პროკურატურის ცნობით, აჭარაში საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობის დროს, მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა დაუშვა და ჩაჭრას ექვემდებარებოდა, ფულადი თანხა შესთავაზა გამომცდელს და სთხოვა, გაეგრძელებინა გამოცდა.
გამომცდელმა უარი განაცხადა თანხის აღებაზე, ელექტრონულ ბაზაში დააფიქსირა უარყოფითი შედეგი და მომხდარის შესახებ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს“ წერს პროკურატურა.
უწყება წერს, რომ შეტყობინების შემდეგ, „გადაუდებელი და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიმცემი პირი ბრალდებულად დააკავეს“.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






