მთავარი,სიახლეები

„როცა ბავშვს აღარ მოუწევს შეშის ღუმელზე გათბობა, მერე ვილაპარაკოთ ფორმაზე“ – მასწავლებელი

09.09.2026
„როცა ბავშვს აღარ მოუწევს შეშის ღუმელზე გათბობა, მერე ვილაპარაკოთ ფორმაზე“ – მასწავლებელი

„როცა ბავშვს აღარ მოუწევს შეშის ღუმელზე გათბობა, როცა კლასები იქნება თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი, გვექნება ჭკვიანი დაფები, ლეპტოპები, ფერადი პრინტერები და სხვა აუცილებელი რესურსებიც, მერე ვიმსჯელოთ ფორმებზეც“, – ამბობს არჩილ თოდუა.

არჩილი, ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ის წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტიც“ გახდა.

როგორია მასწავლებლობა საქართველოს საჯარო სკოლაში, რა სირთულეები აქვთ მოსწავლეებს და ახერხებს თუ არა სკოლაში დემოკრატიის დაცვას? – ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“.

  • ბატონო არჩილ, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს აქვს საქართველოს საჯარო სკოლებს?

სკოლაში 2022 წლიდან ვმუშაობ. კონკურსის წესით ამიყვანეს, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. 2015 წლიდან კი პერიოდულად ვასწავლი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული ლექტორი, „დემოკრატია და მოქალაქეობას“ და სულ ვფიქრობდი, რომ ყველაზე სწორია, ახალგაზრდებს ასწავლო სწორი ღირებულებები უფრო ადრეულ ეტაპზე.

ამიტომაც ვიფიქრე, რომ უფრო საინტერესო ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, სკოლაში მუშაობა იქნებოდა და მადლიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა.

ამ პროფესიის არჩევანი ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მასწავლებლების ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი სიცოცხლის ბოლომდე იყო სკოლაში და დედა დღესაც  მასწავლებელია. სხვა ნათესავებიც მყავს პედაგოგები, ასე რომ, ეს პროფესია ჩემთვის უცხო არ არის.

  • სამოქალაქო განათლება ბავშვებს ასწავლის დემოკრატიულ ღირებულებებს. „ოცნების“ ხელისუფლება კი ქვეყანაში ავტოკრატიას აძლიერებს. ასეთ ვითარებაში მასწავლებლებს გაქვთ იმის შინაგანი რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ პროპაგანდას, დაიცვათ ეს ღირებულებები?

ძალიან მძიმე, კრიზისულ ვითარებაში ვართ დღეს, კრიზისის პირობებში არსებობს ჩვენი სახელმწიფო ბოლო რამდენიმე წელია და ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრიათ მოქალაქეებს. დემოკრატია უნდა იყოს საზოგადოების დაკვეთა და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში გვქონდეს რეალური დემოკრატია, ისეთი, როგორიც ვთქვათ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია.

სკანდინავიის ქვეყნების დონეზე შეიძლება არა, რადგან ამ ქვეყნებში დემოკრატიის ძალიან მაღალი სტანდარტია, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზე ხომ შეგვიძლია მინიმუმ ყოფნა.

საზოგადოებამ უნდა შევძლოთ განვავითაროთ, გავაძლიეროთ და ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავისუფლად, დაცულად იგრძნობს თავს, სადაც ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ.

საკუთარი თავი იპოვონ აქ, ამ სახელმწიფოში და არ მოუწიოთ ემიგრაციაში ყოფნა. ვიცით, რომ დღეს ათასობით ადამიანია ემიგრაციაში წასული უკეთესი ცხოვრებისთვის, იმისთვის, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინონ და ასევე უამრავი ადამიანი, ჩემ გარშემოც მაგალითად, ცდილობს გამონახოს გზები იმისთვის, რომ დატოვოს საქართველო და უცხოეთიდან არჩინოს ოჯახი ან ოჯახთან ერთად გადასახლდეს საერთოდ სხვა სახელმწიფოში.

