მთავარი,სიახლეები

ასახლებენ ქალს, რომელიც ფეხმძიმე აგვისტოს ომში მონაწილეობდა: შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები

19.08.2026
ასახლებენ ქალს, რომელიც ფეხმძიმე აგვისტოს ომში მონაწილეობდა: შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები

„შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები, მათ შორის, იმ შვილთან, ვის გაჩენასაც ველოდებოდი აგვისტოს ომის დროს,“ – გვიყვება მაია კაკიაშვილი, რომელიც ომის ვეტერანია, სამი შვილის დედაა და დღე-დღეზე საკუთარი ბინიდან გამოსახლებას ელის.

მაია კაკიაშვილი თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ 2015 წელს სესხად აიღო მევახშისგან 5 ათასი დოლარი. დავალიანება წლების განმავლობაში 80 ათას დოლარამდე ავიდა. სახლი აუქციონზე გაიყიდა. მესაკუთრე ამჯერად დაახლოებით 25 ათას დოლარად აპირებს მაია კაკიაშვილის სახლის ოჯახისთვის დაბრუნებას.

„აღსრულება დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წელს,“ – გვიყვება მაია კაკიაშვილი. – „2020 წელს იყვნენ მოსული აღმასრულებლები და მაშინ იმდენი ადამიანი დამიდგა გვერდით, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ გამოსახლება შეაჩერეს. ვითხოვდი თანხის გადანაწილებას, რადგან ფიზიკურად ერთიანად ვერ გადავიხდიდი.

მერე იყო პანდემია და ისედაც გაჩერდა ყველაფერი… ახლა განახლდა გამოსახლებები და ეტაპობრივად ყველას ეხმიანებიან. თვეში ორ-სამჯერ მიბარებენ აღსრულებაში, ან ისინი მოდიან. ბოლოს ვუთხარით, რომ ვაგროვებთ თანხას – მუსიკოსები, მხატვრები, ხელოვანები გვეხმარებიან და მოგვცეს ექვსთვიანი პერიოდი. ეს დრო სექტემბერში გადის.

ბოლოს უკვე მკაცრი ტონით მითხრეს, რომ სექტემბერში ჩამინიშნავენ გამოსახლებას.

ამ ვიწრო, ძველ ბინაში ვცხოვრობ ორ შვილთან ერთად, ერთი 17 წლისაა, არასრულწლოვანი, – გვითხრა მაია კაკიაშვილმა.

მაია კაკიაშვილი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის“ – ამ ჩანაწერით მიუღია მაია კაკიაშვილს მედალი 2009 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. მაია კაკიაშვილი აგვისტოს ომის დროს უფროსი სერჟანტი იყო, ახლა თადარიგის სერჟანტია რეზერვში.

მაია კაკიაშვილს ვესაუბრებით აგვისტოს ომზე, ასევე იმაზე, რასაც „ოცნების“ მთავრობა დღეს აცხადებს რუსეთ-საქართველოს ომზე.

„ერთ-ერთ ბატალიონში სამსახურის უფროსის მოვალეობას ვასრულებდი, როცა ომი დაიწყო, ვასრულებდი საბრძოლო დავალებებს,“ – ომის დღეებზე საუბარი მაია კაკიაშვილს ახლაც უჭირს, თუმცა 7 აგვისტოს იხსენებს, როცა უთხრეს: ამაღამ იქნებ სახლში წახვიდე და დაისვენოო.

„წამოვედი სახლში, მაგრამ იმ დღეს დაიწყო დაბომბვა,“ – გვიყვება მაია კაკიაშვილი. – „დავიწყე სახლიდან ტელეფონზე დარეკვა ჩემს ბატალიონში, არავინ მპასუხობდა. ვერ აღგიწერთ ისე მინდოდა გამეგო, როგორ იყვნენ ჩემები. იმავე ღამეს დავბრუნდი ბატალიონში და მერე ფეხი არ გამომიდგამს საერთოდ.

ჩემს ოცეულში ძალიან პატარა ბიჭები იყვნენ. ამ დროს შიში უჩნდება ყველას, მაგრამ ორსულს რომ მხედავდნენ, უფრო მეტად შემართებით უნდა ვიყოთო. ეს იყო სიამაყის განცდა, რომ მე მათთან ერთად ვიყავი – ფეხმძიმე. ვერ აღვწერ ამ ემოციას, რასაც განვიცდიდი…

დღეს, როცა ვისმენთ, რომ თურმე ომი ჩვენ დავიწყეთ, სამხრეთ ოსეთი ვისი ტერიტორიაა? საქართველო თუა, მაშინ როგორ დავიწყეთ ომი? მანამდე სულ აფეთქებები იყო, სროლა სოფლებში, ხალხის გატაცება, დახოცვა… რას ჰქვია პროვოკაცია და ძალით დაიწყო ომი? – კი ბატონო, მიშა ამბიციურია, ცოტა იმპულსურიც, მაგრამ ეს რანაირად შეიძლება დააბრალო?

ის, რასაც ახლა ვისმენ, არის სულში ჩაფურთხება. ადამიანები, რომლებმაც თავი გაწირეს, თითქოს ვიღაცის ემოციებს შეეწირნენ. ეს ტყუილია.

მე მეგობრად ვერასდროს აღვიქვამ რუსეთს. როგორ უნდა ვენდო ჩემი ქვეყნის ოკუპანტს?

მარტო ვერ იქნება საქართველო – მას უნდა ჰყავდეს ძლიერი მოკავშირე. ვიღაცასთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა და ცუდიდან ყველაზე უარესი რატომ უნდა ავირჩიოთ? რუსეთი რატომ უნდა ავირჩიოთ, სადაც ვხედავთ, როგორ ექცევიან ადამიანებს. მოსკოვის და პეტერბურგის მიღმა ადამიანები რუსეთში ღვთის ანაბარა არიან მიტოვებული, კანალიზაციაც კი არ აქვთ და ასეთ რუსეთს ვირჩევთ?

დედაჩემიც სამხედრო იყო – იგი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, მაშინ მე ბებიასთან ვცხოვრობდი. დედა 12 წლის წინ გარდაიცვალა… აფხაზეთის ომზე ვერაფერს გეტყვით. ეს მხოლოდ ტკივილია…

დედაჩემის გამო ავირჩიე სამხედრო სამსახური, თუმცა განათლებით იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ახლაც ვმუშაობ პერიოდულად, როგორც იურისტი.

როდესაც სახელმწიფო არ ზრუნავს ადამიანებზე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე,“ – ამბობს ბოლოს მაია კაკიაშვილი მხარდამჭერ კამპანიაზე. მას სახლის დასაბრუნებლად სულ ცოტა 25 ათასი აშშ დოლარი სჭირდება.

დღეს, 19 აგვისტოს, აქტივისტი გოტა ჭანტურია გამოსახლების წინააღმდეგ და კონკრეტული ოჯახების მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს – „შევუნარჩუნოთ ოჯახებს ჭერი“. ამ კამპანიის ფარგლებში დაეხმარებიან ასევე 7-სულიან ოჯახს თბილისში – ამ შემთხვევაში სახლს კარგავენ ბავშვები და შშმ პირი.

„სულ რამდენიმე თვის წინ, ჩემი და ჩემი ოჯახის მხარდასაჭერად საზოგადოებამ უდიდესი სოლიდარობა გამოხატა! ამის შემდეგ, სტუდენტების თაოსნობით, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის სრულიად უპრეცედენტო სოლიდარობის კამპანია ვიხილეთ.

ახლა მინდა გთხოვოთ ანალოგიური მობილიზაცია გამოსახლების წინააღმდეგ! ზოგადად, მე თუ მკითხავთ, გამოსახლება წარმოუდგენელი მასშტაბის ბოროტებაა და ნორმალურ სახელმწიფოში საერთოდ არც უნდა ხდებოდეს. თუმცა, ჩვენთან სახელმწიფო პირდაპირ მევახშის მხარეს წარმოადგენს – არსად ჩანს, როცა ჩვენ გვჭირდება, მაგრამ პოლიციის ძალით ჩნდება, როცა მევახშე „აღსრულებას“ ითხოვს…

მოკლედ, მეგობრებო, აბსოლუტური მობილიზაცია. ამ ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი ღირსების საკითხია!,“ – წერს ფეისბუკში გოტა ჭანტურია.

____

კამპანიის „შევუნარჩუნოთ ოჯახებს ჭერი“ ფარგლებში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია:

საქართველოს ბანკი: #GE32BG0000000613039749
TBC ბანკი: #GE93TB7236345064300131
ფეიფალი: http://paypal.me/sonakalandadze

„რამდენიმე საათში ერთხელ დავდებ განახლებას თანხის ოდენობასთან დაკავშირებით!“ – წერს ასევე გოტა ჭანტურია!

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: