მთავარი,სიახლეები

15 მილიონი დაიხარჯება ბათუმში ქუჩისთვის, სადაც ადრე 944 ათასი ლარი დახარჯეს

16.09.2026
15 მილიონი დაიხარჯება ბათუმში ქუჩისთვის, სადაც ადრე 944 ათასი ლარი დახარჯეს

ბათუმში ავგიის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საუბარია 3,4 კილომეტრი სიგრძის გზაზე, სადაც სამუშაოები აჭარის გზების დეპარტამენტმა სამი წლის წინ დაიწყო, აჭარის ბიუჯეტიდან 944 ათასი ლარიც დაიხარჯა, თუმცა გზა არ გაკეთებულა და ტენდერში გამარჯვებულს ხელშეკრულებაც შეუწყვიტეს.

მიზეზი, როგორც ადრე „ბათუმელებმა“ გაარკვია, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის შეუთანხმებლობა იყო. თავის მხრივ, სახელმწიფო უწყებებმა სამუშაოების შეწყვეტაში მაშინ მოსახლეობა დაადანაშაულეს.

ეს არის ქუჩა, რომელიც ადრე ხელვაჩაურის სოფელ ავგიის ნაწილს შეადგენდა. ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევის შემდეგ კი აქ ინტენსიური განაშენიანება დაიწყო – როგორც კერძო ნაკვეთებზე, ისე გზაზეც [მაგალითად, როგორც ოფიციალურ უწყებებში თქვეს – „საკანალიზაციო მილების გაყვანა ბათუმის მერიასთან შეუთანხმებლად“ და სხვა].

ავგიის ქუჩა ბათუმში / ივლისი, 2026 წ.

ავგიის ქუჩაზე სამუშაოების დაწყება-შეწყვეტის შემდეგ ქუჩის კეთილმოწყობა ბათუმის მერიას გადააბარეს, თუმცა ქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ იყო. თანხა – 6 089 946 ლარი მიმდინარე, 2026 წლის ბიუჯეტში 21 აგვისტოს ცვლილებების დროს გაწერეს.

2026 წლის 15 სექტემბერს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 14 მილიონ 569 ათას 370 ლარია.

საბოლოო თანხა ტენდერის დასრულების შემდეგ დაზუსტდება და შესაბამისად, წესით, დამატებით თანხა ქალაქის 2027 წლის ბიუჯეტშიც გაიწერება.

ავგიის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტირებაში მერიის სამმართველოს ცალკე 410 ათას 856 ლარი აქვს გადახდილი შპს „გზაპროექტისთვის“. თუმცა, დოკუმენტების მიხედვით, უშუალოდ პროექტზე „გზაპროექტის“ ქვეკონტრაქტორმა შპს „პროჯეკტ კომპანიმ“ იმუშავა.

მოკლე აღწერა პროექტიდან:

„საპროექტო ობიექტს წარმოადგენს ქ. ბათუმში მდებარე ავგიის ქუჩის 3,463 კმ სიგრძის მონაკვეთი. არსებული სავალი ნაწილი დაფარულია ასფალტბეტონის საფარით, რომელიც დაბზარული, დეფორმირებული და დაზიანებულია. მონაკვეთზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საჭიროა საგზაო სამოსის, წყალარიდების, ხელოვნური ნაგებობების, ტროტუარებისა და გზის კუთვნილების კომპლექსური მოწესრიგება.

გათვალისწინებულია დაზიანებული საგზაო სამოსის, ბეტონის ცხაურიანი კიუვეტების, ცალკეული ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების, ღობეების, აგრეთვე საჭიროების ფარგლებში არსებული განათებისა და ელექტრო ბოძების დემონტაჟი ან გადატანა. შესაბამისი ელემენტების ნაწილი უნდა დასაწყობდეს დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე ან გამოყენებულ იქნეს შემდგომი სამუშაოებისათვის.

საპროექტო მონაკვეთის კეთილმოწყობა მოიცავს გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი ნაგებობების მოწყობას, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების განვითარებას, ტროტუარების, ადგილობრივი შესასვლელებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას, ასევე საინჟინრო კომუნიკაციებისათვის საჭირო დამცავი ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების ელემენტების განთავსებას.“

ამავე პროექტის მიხედვით: „კეთილმოწყობის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული განათების 90 და ელექტროენერგიის 80 ბოძის ტროტუარის კონტურის შიგნით გადატანა, შესაბამისი სადენების დემონტაჟი და შემდგომი მოწყობა, 190 გრძ.მ ლითონის მრუდხაზოვანი ძელებიანი ზღუდარის მოწყობა, ხე-მცენარეების გაკაფვა პროექტით განსაზღვრულ ზონაში, 80 ხის მოჭრა და 30 ხის მიწის ბელტის დაუშლელად გადარგვა მიმდებარე პერიმეტრზე წინასწარ მომზადებულ ადგილებში“.

ავგიის ქუჩა ბათუმში / ივლისი, 2026 წ.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 6 ოქტომბერს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით „სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით“ პერიოდი.

რა ხდებოდა ავგიის გზის რეაბილიტაციაზე 2013 წლიდან დღემდე პერიოდში, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ვიდეო ნახეთ ამ ბმულზე:

ავგია – დასახლება ბათუმში, სადაც გზის მოწყობა 2023 წელს დაიწყო და ჯერაც ვერ დასრულდა

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: