რუსეთში სავარაუდო მობილიზაციის შიშმა მიგრაციის ახალი ტალღის მოლოდინი გააჩინა. არაერთი რუსული და საერთაშორისო მედიაგამოცემა წერს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთში, შესაძლოა, მობილიზაცია გამოცხადდეს.
ამ ვარაუდს აძლიერებს ისიც, რომ რუსული ბანკებიდან მოქალაქეებმა მილიარდობით რუბლის გატანა დაიწყეს. დამოუკიდებელი რუსული მედიაგამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რუსეთში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, “სბერის” ფინანსურმა დირექტორმა, ტარას სკვორსოვმა 2026 წლის აგვისტოს ბანკებისთვის ყველაზე ცუდი თვე უწოდა ბოლო 6 წლის განმავლობაში.
თუ მობილიზაცია მართლა გამოცხადდება, წინა შემთხვევების მსგავსად, ლოგიკურია, რომ მოქალაქეთა ნაწილი ამჯერადაც ეცდება რუსეთის დატოვებას ფრონტზე წასვლისგან თავის ასარიდებლად. ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს დიდი არჩევანი არ აქვთ. იმ ქვეყნებს შორის, სადაც მათ სწრაფად და შედარებით მარტივად შეუძლიათ წასვლა, საქართველოცაა.
როგორ შეიძლება იმოქმედოს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე რუსეთიდან სავარაუდო მიგრაციის ახალმა ტალღამ? – „ბათუმელები“ ამ საკითხზე „თიბისი კაპიტალის“ უფროს ვიცე-პრეზიდენტს, ირინა კვახაძეს ესაუბრა.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და ოდნავ მოგვიანებით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემოსული ათობით ათასი ადამიანის საცხოვრებელზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად გააძვირა ბინების ფასი – როგორც ქირის, ისე ყიდვის შემთხვევაში.
რა მდგომარეობა გვაქვს ახლა?
„თიბისი კაპიტალის“ უფროს ვიცე-პრეზიდენტის, ირინა კვახაძის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მობილიზაციის რისკის გამო რუსეთიდან გაზრდილ ინტერესს გვაჩვენებს. მისი თქმით, თუ ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები მომდევნო კვირების განმავლობაში გვექნება.
ირინა კვახაძის ინფორმაციით, 2026 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობა უძრავი ქონების სექტორში. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები მეტ ბინას ყიდულობენ, ან ქირაობენ.
“თიბისი კაპიტალის” მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2026 წელს, ყოველთვიურად იზრდება უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი თბილისსა და ბათუმში. თუმცა, ირინა კვახაძის თქმით, ამ დრომდე არსებული მონაცემები არ მიუთითებს, რომ სტატისტიკა უშუალოდ რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე იზრდება.
„ზოგადად, იანვრიდან მოყოლებული გაყიდვები არის ძალიან გაზრდილი. ამას ჩვენ არ ვუკავშირებთ რუსეთში მობილიზაციასთან დაკავშირებულ რაიმე ფაქტორებს. ვუკავშირებთ უფრო გააქტიურებული უძრავი ქონების ბაზარს, სადაც ძლიერია ადგილობრივი მოთხოვნაც და საერთაშორისოც. საერთაშორისოში არ ვგულისხმობ სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ევროპას.
ჩვენი უძრავი ქონების კომპანიები განვითარდნენ. განავითარეს გაყიდვები. საქართველოს გარეთაც სხვადასხვა კომპანიასთან აქვთ ურთიერთობა და აი, ეს ყველაფერი განაპირობებს ბაზარზე არსებულ ვითარებას. კომპანიები ძალიან კარგად ზრუნავენ თავიანთ გაყიდვებზე.
ამ 7 თვეში [იანვარი-ივლისი], წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით არის გაყიდვები გაზრდილი. ანუ, საკმაოდ გაიზარდა ბაზარი. ზრდას დაახლოებით იგივე რიტმი აქვს, რაც 2022 წელს ამ მიგრანტების შემოდინებამ გამოიწვია. ეს ხდება არა მარტო საერთაშორისო მყიდველების ხარჯზე, ადგილობრივი ბაზარიც აქტიურია”, – ამბობს „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ვიცე-პრეზიდენტი „ბათუმელებთან“.
იგი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვარაუდი გამართლდა და რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, მიგრაციის მასშტაბზე იმოქმედებს ისიც, რამდენად შეძლებენ ადამიანები ქვეყნის დატოვებას.
„რუსეთიდან რამდენად მარტივად გავლენ მოქალაქეები? ომის პირველ თვეებში რუსეთიც, ალბათ, ნაკლებად იყო მზად, რომ შეეზღუდა მოქალაქეების გასვლა ქვეყნიდან”, – ამბობს ირინა კვახაძე.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო კვირებში საქართველოში ბევრი ადამიანი შემოვა რუსეთიდან?
უძრავი ქონების ბაზარზე გავლენის განსასაზღვრად საჭიროა შეგვეძლოს მიგრაციის მასშტაბის განსაზღვრა. 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 10 თვეში რუსეთიდან საქართველოში 1 405 552 ადამიანი შემოვიდა. მათი ნაწილი საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში წავიდა, ნაწილი დროებით დარჩა, ნაწილი – უფრო დიდხანს. შედარებით შემცირებული სტატისტიკით, თუმცა ყოველთვიურად რუსეთიდან ათობით ათასი მოქალაქის საქართველოში შემოსვლის ტენდენცია შემდეგ წლებშიც გაგრძელდა.
ამავე თემაზე: რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში
ირინა კვახაძემ გაგვაცნო „თიბისი კაპიტალის” მონაცემები, იმ პერიოდში უძრავ ქონებაზე მოთხოვნისა და ფასის ზრდის შესახებ.
„2022 წელს [2021 წელთან შედარებით], რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა. 2023-ში 5%-ით შემცირდა, 2024-ში კი 2%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება გაყიდვის ფასს, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16%-ით, 2023-ში – 24%-ით. რენტა გაიზარდა ძალიან – კვადრატული მეტრის ფასი 9 დოლარიდან 13,2 დოლარამდე ავიდა იმ პერიოდში. ოღონდ ფასის ზრდა არ იყო გამოწვეული მხოლოდ მიგრანტების შექმნილი მოთხოვნით. იყო იმის გამოც, რომ მაშინ ლარი გამყარდა. ესეც იყო ომის ეფექტი.
ახლაც, თუ ბევრმა დატოვა რუსეთი და მათი ნაწილი შემოვიდა საქართველოში, ეს, რა თქმა უნდა, აისახება პირველ რიგში გაქირავების ფასზე, 2-3 თვეში კი წამოეწევა გაყიდვების ფასის ზრდაც.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიგრანტების ტალღა დიდი იქნება, შეიძლება ისე ძლიერად არ იმოქმედოს, როგორც იმოქმედა 2022 წელს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საქართველოში გაზრდილია უძრავი ქონების მიწოდება. 2022 წლის შემდეგ საქართველოში ბევრი ახალი ბინა გაჩნდა ბაზარზე”, – ამბობს ირინა კვახაძე.
რა შეიძლება ვურჩიოთ ადამიანებს, ვინც უახლოეს პერიოდში გეგმავს ბინის ყიდვას ან გაყიდვას?
ირინა კვახაძე ამბობს, რომ მთავარია ადამიანი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებამდე.
„როდესაც ადამიანი აკეთებს ინვესტიციას, უნდა განსაზღვროს, რა უჯდება და რა მოგებას მოუტანს ის. ასევე, უნდა გაითვალისწინოს ყოველგვარი რისკი. თუ ამ რისკების გათვალისწინებით მართლდება ინვესტიცია, მაშინ შეუძლია თამამად გადაწყვიტოს. ჩემი რჩევა იქნება, მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები”, – ამბობს “თიბისი კაპიტალის” უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
„ბათუმელები“ ესაუბრა უძრავი ქონების რამდენიმე აგენტსაც, რომლებიც ბათუმის ბაზარზე მუშაობენ. მათ ინტერვიუზე უარი გვითხრეს, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ რუსეთიდან შემოსული ადამიანები მათთან ფიზიკურად აღარ მიდიან.
უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ბათუმში ბევრი რუსი ბროკერი და რუსული კომპანია გამოჩნდა, რომლებიც სთავაზობენ სერვისებს რუსეთიდან ჩამოსულ და ზოგადად, რუსულენოვან მომხმარებლებს. სწორედ მათ აქვთ მეტი კონტაქტი რუსეთში, იყენებენ პოპულარულ რუსულენოვან ვებგვერდებს, ტელეგრამ-არხებს და სხვა საშუალებებს საქართველოს ბაზრის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და უძრავი ქონების გასაყიდად.
უძრავი ქონების აგენტები, რომლებიც წლებია ბათუმში მუშაობენ, წუხან, რომ ამ ტენდენციის გამო მათთან ნაკლები მომხმარებელი მიდის.
იმის შესახებ, თუ როგორ ჰყიდიან რუსეთის მოქალაქეები ქონებას საქართველოდან, „ბათუმელები“ აქამდეც გიყვებოდათ. რუსეთის მოქალაქეებს გაყიდვების არაერთი სააგენტო აქვთ ბათუმში, თბილისში და ამაზე ინფორმაცია უხვად მოიპოვება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე.
ამავე თემაზე:
„გადმოდით, ბათუმში სახლი გელოდებათ“ – როგორ ყიდიან რუსები ქონებას საქართველოდან






