მთავარი,სიახლეები

3 კვირაში ქორწილი ჰქონდა – აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი შაინიძის ისტორია

07.08.2026
3 კვირაში ქორწილი ჰქონდა – აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი შაინიძის ისტორია

7 აგვისტოს დილაა. გიორგის, ტრადიციულად, დედა და უმცროსი და აცილებენ სახლიდან.

26 წლის კაპრალი დაბა ოჩხამურიდან ბათუმში, ადლიის სამხედრო ბაზაზე მიდის და ყოველ საღამოს სახლში ბრუნდება.

წასვლამდე გიორგი დედას 7000 ლარს აძლევს, რომელიც წინა საღამოს ბანკიდან სესხად გამოიტანა. ფული ქორწილისთვის დასჭირდა, რომელიც დაახლოებით 3 კვირაში, 26 აგვისტოსაა დაგეგმილი. 29 ივლისს გიორგი დაინიშნა და მას შემდეგ ოჯახი საქორწინო სამზადისშია.

„[სარიტუალო] დარბაზში გვქონდა ბე დატოვებული, მაგრამ რაღაცნაირად არ მოსწონდა. 7-ში, დილით რომ მიდიოდა, ვუთხარი, გაიარე და გააფრთხილე, რომ გადაიფიქრე, აღარ გინდა და სხვა დარბაზში გავაკეთოთ-მეთქი. ერთხელ უნდა გადაიხადო ქორწილი, 2-ჯერ დ 3-ჯერ ხომ არა, თუ არ მოგწონს, არ გინდა ეგ-მეთქი. არაო, დედი, იყოს რაც არისო – ეტყობა ურეკავდნენ ბიჭები და სად ეცალა დარბაზისთვის?! წავიდა 7-ში დილით და წავიდა და წავიდა“, – 18 წლის შემდეგ იხსენებს გიორგის დედა, მანანა შაინიძე დღეს, როცა შვილს უკანასკნელად დაემშვიდობა.

საღამოს გიორგი სახლში არ დაბრუნდა. დაახლოებით 21:000 საათზე დარეკა და ოჯახს გააგებინა, რომ სამხედრო სწავლებაზე იყო გორში, სადაც მოულოდნელად მოუწია წასვლა. დედას უთხრა, რომ სწავლებას ტყეში გადიოდნენ, სადაც მობილურის დამუხტვას ვერ მოახერხებდა, ამიტომ, არ ენერვიულა, თუ ვერ დაუკავშირდებოდა და დაჰპირდა, რომ თავად დაურეკავდა, როგორც კი შეძლებდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დედასთან საუბრის დასრულების შემდეგ გიორგი თანამებრძოლებთან ერთად რუს ოკუპანტებს ებრძვის. 8 აგვისტოს, გამთენიისას, გორში, მას რუსი სნაიპერის ტყვია ხვდება. დედა შვილის დაღუპვის ამბავს რამდენიმე დღის შემდეგ იგებს.

გიორგი შაინიძე

„8 აგვისტო რომ გათენდა, ტელევიზორი ჩავრთეთ და არ მომეწონა სიტუაცია – უკვე სროლებია, დაძაბულობაა. ჩემი გოგო სოფელში მიდიოდა გიორგის დანიშნულის ჩამოსაყვანად. ჩაიცვა, დაიხურა, გაემზადა, მაგრამ არ გავუშვი. ეკა-მეთქი, მეუბნები ჩემს შვილს, ეს ამბავი არ მომწონს, გიასთანაც ზარი აღარ გადის, არ წახვიდე სოფელში-მეთქი. თურმე, ამ დროს ჩემი შვილი უკვე მკვდარია. თურმე მთელმა სანათესავომ, მთელმა ოჩხამურმა იცი, რომ ჩემი შვილი აღარ არის ცოცხალი, მარა მე, დედას ვინ მეტყოდა?!

დილიდან წინა საღამოს მისი დატოვებული ტანსაცმელი გავრეცხე. შუადღეზე რომ ჩამოვხსენი, უკვე ვხვდებოდი – ომია, ზარი აღარ გადის, სანათესავოც აფუსფუსდა. ვკეცავ ამ შარვალს და მაიკას, თან ვეხუტები და ვტირი – შვილო, არ დამიტოვო ეს ტანსაცმელი, გთხოვ შვილო, გთხოვ-მეთქი. დედა ხარ და გრძნობ. ვიღაცები მეუბნებიან, ფეხი აქვს მოტეხილიო, დაჭრილია და საავადმყოფოშია – უნდა მიმახვედრონ, მაგრამ პირდაპირ ვერ მეუბნებიან. ეს საღამოც ასე დაღამდა.

9-ში დილით ფანჯარა გავაღე, ოთახი გავანიავო-მეთქი. გავიხედე და დავინახე, რომ ეზოში ჩიტი მოსულა და მომკვდარა. ვიკივლე, ჩემი შვილი მომკვდარა-მეთქი. მოვიდა ყველა – სამეზობლო, სანათესავო. ეგონათ, რომ გავიგე უკვე. ჩემი სიძე, გოგოს ქმარიც ჯარისკაცია. ისიც გორში იყო. იმას ვურეკავთ, მაგრამ არ გვეუბნება. იცოდე რომ მკვდარია და 3-4 დღე არ მოგიყვანონ დედას შვილი?! მაგიტომ მიმალავდნენ. მე კი ვხვდებოდი, მაგრამ არ მინდოდა დაჯერება.

ცხელ ხაზზე ვრეკავთ და გვეუბნებიან, რომ გიორგი შაინიძე არ არის, გიორგი შავაძეაო, თუ შარაშიძეო, არ მახსოვს – გვარი არასწორად დაეწერეს. ასე დაღამდა 9 რიცხვი. გორში ბიძაშვილი მყავს, დავურეკეთ იმის ქმარს. ამ წუთას ვერ ჩავალ, ტყვიები წიწინებს, გათენდეს და დღისით წავალო. 10-ში, კვირა დილას ჩავიდა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნახა. მხარზე დედა ეწერა – ჩემი სახელი. მაგით იცნეს. სახეს ვინ დაანახებდა?! გაფუჭებული ჰქონდა.

იმ საღამოს 11-12 იყო საათი, რომ მოიყვანეს. 4 დღე გასული იყო, 3-4 დღეც მე გავაჩერე, მე-7 თუ მე-8 დღეს გავასვენეთ. ტანზე, ხელზე ვეფერებოდი, სახეს არ გვანახვებდნენ, დაბინტული ჰქონდა. ასე დასრულდა მისი ცხოვრება, – გვიყვება მანანა შაინიძე.

მანანა შაინიძე, გიორგი შაინიძის დედა

26 აგვისტოს, როცა ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, თანამებრძოლები, რომლებსაც გიორგის ქორწინება უნდა აღენიშნათ, მისი გლოვისთვის შეიკრიბნენ.

“მთელი ჯარი რომ წამოვიდა და წამოვიდა, ალბათ 1000 კაცი შეიკრიბა. სახლში სუფრა გავშალეთ – ზემოთ, ქვემოთ, ეზოში… ქორწილივით იყო. მერე ჩავრთე მუსიკები – გავგიჟდი, სიმწრისგან გავგიჟდი. შვილო, შენ ეს მუსიკა გიყვარდა, შენი საცოლე სახლშია, შენი ქორწილი უნდა ყოფილიყო, შენ სად ხარ-მეთქი. ვაიმე, მე რაც მაქვს გადატანილი, თოფით რომ მომდევდეს კაცი, მაინც არ ვიტყვი, რომ შენ გადაიტანე ის, რაც მე გადამიტანია“, – გვიყვება მანანა შაინიძე და თან ცრემლებს იწმენდს.

ის იხსენებს, როგორ ნერვიულობდა, როცა გიორგი პირველად წავიდა საზღვარგარეთ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის დაწყებიდან 3-4 თვეში. თუმცა, ეს მხოლოდ სასწავლო პროგრამა იყო გერმანიაში. ამის შემდეგ კაპრალი გიორგი შაინიძე NATO-ს სამშვიდობო მისიის ფარგლებში იმყოფებოდა კოსოვოსა და ერაყში.

„ერაყში არ მოკვდა, გერმანიაში არ მოკვდა და აგერ, ეზოში მოკვდა. ეზო ჰქვია საქართველოში რომ დაიღუპა, აბა რა ჰქვია?!“ – ამბობს დედა, რომელსაც საერთოდ არ უნდოდა მის შვილს სამხედრო სამსახური დაეწყო.

„მე ვეუბნებოდი, დედი, ვერ გაგიშვებ. არ გადაწყვიტო მაგ თემაზე არაფერი, ვერ გაგიშვებ-მეთქი. ამოვიწევ კაბის კალთას, ვიმათხოვრებ და ისე გაჭმევ, სხვანაირად თუ არ შემეძლება, ოღონდ ვერ გაგიშვებ-მეთქი. ერთი დღესაც, დილით ადგა და მეუბნება, დედიო, მეო, გადავწყვიტე და უნდა წავიდეო. რატომ-მეთქი და მთელი სოფელი წავიდა, ხომ ხედავ, მე რა ვქნა ოჩხამურშიო, მე რა ვაჟკაცი ვიქნებიო, ამდენი ბიჭები მიდიან და მე სახლში დავრჩეო, უნდა წავიდეო.

კაი დედი-მეთქი, ვუთხარი. წადი-მეთქი. თუკი ოჩხამურში ყველა ბიჭი წავიდა და აი, ყველა ბიჭები უნდა მოკვდეს ჯარში, შენც მოკვდი მათთან ერთად, თუ არ უნდა მოკვდნენ და ყველა უნდა დაბრუნდეს, შენც დაბრუნდები-მეთქი. დავულოცე გზა და წავიდა. ყველა დაბრუნდა და თვითონ ვერ დაბრუნდა“, – გვეუბნება მანანა შაინიძე.

დედის ინფორმაციით, გიორგი 2008 წლის ომის წინა ხაზზეც საკუთარი ინიციატივით წავიდა. მას სამხედრო ბაზაზე დარჩენა დაევალა, თუმცა მაინც გაჰყვა თანამებრძოლებს გორში.

„როცა მივიდა [სამხედრო ბაზაზე] ბიჭები მანქანებზე ისხდნენ და მიდიოდნენ, ამას ტოვებდნენ. დამრჩენებში იყო – ჯარს ხომ უნდა ეპატრონოს ვიღაცამ?! შენ აქ უნდა იყო, გიორგი, შენ ვერ წამოხვალო უთხრეს. რას ჰქვია მე დამრჩენებში ვიქნებიო, სადაც თქვენ მიდიხართ, მეც იქ მოვდივარო.

ეზოდან დაიწყო თურმე სამოქალაქო ტანსაცმლის გახდა. ის შარვალი, ბოტასი და მაიკა ახლობელი ბიჭი იყო ერთი, იმან გამომიტანა მეორე-მესამე დღეს: დედი, ასე დაეყარა ეს ტანსაცმელიო – დედის მიძახდა ისიც – შეახტა მანქანას და წავიდეო, ფორმა ნახევრად მანქანაში ჩაიცვაო. იქ უნდა ვიყო, სადაც ჩემი ბიჭები არიანო უთქვამს. შესვლამდე [გორშიო] ბიჭები ლაპარაკობდნენ, შენ წინ არ წახვიდეო, საცოლე დანიშნული გყავს, ქორწილი უნდა გქონდეს, უნდა იცოცხლოო. თქვენ უნდა იცოცხლოთ, რომ მეც ვიცოცხლოო. წავიდნენ, შევიდნენ და პირველად მას მოხვდა ტყვია. 8-ში დილით დაიღუპა, 6 საათზე“, – ამბობს მანანა შაინიძე.

ის გიორგის ბავშვობის ფოტოებს გვათვალიერებინებს და გვეუბნება, რომ გიორგის უმცროსი დის, ეკას შვილი ძალიან ჰგავს ბიძას. ეკა საბავშვო ბაღის აღმზრდელია, უფროსი და, ლალი კი პედაგოგი. ის ისტორიას ასწავლის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლაში, რომელიც ახლა გიორგი შაინიძის სახელს ატარებს. მანანა და დავით შაინიძეებს სულ 5 შვილიშვილი ჰყავთ.

შვილმკვდარი დედა მადლიერებას გამოხატავს ყველას მიმართ, ვისაც მისი შვილის ღვაწლი და სახელი არ დავიწყებია: უხარია, როცა 3 მარტს, დედის დღეზე შვილის სახელობის სკოლაში იწვევენ, ან რაიონულ თუ რეგიონულ ღონისძიებებს ესწრება, რომლებიც გიორგი შაინიძისა და აგვისტოს ომში დაღუპული სხვა მებრძოლების ხსოვნას ეძღვნება; მადლიერია, რომ 8 აგვისტოს შვილის საფლავზე ჯარისკაცებს, სახელმწიფო მოხელეებს და უცხო ადამიანებს ხედავს; მადლიერია ჟურნალისტების, რომლებიც მისი შვილის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ და ამით, მის სახელს მომავალ თაობებს უნახავენ.

„სასაფლაოზე ადგილი არ არის რომ დადგეს ადამიანი, იმდენი ხალხი მოდის. მოდიან, გვეფერებიან, ქედს იხრიან ჩვენს წინაშე. ამით მე შვილი არ გამიცოცხლდება, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ახსოვთ და აფასებენ. მეც მინდა, რომ სულ მასზე ვილაპარაკო, სულ მისთვის ვიყო“, – გვეუბნება გიორგი შაინიძის დედა.

საუბრის დასასრულს მანანა შაინიძიმემ გვითხრა, რომ სურს საქართველო გახდეს ისეთი ქვეყანა, რისთვის ბრძოლასაც შეეწია მისი შვილი – გამთლიანებული, მშვიდობიანი და თავისუფალი. ქვეყანა, სადაც ყველას ადამიანეს ექნება ცხოვრების ღირსეული პირობები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008