, რამდენიმე დეკორატიული საყვავილე ქოთანი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აქ არსებულ ჯვარს, და მოეწყობა ახალი სტელა[აბრა] ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერებით – ერთ მხარეს „შუახევი“, მეორე მხარეს კი – „ხულო“ და ამ მუნიციპალიტეტების გერბებით.
სატენდერო დოკუმენტების და პროექტის მიხედვით სულ ეს იქნება ახალი სკვერი.

საპროექტო ტერიტორია
„წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას და თანამედროვე სკვერის მოწყობას.
პროექტის მიზანია მიმდებარე სივრცის ესთეტიკური, ფუნქციური და ტურისტული ღირებულების გაზრდა, ვიზიტორებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა და მუნიციპალიტეტების საზღვრის გამოკვეთილი, მიმზიდველი იერსახის ჩამოყალიბება.
საპროექტო ტერიტორია მოეწყობა როგორც მცირე საზოგადოებრივი რეკრეაციული სივრცე, რომელიც განკუთვნილი იქნება დასვენების, შეხვედრებისა და ფოტოგადაღებისთვის“, – აღნიშნულია პროექტში, რომლის მიხედვითაც უნდა შეასრულოს სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა.

„თანამედროვე სკვერი“ / რენდერი პროექტიდან
დოკუმენტების მიხედვით, „თანამედროვე სკვერის“ პროექტი შედგენილია შპს „ლეველ აპი“-ს მიერ. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ კომპანიასთან შუახევის მერიას ხელშეკრულება 62 ათას ლარზე აქვს გაფორმებული სხვადასხვა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენაზე.
შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ „შუახევის მუნიციპალიტეტისა და ხულოს მუნიციპალიტეტის საზღვართან სკვერის მოწყობაზე“ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 25 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება.
პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომდევნო დღიდან და დაასრულოს 60 დღეში“.






