ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, 7 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი მსუბუქად დაშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
დღესვე, „მთავარის“ ინფორმაციით, კლინიკაში გარდაიცვალა კახეთში ავარიის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 26 ივლისს, ყვარელში, ალაზნის ხიდთან მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი და ქალი, რომელიც კლინიკაში დაიღუპა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
დღეს, კიდევ ერთი ავარია მოხდა ქუთაისი – ზესტაფონის გზაზე. ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულები ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.
ავარია ბათუმში მსხვერპლით დასრულდა გუშინაც – ტურისტების მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაიღუპა 2 ადამიანი.






