6 წლამდე ასაკის ბავშვების ავტომობილით მგზავრობისას საბავშვო სავარძლის გამოყენება სავალდებულო გახდება – ამის შესახებ საუბარია საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2026-2027 წლებისათვის საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
ახლა ჯერი საკანონმდებლო ცვლილებებზეა.
„იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის შედეგადაც საწყის ეტაპზე, სავალდებულო გახდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილეების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან ქვეითები, ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ის მოქალაქეები, რომლებიც მართავენ ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებას (მოტოციკლი, მოპედი, ელექტროსკუტერი სხვა).
სტრატეგიის თანახმად, დაგეგმილია საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მშობლებზე, ისე ბავშვებზე ადაპტირებული და ეფექტური სწავლების შესაძლებლობას.
„ამავე კონტექსტში, განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკის ინტეგრირება სკოლამდელი განათლების პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო ქცევის ჩვევების ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდანვე,“ – ნათქვამია დოკუმენტში.
სტრატეგია ითვალისწინებს არსებული სასკოლო ზონების არეალის გადახედვას. დაგეგმილია „სასკოლო ზონებში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის 30 კმ/სთ-ის სახით დადგენა და სიჩქარის გადაჭარბების მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის სასკოლო ზონებში გავრცელების გადახედვა“.
სტრატეგიის ავტორები ფიქრობენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ჩარევა ხელს შეუწყობს სასკოლო ზონებში გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირებას და საგრძნობლად გაზრდის არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონეს.
ასევე, სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრამდე საქართველოში შეფასდება ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის შესაბამისობა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.


