პარლამენტში კითხვის დასმა ისჯება – ახალი წესით, დეპუტატისთვის არასასურველი კითხვის დასმის გამო, ჟურნალისტს პარლამენტში აკრედიტაცია შეიძლება შეუწყდეს“- აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
ჟურნალიტების დევნასთა დაკავშირებით, განცადება დღეს, 27 ივლისს გააკეთა ორგანიზაციამ.
„დეპუტატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაციები გააუქმეს ან/და საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტური საქმიანობა შეუზღუდეს კრიტიკული მედიის 15-მდე წარმომადგენელს.
ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აფერხებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების შესახებ“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის საქმიანობის სხვადასხვა ფორმით შეზღუდვას და ამისთვის სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების გამოყენებას.
„29 ივნისს, დეპუტატისთვის კითხვების დასმის გამო, პარლამენტში საქმიანობა 1 წლით შეუჩერეს „ტელეკომპანია პირველის“ საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, ნატალია ქაჯაიას. ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილისგან აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა მისი მეუღლე სააფთიაქო ქსელ „ავერსიდან“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირენელ კომისიაში, მას შემდეგ, რაც მაჭარაშვილი „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა.
23 ივნისს, აგრეთვე დეპუტატისთვის შეკითხვების დასმის გამო, პარლამენტში აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს. იგი „ოცნების“ დეპუტატებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმის შესახებ უსვამდა კითხვას.
22 ივნისს, იმავე მიზეზით, საპარლამენტო აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერეს აგრეთვე „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, მაკა ანდრონიკაშვილს. ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჰკითხა, თუ რა მისიით ჩამოდიან მათთან ჩეჩნეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, რამზან კადიროვის „დაჯგუფების“ წევრები და ჩამოაქვთ თუ არა მათთან ოქრო არალეგალური გზებით.
8 ივნისს, იმავე მიზეზით პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება 6 თვით აეკრძალა „ნოდარ მელაძის შაბათის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს. ჟურნალისტს „ოცნების“ დეპუტატებისგან აინტერესებდა, თუ რატომ არ აქვთ მათ ზოგიერთ თანაგუნდელს – მაგალითად, ეკა ჭიჭინაძეს – წარდგენილი პარლამენტში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მანამდე, მაისის თვეში, საპარლამენტო აკრედიტაციები ვადაზე ადრე გააუქმეს ონლაინგამოცემა „პუბლიკასა“ და საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებს. მათ საკანონმდებლო ორგანოში 4-4 აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავდათ. საპარლამენტო აკრედიტაციების გაუქმების მიზეზად ბოლო 10 კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების არყოფნა დასახელდა.
ამასთან, 26 ივნისს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის გასაშუქბელად, ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს არც ერთჯერადი საშვი მისცეს“.
რას გულისხმობს საპარლამენტო აკრედიტაცია?
საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტაციის ახალი წესი „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის თებერვალში შეიმუშავა, რის საფუძველზეც, მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში ქცევის წესები განუსაზღვრა. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში“ ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს. სწორედ აღნიშნული ნორმა აქცია „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკულ კითხვებზე თავის არიდების, აგრეთვე კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად. ნორმაზე მითითებით, ბოლო წლების განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერეს და საკანონმდელო ორგანოში საქამიანობა შეუზღუდეს კრიტიკული მედიის ათობით წარმომადგენელს.
საგულისხმოა, რომ 2026 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ეროპარლამენტმა ბრიტანეთის მხრიდან სანქცირებული პროპაგანდისტული, პროსამთავრობო „იმედს“ აკრედიტაცია ერთი წლით შეუჩერა, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესსაც გადახედავდნენ. რაც იმთავითვე კრიტიკული მედიისადმი მუქარად იქნა აღქმული. დაპირებიდან მალევე, დაახლოებით 1 თვეში, „ქართულმა ოცნებამ“ აკრედიტაციის წესი მართლაც შეცვალა და მისი დარღვევისთვის სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. კერძოდ:
აკრედიტაციის წესის განმეორებითი დარღვევისთვის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების 6-თვიანი ვადა 1 წლამდე გაზარდა.
„დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით“, საპარლამენტო აკრედიტაცია, შესაძლოა, არა მხოლოდ კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ იმ მედიასაც გაუუქმდეს, რომელსაც იგი წარმოადგენს.
პირველი დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით უჩერდება.
„გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, „წლებია, „ქართულ ოცნებას“ მიზანში ჰყავს ამოღებული დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია, რომელიც ამხელს ყველა იმ დანაშაულებრივ სქემასა თუ კორუფციულ გარიგებებს, რომლებთანაც მმართველი გუნდისა და მათთან დაკავშირებული პირების სავარაუდო ჩართულობა ან/და კავშირები იკვეთება.
„ოცნების“ გუნდს დისკოფორტს უქმნის ამგვარი თემების გარშემო დასმული ნებისმიერი კითხვა და მათზე პასუხების თავიდან არიდების მიზნით, ის კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად აქტიურად იყენებს მისი გავლენების ქვეშ მყოფ ინსტიტუციებს, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდნენ, პარტიული დანამატის ფუნქცია აქვთ შეთავსებული და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურში გვევლინებიან.
ჩინოვნიკებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი რიგითი მოქალაქეეების გადასახადებით ფინანსდებიან და ვალდებულნი არიან უპასუხონ მათ მიმართ არსებულ ყველაზე მწვავე კითხვასაც კი. ამდენად, დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოში არსებული ფორმალური წესების ბოროტად გამოყენება და მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კითხვების დასმის აკრძლვის ინსტრუმენად გადაქცევა.
დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში უწევთ პროფესიული მოვალების შესრულება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოში სრულფასოვნად მუშაობისა და კითხვების დასმის შესაძლებლობით სარგებლობა, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ მათთან სხვა ფორმატებში თანამშრომლობაზე, თავის მხრივ კი – ასევე „ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი კომუნიკაციების კომისია მათ ბალანსის დარღვევისთვის სოლიდურ ფინანსურ სანქციებს უწესებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოლიდარულია ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, რომელიც ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან შექმნილი მტრული სამუშაო გარემოს მიუხედავად, კეთილსინდისიერად ასრულებს მის მოვალეობას და ინარჩუნებს პროფესიულ ღირსებას“-აცხადებს „გამჭვირვალობა“.