ეს ძალიან მძიმე ამბავია. ამიტომ, ჩვენ თუ არ შევქმნით და არ ავაშენებთ თავისუფალ სახელმწიფოს, ეს პროცესები კიდევ უფრო გაღრმავდება.

  • ფაქტია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსები წაართვა „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს. ახალგაზრდები რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე. მათ თუ აქვთ განცდა იმის, რომ დემოკრატიული ღირებულებები მათი დასაცავიც არის?

ახალგაზრდა თაობას ძალიან კარგად ესმის ბევრი რამ, მაგრამ მასწავლებლებს გვაქვს მეტი წილი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მოსწავლეებს კარგად გავააზრებინოთ და ვასწავლოთ საკუთარი პრინციპების დაცვა. ჩვენს ქვეყანას დღეს გაცხადებული აქვს, მათ შორის კონსტიტუციითაც, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი უნდა გახდეს. ამიტომ ეს დათქმა უნდა მოვიდეს პრაქტიკაში.

ჩვენ, ძალიან ცუდი და მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს რუსული ქოლგის ქვეშ ცხოვრების, რუსული ოკუპაციის და ამან სასიკეთო არაფერი მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს არცერთ ეტაპზე. ისტორიულად ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო დასავლეთის, თავისუფალი სივრცის ნაწილი. მითოლოგიაშიც რომ წავიდეთ, ჩვენი პირველი მითიც, არგონავტების შესახებ, ევროპულ სახელმწიფოს – საბერძნეთს უკავშირდება.

აქედან მოყოლებული ცდილობდა ჩვენი ქვეყანა საკუთარი ნავსაყუდელი დასავლეთში, ევროპაში ეპოვა და დღეს, როცა არსებობს ეს შესაძლებლობა, არ უნდა გავუშვათ შანსი ხელიდან. აბსოლუტურად ყველა პროფესიის ადამიანმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია.

  • წელს გამოცვალეს სახელმძღვანელოები და ისიც კი მოვისმინეთ, რომ „წულუკიანის კომისიის“ დასკვნის შეტანას ცდილობენ სკოლებში. ყველას გვახსოვს ეს კომისია როგორ მსჯელობდა, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი – სააკაშვილმა თუ რუსეთმა. შეძლებენ ისინი თავიანთი მიზნების მიღწევას სკოლებში?

სანამ შეგვიძლია, ჩვენ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სიმართლე – რა არის სწორი და რა არასწორი. ისტორიას ვერ შეცვლი, ვერ გააყალბებ და საქართველოს ისტორიაში რუსეთს ვერ გამოიყვან, როგორც ჩვენ მეგობარ სახელმწიფოს.

დარწმუნებული ვარ, ისტორიის მასწავლებლების უმრავლესობა სწორედ ამ პოზიციაზეა. იგივე როლი აკისრიათ ქართული ლიტერატურის მასწავლებლებსაც, რადგან ბევრი ქართველი ავტორი, პოეტი თუ მწერალი სწორედ რუსული აგრესიის, რუსული რეპრესიების მსხვერპლი გახდა და არაერთი ნაწარმოები აღწერს ამ ყველაფერს.

სამოქალაქოს მასწავლებლებსაც განსაკუთრებული როლი აკისრიათ ამ კუთხით, რომ ბავშვებს საკლასო ოთახებში ასწავლოს რეალური ისტორია.

ჩემი მშობლებისგან ძალიან ხშირად გამიგია, რომ საბჭოთა პერიოდში უნივერსიტეტში სწავლობდნენ ათეიზმის კურსს, მაგრამ ყველაზე მეტი, რელიგიაზე და ქრისტიანობაზე სწორედ იმ ლექტორებისგან გაიგეს, რომელთა პასუხისმგებლობაც ათეიზმის სწავლება იყო.

ვფიქრობ, გაუჭირდებათ ისეთი მასწავლებლის პოვნა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ასწავლის რაიმეს. ახალგაზრდებსაც კარგად ესმით ვისკენ არის სიმართლე, ვინ არის ოკუპანტი და ვინ მეგობარი. ამიტომ არა მგონია ვინმეს გააბედვინონ საკუთარი ისტორიის არასწორი სწავლება.

მე ვარ ზუგდიდიდან, რომელიც რამდენიმე ოკუპირებულ სოფელს ემიჯნება, ჩემი სტუდენტების მეტი წილი სწორედ იძულებით გადაადგილებული პირები არიან აფხაზეთიდან. მათ ყველაზე კარგად, პრაქტიკაში იციან, ვინ არის მტერი, ვინ არის ოკუპანტი და რას ნიშნავს ოკუპაციის პირობებში ცხოვრება.

შესაბამისად, რთულად წარმომიდგენია, რომ ერთ დღეს, ქართულ საკლასო ოთახებში თუ უნივერსიტეტის აუდიტორიებში ვიხილოთ სიტუაცია, სადაც მტერზე ვიტყვით, რომ მეგობარია და მეგობარზე ვიტყვით, რომ მტერია.

  • ორი დღეა განათლების სამინისტრო PISA-ს კვლევას აფრიალებს და ამბობს, რომ წინსვლა გვაქვს განათლებაში. მოგვიყევით, რეალურად რა ხდება სკოლაში, რა აწუხებთ ან უხარიათ ბავშვებს?

მე პატარა სკოლაში ვასწავლი, მაგრამ ყველა მათგანის ინტერესი, პირველ რიგში, არის ის, რომ ჰქონდეთ კარგი, უზრუნველი მომავალი და ეს მომავალი თვითონვე ააშენონ, თვითონვე შექმნან. ამიტომ, ისეთ საგნებს ითვისებენ, რაც მათ მომავალში გამოადგებათ. მათ შორის, სამოქალაქო განათლებასაც.

მეც ვცდილობ ისეთი პროექტები განვახორციელო, რაც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული. მასწავლებელი ყოველთვის იმის ძიებაში უნდა იყოს, თუ რა არის მოსწავლეთა ინტერესი, რა სფეროში, რა მიმართულებით სჭირდებათ მათ დახმარება.

ახლა, ამ ინტერვიუს შვედეთიდან გაძლევთ და რომ შევადაროთ ერთმანეთს, უზარმაზარი განსხვავებაა ქართულ და შვედურ სკოლებს შორის. აქ ყველაფერი ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის. კარგად აღჭურვილი სკოლები, კარგი, გამწვანებული ეზოები, არაერთ სპორტულ სახეობაზე მიუწვდებათ ხელი. დასვენებაც შეიძლება, სწავლაც და გართობაც. ეს ყველაფერი აკლიათ ჩვენს მოსწავლეებს.

ჩვენთან ჯერ კიდევ იმაზე მიდის მსჯელობა, სკოლებში უნდა იყოს თუ არა უფასო კვება.

აუცილებელია, რომ სახელმწიფომ განათლებაში სწორად ჩადოს ფინანსური რესურსები. სოფელშიც და ქალაქშიც მოსწავლეებს თანაბარი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ ყველაფერზე. არ შეიძლება ერთ სკოლაში გათბობის ცენტრალური სისტემა იყოს და მეორე სკოლაში შეშის ღუმელებით თბებოდნენ ბავშვები.

ჩვენ ერთი მხრივ სისტემური და მეორე მხრივ რესურსების კრიზისების ფონზე გვიწევს დღეს მასწავლებლებს მუშაობა. განსაკუთრებით რეგიონებში.

მასწავლებლებს და სკოლას უნდა ჰქონდეთ სრული თავისუფლება. სკოლა პოლიტიკური კონიუნქტურისა და მანიპულაციებისგან აბსოლუტურად დაცული უნდა იყოს, რადგან მხოლოდ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალ პედაგოგს შეუძლია აღზარდოს თავისუფალი, ღირსეული, პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, რომელიც, საბოლოო ჯამში, კარგ ქვეყანას ააშენებს.

  • რადგან შვედეთში ხართ, ხომ არ გიკითხავთ, 2 ან 3-ცვლიან სკოლებზე თუ სმენიათ რაიმე. ჩვენთან ხომ ასეთ პირობებში უწევთ ბავშვებს სწავლა?

შვედეთში არ არის ორცვლიანი სკოლები. გაკვეთილების დასრულების შემდეგ 6-დან 13 წლამდე ბავშვებისთვის მოქმედებს სპეციალური სკოლისშემდგომი ჯგუფები, სადაც მოსწავლეები რჩებიან საღამომდე. თამაშობენ, მეცადინეობენ და ერთობიან.

მოსწავლეს, პირველ რიგში, მეგობრული, თავისუფალი გარემო უნდა დაახვედრო სკოლაში. უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მას სკოლაში მხარდამჭერები დახვდებიან, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს კონკრეტული მოსწავლის, კონკრეტული ინტერესის განვითარებას. მათემატიკა გამოსდის კარგად? ამ მხრივ უნდა შეუწყო ხელი, ტექნოლოგიები გამოსდის? აქ უნდა მისცე ფართო შესაძლებლობები. შეიძლება მუსიკის ნიჭი აქვს და კარგი ფლეიტისტი გამოვიდეს.

ამ ყველაფრის ხელშემწყობი უნდა იყოს სკოლა.

  • ფორმები ხომ უყიდეს, თან დაავალდებულეს რომ ჩაიცვან. ამაზე რას ფიქრობთ?

როცა ბავშვს აღარ მოუწევს შეშის ღუმელზე გათბობა, როცა კლასები იქნება თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი, გვექნება ჭკვიანი დაფები, ლეპტოპები, ფერადი პრინტერები და სხვა აუცილებელი რესურსები, მერე ვიმსჯელოთ ფორმებზეც.

ფორმა არ არის ნომერ პირველი პრიორიტეტი დღეს, რაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. სხვა პრობლემებია მოსაგვარებელი. მათ შორის ბუფეტების საკითხი, ფიზიკის, ქიმიის ლაბორატორიების და ასე შემდეგ.

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არაერთი ბავშვი იზრდება მშობლების გარეშე, ხან დედა ჰყავთ ემიგრაციაში, ხან მამა, ან ორივე ერთად, ბუნებრივია, ბავშვის სწავლის მოტივაცია ვერ იქნება მაღალი. ეს ყველაფერი მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.

უნივერსიტეტში მყავდა ერთი სტუდენტი, რომელიც მიყვებოდა, რომ მეშვიდე კლასიდან ხან ერთი მშობელი ჰყავდა ემიგრაციაში, ხან მეორე და ეს ძალიან მტკივნეული იყოს მისთვის. მე სამი შვილი მყავს და სულ ვცდილობ მათ გვერდით ვიყო, დავეხმარო გაკვეთილების მომზადებაში, რაღაც ავუხსნა დამატებით, ეს აკლია ბევრ ბავშვს.

ბავშვი ბედნიერიც უნდა იყოს, სათანადო პირობებიც უნდა ჰქონდეს, რომ სრულფასოვნად მიიღოს ცოდნა. ამისთვის გვჭირდება დასავლური დემოკრატიაც და განვითარებული ეკონომიკაც. ის, რაც ევროპის ქვეყნებს აქვთ დღეს საკუთარი მოქალაქეებისთვის, მოსწავლეებისთვის.

  • მე-12 კლასის გაუქმებაზე რას ფიქრობენ ბავშვები. თანახმა არიან „რეპეტიტორიუმის“ გავლაზე?

ჩემ გარშემო მყოფი მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი უეჭველად გააგრძელებენ სწავლას მე-12 კლასშიც, რადგან ხედავენ, რომ ბევრი ახალგაზრდა წარმატებით ირიცხება ევროპულ უნივერსიტეტებში. არც მათ უნდათ ეს შესაძლებლობა დაკარგონ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: