ბეშუმში ტურისტული სეზონის პიკია. როგორც კურორტზე „ბათუმელებს“ უთხრეს, დამსვენებლებს კოტეჯების დაქირავება აქ დღეში საშუალოდ 100-200 ლარად შეუძლიათ. ფასი, ძირითადად, დამსვენებლების რაოდენობასა და პირობებზეა დამოკიდებული.
„ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა, რომლებიც კოტეჯებს აქირავებენ ბეშუმში და ჰკითხა, როგორია წელს სეზონი, არის თუ არა მთაში დამსვენებელი და რომელი ტურისტი უფრო სჭარბობს, – ადგილობრივი თუ უცხოელი?
აჩიკო ქედელიძე ამბობს, რომ წელს მის კოტეჯებში დასვენება 200 ლარიდან იწყება. აქვს 250 ლარიანი კოტეჯებიც.
„ჩვენი სახლები 2 ან 3 ოჯახს იტევს, ამიტომ დღეში 200-250 ლარის გადახდა რამდენიმე ოჯახს არ გაუჭირდება, ძვირი არ არის.
პატარა კოტეჯი 150 ლარადაც არის. გააჩნია პერიოდსაც, ყველაფერი რაოდენობაზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზეა დამოკიდებული“- ამბობს აჩიკო ქედელიძე.
ბათუმი-ახალციხის გზა წლებია დაზიანებულია და მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში მილიონობით ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან, გზის სრული რეაბილიტაცია მაინც არ მომხდარა.
როგორც კოტეჯების გამქირავებლები გვეუბნებიან, გზებზე ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა 4-5 კილომეტრიან მონაკვეთზე ისევ მიმდინარეობს სამუშაოები.
„ნებისმიერ ავტომობილს შეუძლია ამოსვლა ბეშუმამდე, გარკვეული მონაკვეთია, სადაც ისევ მიმდინარეობს სამუშაოები, სხვა მხრივ, მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
წყლის და შუქის პრობლემა ჩვენთან არ არის. ბავშვებისთვისაც არის გასართობი, შიდა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. პროდუქტების შეძენაც შეუძლიათ დამსვენებლებს აქ, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.
რაიმე ახალი თუ გაკეთდება, კარგი იქნება, თუმცა ნორმალური სიტუაციაა დასვენებისთვის“- გვითხრა აჩიკო ქედელიძემ.
მისი თქმით, ბეშუმში უფრო ადგილობრივი ტურისტები ისვენებენ და უცხოელები აქ იშვიათად ადიან.
ია თავართქილაძეც ბეშუმში აქირავებს კოტეჯებს. როგორც მან გვითხრა, მასთან კოტეჯის ერთი დღით ქირაობის ფასი 100-150 ლარია. „ფასი განისაზღვრება კომფორტის მიხედვით“ – გვეუბნება ია.
მისი თქმით, დამსვენებლები აგვისტოში უფრო მეტია, ვიდრე სხვა თვეებში, „ახლაც 3-4 აგვისტოზე არის მოთხოვნა, რადგან შუამთობის დღესასწაულისთვის უნდა ბევრს ამოსვლა“ – ამბობს ია თავართქილაძე.
მისი თქმით, კურორტის ინფრასტრუქტურა დამაკმაყოფილებელია. „შუქი რომ ჩაგირთონ, 190 ლარია გადასახდელი და ამ თანხას ვიხდით, სხვა მხრივ, სიტუაცია არის ნორმალური“ – გვითხრა მან.
ვესაუბრეთ გენადი დეკანაძესაც. კურორტის ინფრასტრუქტურას არც ის უჩივის. ამბობს, რომ წელს წყლის და შუქის პრობლემა მოგვარებულია.
„ჩემთან არის, ყოველ შემთხვევაში“ – გვითხრა მან.
გენადი დეკანაძის კოტეჯებში დასვენების ფასი 150-200 ლარია დღეში. „ადამიანების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება ფასი“- გვითხრა მან.
მისი თქმითაც ბეშუმში უცხოელი დამსვენებელი იშვიათია და უფრო მეტად ქალაქში მცხოვრები ადამიანები ისვენებენ.
კურორტზე არაერთმა პირმა გვითხრა, რომ კოტეჯები 25 აგვისტომდე უკვე გაქირავებული აქვთ.
ბეშუმი მაღალმთიან აჭარაში, ტრადიციულად, ყველაზე პოპულარული კურორტია, განსაკუთრებით ბავშვების დასვენებისთვის.






