განათლება,მთავარი,სიახლეები

„ჩემი შვილი სკოლის შენობასთან რომ მიმყავს, ტირილს იწყებს“- რა ხდება ბულაჩაურის სკოლაში

10.09.2026
„ჩემი შვილი სკოლის შენობასთან რომ მიმყავს, ტირილს იწყებს“- რა ხდება ბულაჩაურის სკოლაში

„ჩემი შვილი სკოლის შენობასთან რომ მიმყავს და ვუხსნი ამ სკოლაში უნდა ისწავლო მეთქი, ტირილს იწყებს. არ უნდა ამ შენობაში მისვლა. არანაირი განათლების სურვილი არ გაუჩნდება ბავშვს ამ სკოლაში. სკოლა ავარიულია და ბავშვებისთვის სახიფათო“ – ამბობს ანა კაბულაშვილი.

ანა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში ცხოვრობს. მან „ბათუმელებს“ სკოლის ფოტოები მოაწოდა და გვიამბო, თუ რა მდგომარეობაშია სოფლის ერთადერთი საჯარო სკოლა.

ფოტოებზე ჩანს, რომ საჯარო სკოლა სარემონტო და მოუწესრიგებელია.

ბულაჩაურის სკოლის ფასადი

ანა ამბობს, რომ წლებია სოფლის მცხოვრებლები სკოლის გარემონტებას ან ახლის აშენებას ითხოვენ, თუმცა ბავშვებს ისევ სახიფათო შენობაში უწევთ სწავლა.

„ჩემი შვილი მომავალ წელს უნდა წავიდეს სკოლაში და როგორც მშობელს, ძალიან მაშფოთებს ეს ამბავი, რადგან სკოლა ავარიულია. არ ვიცი, აქ როგორ უნდა მივიყვანო ბავშვი. პროტესტის გრძნობა მაქვს, რადგან ეს სკოლა ძალიან სახიფათოა ნებისმიერი ბავშვისთვის.

ჩემი მეუღლე 30 წლისაა და ისიც ამ სკოლაში სწავლობდა. სკოლა მაშინაც კი ავარიული იყო, კედლები აქეთ-იქით ქანაობდაო, – მეუბნებოდა და ასეთ სკოლაში დადიან ბავშვები დღესაც, იგივე სიტუაციაა“- ამბობს ანა კაბულაშვილი.

სკოლის ერთ-ერთი აივანი

15 სექტემბერს სკოლებში სწავლა დაიწყება, ბულაჩაურელ პირველკლასელებს ამ შენობაში მოუწევთ განათლების მიღება.

„მივმართე ყველას, ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა. განცხადებით მივმართე დუშეთის მერიას. სოფელში შეგროვდა ხელმოწერები და ისიც გაიგზავნა გამგეობაში, რომ ან გარემონტებულიყო სკოლა, ან ახალი აშენებულიყო. ექსპერტიც კი არ მოსულა, რომ შეესწავლათ შენობის უსაფრთხოება და დასკვნა გვქონოდა, თუ რა მდგომარეობაშია შენობა.

არავინ გამოგვეხმაურა. მივწერე ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც და იქიდან მომწერეს, რომ ჩვენს სკოლაზე საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და არც სარეაბილიტაციო სკოლების გეგმაშია შესული“- ამბობს ანა.

საკლასო ოთახის კარები ბულაჩაურის სკოლაში.

სოფელს ხომ ჰყავს მერის წარმომადგენელი ან მაჟორიტარი, არავინ დაინტერესებულა ბავშვების უსაფრთხოებით? – ვკითხეთ ანას.

მისი თქმით, წლების განმავლობაში საარჩევნო უბანი სკოლის შენობაში იხსნებოდა და შესაბამისად, ხელისუფლება ხედავდა, რა ხდებოდა ამ შენობაში. „თუმცა რამდენიმე წელია სკოლის შენობაში არჩევნები აღარ ტარდება. ალბათ ისინიც მიხვდნენ, რომ სახიფათოა მანდ შესვლა.

სოფელი საკმაოდ დიდია, მაგრამ უკვე ცარიელდება. მიდიან ოჯახები იმის გამო, რომ არ არის სკოლა, არაფერი გვაქვს, არც გასართობი პარკი, არც სტადიონი… ეზოც მოუწესრიგებელია, სკამიც კი არ არის, რომ იქ ბავშვი დაჯდეს.

ფორმებში გამოწყობილი ბავშვები რომ შევლენ ამ სკოლაში, ეს იქნება „თანასწორობა?“ არა, ეს არ იქნება არანაირი თანასწორობა, რადგან ასეთ პირობებში ბავშვები ვერ შეძლებენ სწავლას. ის ფორმაც, ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაცას გამოედოს და დაიხეს. დახეული ფორმებით იარონ მერე?“- ამბობს ანა კაბულაშვილი.

მისი თქმით, ბულაჩაური თბილისიდან 35 წუთის სავალზეა და წესით, კარგად უნდა ხედავდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რა მდგომარეობაში უწევთ ბავშვებს სოფელში განათლების მიღება.

„თუ უნდა მივიღოთ მათი წესები და ფორმები უნდა ჩავაცვათ ბავშვებს, ჩვენი შვილებიც იმსახურებენ იმას, რომ ადამიანურ პირობებში ისწავლონ.

ჩემი შვილი სკოლის შენობასთან რომ მიმყავს და ვუხსნი ამ სკოლაში უნდა ისწავლო მეთქი, ტირილს იწყებს. არ უნდა ამ შენობაში მისვლა.

გათბობის სისტემა არის რამდენიმე ოთახში, თუმცა ვერ ათბობს და შეშის ღუმელი მაინც სჭირდებათ, ბუფეტი არ აქვთ სკოლაში.

სკოლის დირექტორი გვეუბნება, რომ მიმართა სამინისტროს და რესურსცენტრსაც, მაგრამ იქიდან პასუხი არ არის. ეუბნებიან, რომ სხვა სკოლები უფრო პრიორიტეტულიაო“- ამბობს ანა.

მისი აზრით, სწორედ ასეთი გულგრილობის შედეგია ის, რომ სოფლები მოსახლეობისგან იცლება.

„მე წავალ სოფლიდან, თუ ამ სკოლას არ გააკეთებენ. ჩემი მეგობრებიც ფიქრობენ სოფლის დატოვებას, ვის შვილებსაც სკოლაში შესვლა უწევთ. კარგი სკოლა და ინფრასტრუქტურა რომ გვქონდეს, ამ სკოლაში ბევრი მოსწავლე იქნებოდა. მე, მშობელს, არ უნდა მეშინოდეს იმის, რომ ბავშვი შეიძლება დაშავდეს სკოლაში.

შენობის წინა კედელს შეალამაზებენ, უკან კი ჩერნობილს ჰგავს. არცერთ აივანზე არ გაიშვება ბავშვი, ისეთი მდგომარეობაა“- ამბობს ანა კაბულაშვილი.

„ბათუმელები“ ესაუბრა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თამარ ბაგაშვილს. დირექტორი ამბობს, რომ 15 წელია ამ სკოლაში მუშაობს და ამ ხნის მანძილზე, ყოველ წელს აგზავნის წერილებს სკოლის მდგომარეობაზე შესაბამის უწყებებთან.

„მარტო ჩემი სკოლიდან არა, ზოგადად სკოლებიდან, ყოველთვის იგზავნება შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თავისი დასაბუთებული ფოტომასალით.

ჩვენს სკოლაზე უარეს მდგომარეობაშია მეზობელი სოფლის სკოლები და იქიდანაც აგზავნიან წერილებს.

2028 წლის გეგმაში იყო ჩვენი სკოლა ჩასმული, რომ უნდა მომხდარიყო ტექნიკური შეფასება  და ამის მიხედვით ჩატარებულიყო შესაბამისი სამუშაოები, ან ახალი სკოლა აშენებულიყო.

მერიის მხრიდან მცირე რემონტები იყო დაგეგმილი და რადგან ასე განვითარდა მოვლენები ჩვენი სკოლის ირგვლივ, მერიამ დაგეგმა მცირე სამუშაოების ჩატარება და გარკვეული თანხაც არის გამოყოფილი, სველი წერტილები რომ მოწესრიგდეს ზამთრისთვის და გარკვეული გამაგრებითი სამუშაოები რომ ჩატარდეს, ორი ტიხრიანი კედელი გვაქვს და მათი გამაგრება რომ მოხდეს“- ამბობს დირექტორი.

თამარ ბაგაშვილს ვკითხეთ, მისი დაკვირვებით, რამდენად უსაფრთხოა სკოლის შენობა ბავშვებისთვის და არის თუ არა მიზანშეწონილი აქ ბავშვების სწავლა.

„წელს ჩაატარეს ექსპერტიზა, მაგრამ პასუხები ჯერ არ მოსულა. ზეპირი შეფასებით ვიცით, რომ შენობა არის მდგრადი, არ არის ავარიული, როგორც ამას აცხადებენ. მეც ავარიული მეგონა, მაგრამ ადგილზე მოსულმა სპეციალისტებმა თქვეს, რომ შენობა მყარია, მაგრამ ხელის შევლება სჭირდება.

თუმცა ეს შენობა არანაირად არ აკმაყოფილებს სკოლის სტანდარტს, შეუფერებელია სკოლისთვის, რადგან შენობა თავის დროზე საცხოვრებელი კორპუსი იყო. 1923 წლიდან არსებობს ბულაჩაურში საჯარო სკოლა, მაგრამ სხვადასხვა საცხოვრებელში იყო ძველად განთავსებული, ეს შენობა 1969 წელს გადმოსცეს სკოლას და მას შემდეგ აქ არის.

ავტორიზაციის პირობებს ეს სკოლა ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ აგვიშენონ ახალი შენობა და ველოდებით“- ამბობს თამარ ბაგაშვილი.

მისი თქმით, დღეს სკოლაში 89 მოსწავლე სწავლობს. აქ პირველ კლასში წელს მხოლოდ 4 მოსწავლე მიიღეს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და ჰკითხა, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ წლების განმავლობაში ბულაჩაურის სკოლის რეაბილიტაცია ან ახლის მშენებლობა და იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში სკოლის რეაბილიტაცია.

მსგავსი კითხვებით მივმართეთ დუშეთის რესურსცენტრსაც. ჯერჯერობით არც სამინისტროს და არც რესურსცენტრს ჩვენს კითხვებზე პასუხი არ გაუცია. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: