მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაციას ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს.
„ბათუმელები“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებას.
„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში… ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული… ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში,“ – წერს ადვოკატი თემურ ქავშბაია.
კობა ფარტენაძე 16 აგვისტოს თავს დაესხნენ. დაწყებულია გამოძიება.
კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს. კობა ფარტენაძემ მაშინ თქვა, რომ ამ შემთხვევამდე მასზე სხვა ლოკაციაზეც იძალადეს და ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მას თავს ესხმიან. ამ ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებულ ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა.
ამ თემაზე:





